„ძმები ჩხაიძეების საბედისწერო გასეირნება…“ – სამეგობროს ტრაგედია, რომელმაც თბილისი შეძრა

0
6838
31 Views

ტრაგედია, 37 წლის წინათ, თბილისის ზღვაზე მოხდა. ხუთი მეგობარი: გიგი ხაბეიშვილი, გოგლიკო ჩოგოვაძე, ვახო დუჩიძე და ძმები – გოგიტა და კახა ჩხაიძეები იმ დღეს ბედისწერამ ზღვაზე მიიყვანა.

ცოტა ხნით ადრე მეგობრებმა იალქნიანი იახტა შეიძინეს. მოკლედ, 1985 წლის 27 მაისს ბიჭები საკუთარი იახტით ზღვაში შევიდნენ. მალე იახტა წყალში რაღაცას წამოედო და გაჩერდა. ამბობენ, რომ იახტა წყალში გადებულმა თევზსაჭერმა ბოძმა შეაკავა, რომელშიც დიდი ძაბვა გადიოდა. იმის გასარკვევად, თუ რა აფერხებდა იახტას, ბიჭები წყალში ჩახტნენ.

ჯერ ერთი ჩხაიძე ჩახტა, მას მეორე მიჰყვა, მერე გოგლიკო ჩოგოვაძეც შეუერთდა ძმებს… სამივეს დენმა დაარტყა. ბიჭები წყალში გარდაიცვალნენ. გიგი ხაბეიშვილიც წყალში მეგობრებთან ერთად გადამხტარა, დენს მისთვისაც დაურტყამს, მაგრამ იგი გადარჩა. ამბობენ, გიგის გულში კაფსულა ჰქონდა ჩადგმული, რომელმაც დენი გაატარა და ამან გადაარჩინაო.

„ასე ლაპარაკობდნენ, თორემ ტყუილია. ბავშვობაში 7 წლის ასაკში, გულის ოპერაცია მაქვს გაკეთებული. დენმა მეც დამარტყა. გათიშული ერთი თვე ვიწექი. მაგრამ გადავრჩი“, – ასე იხსენებს ამ ტრაგედიას გიგი ხაბეიშვილი. ვახო დუჩიძე წყალში არ გადამხტარა. შესაბამისად, იგი ხუთი მეგობრიდან, გიგის შემდეგ, მეორეა, რომელიც ტრაგედიას გადაურჩა.

 

სამეგობროს ტრაგედია

ხუთივე 55-ე სკოლელი იყო. დიდი სამეგობრო ჰქონდათ. მათ თაობაში შედიოდნენ ძმები გაჩეჩილაძეები. ბიჭები სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდნენ. გიგი მოთხილამურე იყო, ძმები ჩხაიძეები კალათბურთელები. იმ დღეს იახტით გასეირნებას არ აპირებდნენ. სხვადასხვა გეგმები ჰქონიათ, გოგლიკო ჩოგოვაძე საფრანგეთში სასწავლებლად უნდა გაფრენილიყო. მაგრამ გეგმა ჩაშლია და ზღვაზე აღმოჩენილან.

გიგი, სოლიკო ხაბეიშვილის შვილი გახლავთ, გოგლიკო, ირაკლი ჩოგოვაძის (ყოფილი ეკონომიკის მინისტრი) ძმაა. გოგლიკოს მშობლები ტრაგედიის დროს საფრანგეთში იყვნენ. მამა, გოჩა ჩოგოვაძე, წლობით საფრანგეთის ელჩი იყო (ახლა იუნესკოში მუშაობს).

„გოგლიკოს შეყვარებული ნინო სუხიშვილი იყო. იმ დროს, როგორც მე ვიცი, ნაჩხუბრები იყვნენ“ – ისტორიას აცოცხლებს ელენე ჩხაიძე, კახა ჩხაიძის შვილი.

