„თბილსერვის ჯგუფში“, რომელსაც დედაქალაქის დასუფთავება ევალება, 2021 წლის მონაცემებით, 4992 ადამიანი მუშაობდა, მათგან მეეზოვე იყო მხოლოდ 2924, დანარჩენი თანამშრომლები კი, ძირითადად, საოფისე საქმეს ასრულებდნენ სხვადასხვა დეპარტმანეტში.
თბილისის მერმა კახა კალაძემ 29 აგვისტოს საღამოს, თბილისში მოსული წვიმის შედეგად ქუჩების დატბორვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სანიაღვრე ჭების ნაგვით გავსება დაასახელა.
„იყო კონკრეტული ადგილები, რომლებიც გადავსებული იყო, ნაგვით, არ ვიცი საიდან ამდენი ნაგავი, იყო სანიაღვრე არხები, რომლებიც ატარებდა ჩვეულებრივ”, – განაცხადა კალაძემ.
29 აგვისტოს სტიქიამდე რამდენიმე დღით ადრე, 25 აგვისტოს, აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 2020-2021 წლის ანგარიში, სადაც არაერთ პრობლემაზეა საუბარი, მათ შორის, არამიზნობრივ ხარჯებზე, ზეგანაკვეთური ანაზღაურების პრობლემაზე, საწვავისა და ახალი ავტომობილების გაუმართლებელ ხარჯებზე.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის მთავრობამ დააფუძნა და მისი მოვალებაა დედაქალაქის დასუფთავება, სანიაღვრე კოლექტორების მოწესირგება და ა.შ.
აუდიტის სამსახურის ანგარიშში მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ სამსახურებრივი მიზნებით გამოყენებული ავტომობილებისთვის გაწეული ხარჯების კრიტიკას.
„გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა არაგონივრულად მაღალია და მათი მოვლა-შენახვისთვის არარაციონალურად იხარჯება კომპანიის ფულადი სახსრები“, — აცხადებს აუდიტის სამსახური.
„თბილსერვის ჯგუფმა“ აუდიტის ანგარიშის პასუხად მხოლოდ მოკლე განმარტება გამოაქვეყნა თავის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე, სადაც წერია:
„რაც შეეხება ავტომანქანების შესყიდვას, ზოგადად, როდესაც ამორტიზებული ან გაუმართავი ავტომანქანების შეკეთებისა და მოვლა-პატრონობის ხარჯი სცილდება საბალანსო ღირებულებას, საჭირო ხდება ახლით ჩანაცვლება. ავტომანქანებისა და სპეცტექნიკის შეძენა მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე ხდება.“
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს თბილსერვისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად სარგებლობდა კომპანიის კუთვნილი 117 ერთეული და დასაქმებულთა კერძო საკუთრებაში არსებული 716 მსუბუქი ავტომანქანით. მიუხედავად ამისა, 2021 წელს თბილსერვისმა შეისყიდა 36 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, ჯამური ღირებულებით − 1.9 მილიონი ლარი.
მათშორის, ერთი მსუბუქი ავტომანქანა−KIA K5, რომელიც შესყიდულია 92.6 ათას ლარად, გადაეცა თბილსერვისის დირექტორს. 4 ერთეული MITSUBISHI L200, თითოეულში გადახდილია 80.8 ათასი ლარი, აქედან 3 ერთეული გადაეცა დირექტორის მოადგილეებს, ხოლო ერთი − სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსს. 1 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი (KIA SPORTAGE) შეიძინეს 76.2 ათას ლარად, რომელიც გადაეცა საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სამსახურის უფროსს.
აუდიტის სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ მითითებული პირები სამსახურებრივი საჭიროებისთვის სარგებლობდნენ კომპანიის საკუთრებაში არსებული სხვა მანქანებით. კერძოდ, დირექტორზე გადაცემული იყო 2 მანქანა − SUZUKI GRAND VITARA და KIA OPTIMA, დირექტორის მოადგილეებზე − MITSUBISHI L200 და HYUNDAI ELANTRA, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსზე − TOYOTA HILUX, ხოლო საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სამსახურის უფროსზე − KIA SOUL. გარდა ამისა, 5 ერთეული ახალი ავტომანქანა − KIA PICANTO, ჯამური საბალანსო ღირებულებით − 193.1 ათასი ლარი, გადაეცა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას.
„თბილსერვისმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები, თუ რა აუცილებელი საჭიროებით იყო გამოწვეული 2021 წელს ახალი მანქანების შესყიდვა, როდესაც საწარმოს ხელმძღვანელი პირების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოიყენებოდა სხვა მანქანები.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს თბილსერვისში დასაქმებულთა რაოდენობა მაქსიმუმ 4993 ერთეული იყო, აქედან 2924 მეეზოვე-დამგველია, ხოლო დანარჩენი პირები დასაქმებული იყვნენ ადმინისტრაციულ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, ფინანსური უზრუნველყოფისა და მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღების დეპარტამენტში, ქონების მართვის დეპარტამენტში, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების სამსახურში, პროტოკოლის სამსახურში და სხვა.
შესაბამისად, გაურკვეველია, რა საჭიროებითაა გამოწვეული ჯამში 869 ერთეული მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენება, დაახლოებით, ყოველი მე-2 დასაქმებულისთვის, რომელთა უმეტეს ნაწილს საოფისე ფუნქციური დატვირთვა აქვს და მათი საქმიანობა არ უკავშირდება ოფისის გარეთ, სხვადასხვა ლოკაციაზე ვიზიტებს“, — წერია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის სამსახური ასევე გაუმართლებლად მიიჩნევს აღნიშნული ავტომობილის საწვავის ხარჯს.
დოკუმენტის მიხედვით, 2020-2021 წლებში თბილსერვისმა დახარჯა 17.8 მილიონი ლარის ღირებულების საწვავი.
აუდიტის სამსახურმა შეისწავლა სამორიგეო ავტომობილებსა და სპეციალურ ტექნიკაზე საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია, მათ შორის აგაი სისტემისა და საბარათე სისტემის მონაცემები. შედეგად, გამოიკვეთა, გარემოებები, რომლებიც წარმოშობს არაავტორიზებულ ავტომანქანებში საწვავის ჩასხმისა და მისი არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს, კერძოდ, აუდიტის ანგარიშში წერია:
რიგ შემთხვევებში, სამორიგეო ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. კერძოდ, 2020-2021 წლებში გამოვლინდა 16 სატრანსპორტო საშუალებაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 24 შემთხვევა. ამ ავტომანქანებში ჯამურად სულ ჩასხმულია 1.527 ლიტრი საწვავი;
ავტოსატრანსპორტო საშუალებებში საწვავი ავზის მოცულობასთან შეუსაბამოდ არაერთგზისაა ჩასხმული, დროის მცირე მონაკვეთში;
მუნიციპალური შპს-ის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა თბილსერვისის მიერ სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები. გამოვლინდა, რომ აგაი სისტემის კონკრეტული ავტომანქანისათვის განკუთვნილი პერსონალური ჩიპი მყარად არ იყო დამაგრებული 8 ავტომანქანაზე. შესაბამისად, შესაძლებელია ჩიპის შეუსაბამო გამოყენება სხვა მანქანებზეც;
აუდიტის სამსახური ასევე წერს, რომ „თბილსერვის ჯგუფმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები და არგუმენტები იმისა, თუ რა აუცილებელი საჭიროებითაა განპირობებული სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად 869 ერთეული მსუბუქი და მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა. შესაბამისად, გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა არაგონივრულად მაღალია და მათი მოვლა-შენახვისთვის არარაციონალურად იხარჯება კომპანიის ფულადი სახსრები.
გარდა ამისა, ტრანსპორტის ექსპლოატაციის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივ გამოყენებას. კერძოდ, აგაი სისტემის არსებული მეთოდით გამოყენება, მათ შორის, ავტომობილის ავზიდან დამაგრებული ჩიპის მოხსნისა და გადაადგილების შესაძლებლობა, ერთჯერადად ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები წარმოშობს არასამსახურებრივი ავტომობილების საწვავით გამართვის რისკებს.“
ბოლო ამბები:
გამოქვეყნდა სრული ვიდეო თუ რა მოხდა დნიპროში პოლიციელებსა და მოკლული 38 წლის სილაგავას შორის.