„ამოდენა თავხედობა რატომ გაქვს, რომ გგონია, ოდესმე ამისთვის მზად იქნები?!“ – რატომ უთხრა ეს სიტყვები პატრიარქმა გია ბუღაძეს

August 23, 10:37
0
11766

მხატვარი გია ბუღაძე ახალგაზრდობის წლებში სტიქაროსანი იყო. სამხატვრო აკადემიის სტუდენტი საღვთო ლიტურგიით იყო დაინტერესებული. სწორედ მაშინ გაიცნო უწმინდესი. გავა დრო და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სამჯერ სთხოვს ბუღაძეს ტაძრის მოხატვას, მაგრამ მხატვრისგან უარს მიიღებს.

ნახეთ, რა არგუმენტით უთხრა გია ბუღაძემ უწმინდესს უარი და რა პასუხი მიიღო ილია მეორისგან. მხატვარი ძველ დროს “პრაიმტაითან” იხსენებს;

გია ბუღაძე: – სიონში სტიქაროსნები ვიყავით მე და სოსო წერეთელი, თვითმფრინავის ერთ-ერთი გამტაცებელი. არანაირი სურვილი არ მქონდა სასულიერო პირი გავმხდარიყავი. მე მაინტერესებდა სახარების წაკითხვა და საღვთო ლიტურღიის შესწავლა. მინდოდა ამეხსნა, რას და რატომ ხატავდნენ ძველი რელიგიური მხატვრები. ჩემი სტიქაროსნობა შემეცნების გზა იყო.

გაითვალისწინეთ, 70-იანი წლები იყო, საბჭოთა რეჟიმი და ჩვენ – სოსო წერეთელს, თემურ ჩიხლაძეს – მამა თეოდორეს “კაგებე” დაგვდევდა. ზვიად გამსახურდია გადასახლებიდან ახალი ჩამოსული იყო. მას ვხვდებოდით. უწმინდესი ახალი მოსული იყო სიონში…

მერე სხვადასხვა დროს პატრიარქმა სამჯერ შემომთავაზა ტაძრის მოხატვა. სამივეჯერ უარი ვუთხარი.

რამდენადაც მახსოვს, სიონის მარჯვენა ექვტერის მოხატვა მთხოვა, ასევე ნაძალადევის ტაძრის, რომელიც მანამდე აბანო იყო და მესამე ეს იყო რაბათის ტაძარი ახალციხეში.

მთხოვდა, იქნებ გადამეწყვიტა და მაინც მთავაზობდა. მაგრამ უარს ვამბობდი, არ ვარ ამისთვის მზად-მეთქი. ამაზე კი ასეთი უცნაური პასუხი გამცა: ამოდენა თავხედობა რატომ გაქვს, რომ გგონია, ოდესმე ამისთვის მზად იქნებიო?! ძალიან საინტერესო პასუხი იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო მაგიტომ გცემთ პატივს-მეთქი, ვუთხარი. ალბათ ეწყინა კიდეც, არ ვიცი, მაგრამ ეგ არაფერი. მე გულწრფელი ვიყავი. ახლაც გულწრფელი ვარ.

მიმაჩნია, რომ იკონოგრაფია, ხატწერა – თეოლოგიის სფეროა და მხატვრობა არ არის. რელიგიური მსახურების ერთ-ერთი ფორმაა. ეს ამ სფეროში მომუშავე ადამიანმა უნდა აკეთოს. ხატწერა მხატვრის საქმე არ არის.

Cesko