ბიჭები სტუდენტები იყვნენ, გოგიტა ჩხაიძე 20 წლის იყო, მისი ძმა, კახა 19-ის. ერთი ისტორიის ფაკულტეტზე, მეორე სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. ძმები ისტორიკოსების ოჯახიდან იყვნენ. მათი მშობლები გურამ ჩხაიძე და ია ჩიჩუა გახლავთ. გოგლიკო ჩოგოვაძე ჩხაიძეების ბაღელი, ჯგუფელი, კლასელი და მეზობელი იყო.

„ფაქტობრივად, დედაჩემმა სამი შვილი დაკრძალა ერთ დღეს“ – ამბობს ელენე.

ბედად გადარჩენილი ვახო დუჩიძე ერთი თვის განმავლობაში საერთოდ ვერ ლაპარაკობდა. გიგი ხაბეიშვილს ამნეზია დაემართა. მომხდარ ფაქტამდე ორი დღით ადრე და შემდეგი ათი დღე რა მოხდა, არ ახსოვდა.

ძმების მამას ეტყობა გულმა უგრძნო და ზღვაზე ასულა. სამწუხაროდ, შვილები 5 წუთის გარდაცვლილები დახვდა. სამი ახალგაზრდის გარშემო უკვე ხალხი იყო შემოხვეული. დაღუპულების ოჯახებს არ უჩივლიათ, ან რა აზრი ჰქონდა? 20 წლის ბიჭებს ამით ვერავინ გააცოცხლებდა. სამოქალაქო პანაშვიდები იმართებოდა. როგორც ამბობენ, ჭავჭავაძის გამზირზე ჩხაიძეების და ჩოგოვაძეების სახლის წინ, ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. სამივე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. ძმები ერთად, გოგლიკო კი მათ მახლობლად.

ამ თემაზე საუბარი დღესაც არავის უნდა. ეს ამბავი გასაიდუმლოებულიც იყო, ყველა ერიდებოდა მის მოყოლას და გახსენებას. 80-იან წლებში ტრაგიკული შემთხვევები ხშირი არ იყო.

ელენე ჩხაიძე: „დედაჩემიც ამბობს, ეკლესიაში შვილმკვდარი დედები სულ რამდენიმე ვიყავით და ახლა ძალიან მოვმრავლდითო. დედას დღემდე ძაძები აცვია. უკვე 70 წლისაა.“

იახტა წლების განმავლობაში ეგდო ზღვაზე. იახტკლუბის პრეზიდენტი ილო ფერაძე იყო. „ჩხაიძეების დედა ჩემი კლასელი იყო. ამ ტრაგედიის დროს იქ ვიყავი, საავადმყოფოში მივიყვანეთ ბავშვები. მე ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ“ – მითხრა ბატონმა ილომ.

ჩხაიძეების მამა 7 წლის წინ გარდაიცვალა. გურამ ჩხაიძეს მუდმივად გულის შეტევები ჰქონდა. ვაჟების გარდაცვალების შემდეგ თავის მოკვლაც უცდია…

 

საიდუმლოდ დაბადებული

ელენე ჩხაიძე 12 დეკემბერს მოევლინა ქვეყანას. მისი დაბადების ისტორია კიდევ უფრო გასაიდუმლოებული იყო, ვიდრე ეს ტრაგედია. გოგონას დაბადებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია იყო. ამბობდნენ, რომ უკრაინელი, პოლონელი თუ რუსი გოგონა კახა ჩხაიძისგან შვილს ელოდა. როდესაც ტრაგედია დატრიალდა, გოგონა ბავშვის მოშორებას აპირებდა. მაგრამ კახას მეგობრებმა მას ამის ნება არ მისცეს – იქნებ გაუბედურებული ოჯახი გადავარჩინოთო და როდესაც ელენე დაიბადა, იგი მაშინვე ჩხაიძეების ოჯახში მიიყვანეს.

„ალბათ, ჩემ ოჯახს მშველელად მოვევლინე. ამიტომ მაღიარეს მშობლებმა, გურამმა და იამ კახას შვილად და არა მის დად. ჩემთვის სხვა სახელის დარქმევა უნდოდათ, მაგრამ დედას კახა დაესიზმრა, ბავშვს ელენე დაარქვიო. სხვათა შორის, გოგლიკო ჩოგოვაძეც 12 დეკემბერსაა დაბადებული“ – იხსენებს ელენე.

