“უდანაშაულოდ იქნას ცნობილი ბრალდებული კახა კობერიძე და გათავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდან”, – ეს სიტყვები ცოტა ხნის წინ გაისმა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
ნაფიცმა მსაჯულებმა უმძიმესი საქმის არსებითი განხილვა ასეთი ვერდიქტით დაასრულეს და მამის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის ბიჭი 12-ვე ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად, უდანაშაულოდ სცნო. კობერიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ამ ფაქტს ოვაციებით შეხვდნენ ბიჭის ახლობლები.
დედა-შვილის შეხვედრის ემოციური კადრები სოციალურ ქსელში ახლობლებმა გაავრცელეს კიდეც.
ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. საქმე, რომელიც მსაჯულებმა განიხილეს, მიმდინარე წლის 11 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოხდა. იმ საბედისწერო დღეს 21 წლის ბიჭმა 50 წლის მამა დანით მოკლა. ბრალდებული ძალოვნებმა იმავე დღეს დააკავეს და მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. მთელი სასამართლო პროცესის მსვლელობისას პროკურატურა არწმუნებდა ნაფიც მსაჯულებს, რომ დანაშაული შორისძიების მოტივით იყო ჩადენილი, რომ ბიჭმა მამა განზრახ მოკლა და მის დასჯას ითხოვდა, თუმცა საპირისპირო პოზიციაზე იყო ბრალდებულის ადვოკატი – ზურაბ როსტიაშვილი. ის თავიდანვე დარწმუნებული იყო, რომ ბრალდებულის გამართლებას შეძლებდა. სწორედ ამიტომ აირჩია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და ძალიან დიდხანს არჩევდნენ ამ საქმისთვის ნაფიც მსაჯულებს, რომლებმაც დღეს უპრეცედენტო ვერდიქტი დადეს, ბიჭი სრულად ერთხმად გაამართლეს.
ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი:
– ემოციებში ვართ ახლა ყველანი, რადგან სამართალმა იზეიმა და დამტკიცდა, რომ კახა კობერიძეს განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია. 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად სცნო უდანაშაულოდ ჩემი დასაცავი და ის თავისუფალია. ბრალდებულ კახა კობახიძეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. არადა, მთელმა სოფელმა პირველივე დღიდან იცის, რომ კახა არის უდანაშაულო. დღეს პროკურატურა ერთი საათის განმავლობაში საუბრობდა ბრალის ირგვლივ. თავის დასკვნით სიტყვაში ირწმუნებოდა, თითქოს ეს იყო შურისძიების მოტივით ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ითხოვდა ბრალდებულის დასჯას. მე, მისი ადვოკატი კი ვამტკიცებდი, რომ ეს ასე არ იყო და მოვითხოვე მისი სრულად გამართლება. თითქმის 2 საათის განმავლობაში ვსაუბრობდი საქმის დეტალებზე. ცალსახად ჩანდა, რომ კახა კობერიძეს მამის მოკვლა არ უნდოდა. მომხდარი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილი დანაშაული იყო და საბოლოოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა კიდეც ჩვენი პოზიცია და 12-ვე მსაჯულმა გაამართლა ის.
ჩემი დასაცავი და მისი ძმა მამის ტერორის ქვეშ იზრდებოდნენ. მამამისი ჯოხით სასტიკად სცემდა შვილებს ბავშვობიდან. პრობლემა იყო სიმთვრალე, რომ დათვრებოდა ყველანაირად აგრესიული ხდებოდა. მიზეზი არ სჭირდებოდა ჩხუბის დასაწყებად. სცემდა ცოლს, სახლში ნივთებს ამტვრევდა, ხშირად ხმარობდა დანას და კობახიძეების სახლში გაუთავებლად იყო დავიდარაბა. ქუჩაში სხვებთანაც ჰქონდა კონფლიქტები, ეს ყველამ იცის. სიმთვრალეში იყო ძალიან აგრესიული, სიფხიზლეში კი – რადიკალურად განსხვავებული. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე გაბრაზებულმა წალდით სახლში სამზარეულოს ავეჯი დაჩეხა. მისი ყოველი დალევა ოჯახისთვის ტრაგედია იყო, რადგან აწიოკებულები იყვნენ. უმძიმესი ცხოვრება გამოიარა მისმა ცოლმა, რომელიც შიშით ელოდებოდა მის ყოველ დალევას და როგორც კი ის მთვრალი გამოჩნდებოდა, რომ არ ეცემა, ხან ერთ მეზობელთან იმალებოდა, ხან – მეორესთან.
