მიხეილ ლომთაძემ ყაზახეთში 1,8 მილიარდი დოლარი დაკარგა

0
610
27 Views

ყაზახეთში განვითარებული მოვლენების ფონზე მიხეილ ლომთაძის ქონება $1.8 მილიარდით შემცირდა.

ფორბსის მიხედვით, წარმოშობით ქართველი, ყაზახეთში მომუშავე ბიზნესმენის ქონება ერთ დღეში 34.4%-ით, $3.4 მილიარდამდე შემცირდა და ამჟამად ლომთაძე უმდიდრესი ადამიანების სიაში 956-ე ადგილს იკავებს.

მედია წერს, რომ ყაზახეთში მომხდარი არეულობის პარალელურად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე მსხვილი ყაზახური კომპანიების აქციების ფასი დაეცა. მათ შორის, ყველაზე დიდი დანაკარგი სწორედ ლომთაძის კასპიზე მოდის. 5 იანვარს კომპანიის აქციები ყველაზე მეტად, 30%-ზე მეტით, ხოლო ჰალიკ ბანკის აქციების ფასი თითქმის 20%-ით შემცირდა.

ამავდროულად, ურანის უმსხვილესი მომპოვებლის, NAC Kazatomprom JSC-ის აქციები ლონდონში 7%-ით დაეცა. პარალელურად, ურანის ფასი 8%-ით გაიზარდა და $45.25 შეადგინა.

მიხეილ ლომთაძე რამდენიმე დღეა, აღარ იძებნება ბლუმბერგის  მილიარდერების სიაში. უმდიდრესი 500 ადამიანის ჩამონათვალს ის გასული წლის მეორე ნახევარში შეუერთდა. ნოემბერში ლომთაძემ სია პირველად დატოვა, თუმცა 500-ეულს მალევე დაუბრუნდა.

მიხეილ ლომთაძე კასპის, ყაზახეთში უმსხვილესი გადახდისა და ფინტეჩის  ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორია.

კომპანია ახორციელებს ონლაინ გადახდის, შოპინგისა და პირადი ფინანსების მომსახურებას ყაზახეთსა და აზერბაიჯანში.

კასპი საჯაროდ ვაჭრობს ლონდონში. 2020 წელს კომპანიას დაახლოებით $6.7 მილიარდის აქტივები ჰქონდა.

ყაზახეთში გაზის გაძვირების გამო საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს დაიწყო. მასობრივი პროტესტის ფონზე მთავრობა გადადგა. ამჟამად შეიარაღებული დაპირისპირებაა ქალაქ ალმათის მთავარ მოედანზე, სადაც 50-მდე სამხედრო ტექნიკაა განთავსებული, მათ შორის, ჯავშანტრანსპორტი და სამხედრო სატვირთო მანქანები შეიარაღებული უსაფრთხოების ძალებით.  რუსული მედიის ცნობით, ადგილზე 200-მდე შეიარაღებული დემონსტრანტია.

ფორმულა

Cesko