მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მაიმუნების ზოგიერთი ჯიშის
და ადამიანების სოციალური წყობა ერთმანეთს ისე ჰგავს, რომ მაიმუნების ცხოვრების შესწავლით ადამიანთა საზოგადოების ბევრი თვისების შესწავლა შეიძლება. ერთ-ერთი ასეთი ჯიში – პავიანები ან გამადრილებია. თავის დროზე ისინი სოხუმის საშენში ბინადრობდნენ.
1978 წელს ამ საშენიდან გამადრილების რამდენიმე ოჯახი მეცნიერებმა ჩაასახლეს სოფელ შრომასთან ახლოს. აღმოჩნდა, რომ მაიმუნები მიგრაციას ვერ ეგუებიან და იმ ტერიტორიას, სადაც ჩაასახლეს, მუსრი გაავლეს: თუ სადმე რამე მწვანედ გამოიყურებოდა, ფესვიანად ამოძირკვეს და შესანსლეს. სიდუხჭირემ და შიმშილმა მაიმუნებს ცურვაც კი შეასწავლა. არადა მანამდე მეცნიერები თვლიდნენ, რომ მაიმუნებს წყლის ეშინოდათ. მდინარე გუმისთას ლაშქრობდნენ და სოფლებშიც კი გადადიოდნენ სარჩო საბადებლის ძიებაში. ახლომდებარე ტყიდან იქ მყოფი ცხოველები გააქციეს, გამრავლდნენ და ბუნების ბატონ-პატრონებად იქცნენ. ომმა ზოგი გაანადგურა, ზოგიც გაფანტა. მაგრამ ძალიან დამაფიქრებელია ის, რომ ომის შემდგომ წლებში, მაიმუნების გარდა, ტყიდან გარიყული სხვა ცხოველები დაბრუნდნენ.
ამ ადგილის მიმართ მაიმუნებს რაღაც უცნობი ქვეცნობიერი პროტესტი მაინც შერჩათ.
ადამიანებთან ანალოგიები თქვენ თვითონ მოძებნეთ. მე კი ინგლისელი პოლიტიკოსის და ფილოსოფოსის ლორდ ფრენსის ბეკონის სიტყვებს გავიხსენებ: „ადამიანი ზოგჯერ მართლა ემსგავსება მაიმუნს – რაც უფრო ზევით ძვრება, მით უფრო მეტ დემონსტრირებას უკეთებს საკუთარ უკანალს“.
ერიდეთ გამადრილურ პროვინციალიზმს და ბეკონისეულ ჩინოსნობას. აქ ჩამოსულს, თუ აქ დაბადებულს!
ლაშა ამირეჯიბი, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი
სხვა ახალი ამბები:
“ზამთარი ვარდსა დააჭკნობს” – ოთო ბაზერაშვილის გენიალური შესრულება