სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, სულ მცირე, 2025 წლის ბოლომდე კომუნალური ტარიფების გადახედვა დაგეგმილი არ არის.
„რამდენიმე წლიანი ტარიფები გვაქვს დადგენილი, როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში. სულ მცირე, 2025 წლის ბოლომდე ტარიფების გადახედვა დაგეგმილი არ არის“, – ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ Business Insider Georgia-ს განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის და საქართველოს რეგიონებისთვის ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფები 3 თეთრით შემცირდა. ახალი ტარიფები 2024 წლის პირველი იანვრიდნ ამოქმედდა.
ამასთან, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი)ლარის ნაცვლად განისაზღვრება 1.29 (ერთი ლარი და 29თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. თუმცა ბუნებრივი გაზის ფასი არ შეცვლილა საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ტარიფი კვლავ 0.539708 ლარია ერთ კუბურ მეტრ გაზზე.
2024 წლის 1-ელი იანვრიდან გაიზარდა შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის წყალმომარაგების არასაყოფაცხოვრებო ტარიფები. სემეკის გადაწყვეტილების შესაბამისად, ქ. თბილისსა და ქ. მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი განისაზღვრა 8.807 ლარი/კუბ.მ-ით, ხოლო ქ რუსთავში – 6.500 ლარი/ კუბ.მ-ით. წყალმომარაგების კომპანიისთვის დადგენილი ტარიფები ძალაში იქნება 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.