78 წლის ასაკში გამოჩენილი მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა

July 5, 13:25
0
46

78 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე. ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია.

1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი; 1974 წელს მის შესახებ გადაიღეს იაპონური დოკუმენტური ფილმი; 1975 წელს გადაღებულია ფინურ მხატვრულ ფილმში „სიბელიუსი“; 1990 წელს მან გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით მოღვაწეობს; 1992 წელს ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია.

ლიანა ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა; იგი ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა, სამი წლის ასაკში გახდა მევიოლინე; მისი შესრულება გამოირჩევა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობით, ვირტუოზულობით. მის რეპერტუარშია კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები; ქართველი კომპოზიტორების მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელია; არის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ბათუმის „ღამის სერენადების“ ორგანიზატორი.

მუსიკოს მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2016 წელი – ბათუმის საპატიო მოქალაქე; 2016 წელი – თბილისის საპატიო მოქალაქე; 1998 წელი – ღირსების ორდენი; მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის; 1979 წელი – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია; 1974 წელი – საქართველოს სახალხო არტისტი; 1970 წელი – სიბელიუსის სახელობის კონკურსი (ჰელსინკი), პირველი პრემია; 1970 – პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, მესამე პრემია (მოსკოვი); 1965 წელი – მარგარიტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის კონკურსი, პირველი პრემია (პარიზი); 1961 წელი – მუსიკოს-შემსრულებელთა საკავშირო კონკურსი, მეორე პრემია; 1957 წელი – ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი; 1956 წელი – რესპუბლიკის ფესტივალი, პირველი პრემია, საპატიო ნიშნის ორდენი.

Cesko