იმ დღესაც დალია და მთვრალმა ატეხა ჩხუბი. კახას დაურეკეს, სასწრაფოდ მისულიყო სახლში, რადგან მამამისი ოჯახს აწიოკებდა – ცოლი ისევ გაქცეული იყო სახლიდან და ამის გამო გაგიჟდა, დალეწა ყველაფერი, თეფშებს ისროდა. ცოლს მოკვლით დაემუქრა. ის იძულებული გახდა, მეზობლის სახლიდან შინ დაბრუნებულიყო, დაბრუნებულს კი ისევ დაუწყო გინება და მოკვლა დაუპირა. ამის გამო ქალი ისევ გაქცა, მეორე შვილი, ნოდარი ისევ თავისი ცოლის სახლში მოსაყვანად გაუშვა მეზობელთან. უთხრა, მიდი მოიყვანე დედაშენიო. როგორც კი ნოდარი გავიდა ოთახიდან, ბრახუნის ხმა შემოესმა. აწ განსვენებულმა კარი დაკეტა, ნოდარი ფანჯარასთან მივიდა და იქიდან დაინახა, რომ მამამისი დანით ხელში იყო, კახას ორჯერ მოუქნია, მეორე მოქნევაზე კი კახამ დანა წაართვა. ამ დროს მამამისმა მაისურზე მოქაჩა და ბიჭს ახრჩობდა, მან კი თავდაცვის მიზნით მოიქნია მამისთვის გამორთმეული დანა და ამ დროს მიაყენა მას ჭრილობა. მამა მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. მართლა სრულიად უდანაშაულოა ეს ბიჭი, მთელმა სოფელმა იცის, რა ხდებოდა მათ სახლში.
მამის დაჭრის შემდეგ, კახა კობახიძე სასწრაფოდ წავიდა და მეგობრები მოიყვანა, რომ მოხმარებოდნენ, დაჭრილი მანქანაში გადაიყვანეს, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო.
ის ძალიან განიცდის მომხდარს, რადგან მამა ძალიან უყვარდა. იმის მიუხედავად უყვარდა, რომ ასეთი მოძალადე იყო. გარდაცვლილი სიფხიზლეში ძალიან კარგი პიროვნება იყო, მაგრამ დათვრებოდა და მერე იყო აგრესიული, დანით დადიოდა, რამდენიმე დანა ჰქონდა. იმ დღეს შვილმა თავი დაიცვა. ამ მდგომარეობამდე მამის საქციელმა მიიყვანა. 21 წლის პატიოსანი და შრომისმოყვარე ბიჭია კახა კობახიძე.
თავდაცვის უფლება არის უპირატესი და ადამიანი, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს იცავს, დამნაშავე არ არის. ჩვენ ეს დავამტკიცეთ დღეს, დავასაბუთეთ, რომ ეს არ იყო შურისძიებით ჩადენილი მკვლელობა, ბიჭს ყელზე ნაჭდევებიც ეტყობოდა, ექსპერტიზის დასკვნაში ესეც წერია და ესეც ადასტურებს, რომ თავს იცავდა. მამამისმა დანა ორჯერ მოუქნია, შემდეგ მან ხელი დაუჭირა, წაართვა და პროკურატურა ამბობდა, რომ თითქოს საფრთხე ამოწურული იყო და შეეძლო გაქცევა, მაგრამ რეალურად, არ შეეძლო, რადგან მამამ მოქაჩა და ყელში უჭერდა. მე ვამტკიცებდი, რომ არ იყო ამოწურული საფრთხე, თან ახლოს რამდენიმე მეტრში მამამისს კიდევ სხვა დანები ჰქონდა. ამ ჭიდილის დროს მიაყენა ორი ჭრილობა – ერთი იყო მუცელში, ღვიძლი დაუზიანდა და მეორე გულში მოხვდა, სისხლისგან დაიცალა, სასამართლოზე დაიკითხა მოკლულის ძმაც, რომელიც პოლონეთშია და ონლაინ ჩაერთო, მანაც განმარტა, რომ მისი ძმის ბრალი იქნებოდა მომხდარი და ითხოვა ბრალდებულის გამართლება. ძალიან უყვარდა კახას მამა, მიუხედავად იმისა, რომ მოძალადე მამა იყო. სიფხიზლეში ძალიან საყვარელი კაცი იყო, მაგრამ სიმთვრალეში იმდენად ცუდი ხდებოდა, რომ ყველას აწიოკებდა.
და, დადგა გამამართლებელი ვერდიქტი, ერთხმად, თორმეტივე მსაჯულმა მიიღო ეს გადაწყვეტილება.
ეს საბოლოოა, არ გასაჩივრდება. ასე რომ, ჩემი ბრძოლა პროკურატურასთან 12-ით ნოლი დასრულდა, ამ შედეგს ველოდი, რადგან ცალსახად ჩანდა ამ ბიჭის უდანაშაულობა.
(სპეციალურად საიტისთვის)
სხვა ახალი ამბები:
“ეს ამბავი მოახლოვებულმა მაიმუნის წელიწადმა გამახსენა”- რას წერს ლაშა ამირეჯიბი
“ზამთარი ვარდსა დააჭკნობს” – ოთო ბაზერაშვილის გენიალური შესრულება
“შესანიშნავი დედა-შვილი” – ეკა კახიანისა და ნინი ბადურაშვილის ვიდეო სოც. ქსელს იპყრობს