თბილისში კაცმა, მეუღლის გასაკონტროლებლად, სახლში ფარული ჩამწერი მოწყობილობები დაამონტაჟა – რა ინფორმაციას ავრცელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური?

0
40
63 Views

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამხილა მამაკაცი, რომელიც ფარულ მიყურადღებას ცოლის მიმართ ახორციელებდა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, ქ. თბილისში, 1991 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა მამაკაცმა, მეუღლესთან უთანხმოების გამო, მისი გაკონტროლების მიზნით, საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ტელეფონის დამტენის ფორმის ფარული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობა დენის წყაროსთან დააკავშირა, რომლის მეშვეობითაც ბრალდებული თავისი მობილური ტელეფონიდან ფარულად გადაღებულ კადრებს პერიოდულად ნახულობდა და კომპიუტერში ინახავდა. გარდა ამისა, ბრალდებულმა საძინებელი ოთახის ჭერში ფარულად აუდიო ჩამწერი მოწყობილობა დაამონტაჟა, რომლის ჩანაწერებსაც, ასევე, მეხსიერების ბარათზე ინახავდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 1990 წელს დაბადებული დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დაუყოვნებლივ ჩაატარა. კერძოდ, ამოღებული იქნა ფარული ჩამწერი მოწყობილობები და მათში არსებული მეხსიერების ბარათები. ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა მისი კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ფარული აპარატურის მიერ ჩაწერილი აუდიო და ვიდეო მასალა იქნა ნანახი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მამაკაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ ფაქტზე აგრძელებს გამოძიებას,“ -აღნიშნულია ინფორმაციაში.

Cesko