ელენეს პასპორტში კახას ასული უწერია. თუ ელენე მართლა კახას შვილია, გამოდის, რომ იგი ბებიამ და ბაბუამ გაზარდა. თუმცა გოგონა მათ მშობლებად მოიხსენიებს, კახას და გოგიტას კი ძმებად.

„მე ჩემ ძმებს არ ვიცნობდი, მაგრამ დედამ და მამამ მათი დიდი სიყვარული ჩამინერგეს. სულ მესმოდა, კახა მამაშენიაო. მეც ასე მივიღე და დღემდე ამ შეგნებით ვცხოვრობ. უცნაურია, არა? ლოგიკურად ჩნდება კითხვა, დედა სად არის?“

ყოველ ახალ წელს ია ჩიჩუა შვილების სასაფლაოზე ხვდება. რაც ელენე წამოიზარდა, ისიც უერთდება დედას.

ელენე ჩხაიძე: „ჩოგოვაძეებიც იქ არიან 31 დეკემბერს, გოგლიკოს საფლავზე. დედა სასაფლაოზე ყოველ კვირას დადის. ჩვენთვის ძალიან წმინდა ადგილია ეს საფლავი. მე არასდროს დამინახავს დედის თვალზე ცრემლი. ჩემი თანდასწრებით არ უტირია, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ სასაფლაოზე გავიზარდე. ეტყობა, ცუდად რომ არ ჩამრჩენოდა. დღემდე დადიან ძმების მეგობრები ჩხაიძეებთან სახლში. არაფერს ტოვებენ, არც გიორგობას, არც დაბადების დღეებს… ხშირად დადიან სასაფლაოზე.

დღეს გიგი ხაბეიშვილს მეცხრე საავადმყოფოში გულის კლინიკა „გული“ აქვს გახსნილი. ვახო დუჩიძეს კი თავისი გამომცემლობა აქვს.

„სადაც არ უნდა წავიდე, ეს ისტორია ყველგან მხვდება, ყველამ იცის და აინტერესებს. მთელი ცხოვრება მომყვება… ყველას მუდმივად აინტერესებდა ჩემი ისტორია – ვინ ვიყავი, ვინ იყვნენ ჩემი მშობლები? ახლა უკვე ცხოვრებას მარტივად ვუყურებ და არ ვიძაბები. საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, ჩემი აზრი გამაჩნია და ცუდია თუ კარგი, ჩემს გადაწყვეტილებას ვენდობი და მივყვები ბოლომდე. ზოგჯერ ამართლებს, ზოგჯერ – არა. ახლა ბედნიერი ვარ, მყავს ჩემი ოჯახი.“

წყარო: primetime.ge

სხვა ახალი ამბები:

“ზოგი ზრდასრული იყო, ზოგიც – ბავშვი…” – ისრაელის ერთ-ერთ კიბუცში 100-ზე მეტი გვამი იპოვეს – დეტალები

 

ყაზახი ვანგა მსოფლიოს უდიდეს ქვეყანას უბედურებას უწინასწარმეტყველებს

🎥 “ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე გადაღებული ვიდეო” – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

192 ათას მოქალაქეს შესაძლოა ხელფასი გაეზარდოს

„ცხოვრებაში პირველად შემეშინდა… ვიკითხე, ჟანგბადი რამდენ ხანს მეყოფოდა… ომში აღმოვჩნდი“ – ზვიად გამსახურდიას ყოფილი რძალი

 

„ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს!!!“ – ისრაელთან დაკავშირებით ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება ვრცელდება

ლონდონში ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის, ინა გუდავაძის £10 მილიონიანი სახლი დაიწვა

 

🎥 “ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე გადაღებული ვიდეო” – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

 

“ნაცებო,ფსევდო ლიბერალებო,თქვენ, სულწაწყმედილო ბიო მასავ, ეს გინდათ საქართველოსთვის???…”- რას წერს ლალი მოროშკინა

 

Cesko