ინტერვიუ პოლიტოლოგ დავით ჩხარტიშვილთან:
-მიილია რთული, 2021 წელი, როგორ შევა ის ისტორიაში? რა შეგრძნებები დაგვრჩა იმ წლიდან, რა ემოციები, იმედები და აზრები დაგვიტოვა? სტაგნაცია, გახლეჩილი საზოგადოება და პანდემია. ისევ და ისევ დაკარგული აფხაზეთი და ცხინვალი, რომლის დაბრუნებას ჯერ-ჯერობით პირი არ უჩანს. მსოფლიო კი, ახალი გადანაწილების მომლოდინე რეჟიმშია. ყოველივე ამის შემხედვარე, რას გვიქადის ახალი წელი ჩვენ?
ახლახანს ხუთი სახელმწიფო შეთანმხდა, რომ ბირთვული ომი დაუშვებელია; „ჩვენ მტკიცედ გვაქვს განზრახული, ვაწარმოოთ კონსტრუქციული დიალოგი ურთიერთპატივისცემისა და უსაფრთხოების საკითხებში ერთმანეთის ინტერესთა თუ შეშფოთებათა აღიარების საფუძველზე“. წინ ამ დეკლარაციას, პუტინის ულტიმატუმი უსწრებდა და იცით ეს რას ნიშნავს? რომ ის წითელი ხაზები რომლებიც დააწესა რუსმა, ზედმიწევნით შესრულებული იქნება და წყალი არ გაუვა ამას. ანუ ის ილუზია, რომლითაც კვებავდნენ საქართველოს ამდენი წელიწადი და ამხელა რუხმა მასამ კარიერა მაგ სისულელეების ძახილით აიწყო, მორჩება. ეს კი თავის მხვრივ, სრულად ცვლის ქართულ პოლიტიკურ და მედიურ სურათსაც. საქმე ახლა რაშია, ჩვენ ოცდაათი წელია რაც მიბმული ვართ ერთ ვექტორს და მაგ დოგმას, რომელიც პირველად ირაკლი წერეთელმა წამოიძახა მიტინგზე, ვგონებ კიდეც მთვრალი იყო მაგ დროს. ჰოდა მას მერე, ფაქტობრივად ვაშინგტონიდან ინიშნებოდა ყველა პირველი პირი, ასევე ამერიკის საელჩოს მხრიდან სრულად კონტროლდებოდა ქართული მეინსტრიმული მედიის დისკურსი. ვინც არ უნდა ყოფილიყო სათავეში, ბოლო სიტყვა ეკუთვნოდა ამერიკის ელჩს. სწორად გამიგეთ, მე არ ვამბობ რომ დღეიდან, რუსეთის ელჩის პრეროგატივა იქნება, რა თქმა უნდა არა! უბრალოდ საქართველო, პირველად მისი 30 წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში გახდება ე.წ. „სუვერენული დემოკრატია“, რომელშიც გადამწყვეტი როლი ექნება სუბსიდიარულობის პრონციპს და საგარეო პოლიტიკა იქნება საშინაოს გაგრძელება, და არამც პირიქით, როგორც ეს დღემდე ხდებოდა. აქ ზვიადის პერიოდს არ ვგულისხმობ, ეს ცალკე განხილვის თემაა, საერთოდ ანაქრონიზმია და პირველქმნილი ტრავმის არ იყოს, მაგ დროიდან ძალიან ბევრი პრობლემა მოგვსდევს, განსაკუთრებით ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებაში. მოკლედ, ამაზე ცხადყოფს თუნდაც „ოცნების“ ლიდერშიპის ბოლოდროინდელი განცხადებები. გადაწყეტილება მიღებულია, საქართველო უარს ამბობს ითამაშოს პაიკის როლი სხვა სახელმწიფოების საცივილიზაციო დაპირისპირებებში. ფართო ფენებიდან განსხვავებით, რომლებშიც ჯერ კიდევ ცოცხლობს ის ილუზია რომ შტატები, 90 -იანი წლების დროინდელი უკონკურენტო ზესახელმწიფოა, თემაში ჩახედულებს კარგად ესმით რაც ხდება და თუ რა ტიპის „კულტურული ომები“ მიმდინარეობს იქ. ასევე, რა გამოწვევების წინაშეა თავად საქართველო და ისიც, რომ ამდენი ტექტონიკური ძვრის შემდეგ, რაც ამ გაუაზრებელ პოლიტიკას თან სდევდა, და რომლის პიკი მაგალითისვის, სააკაშვილის სიგიჟეები იყო, კიდევ ერთ ასეთ ბიძგს ჩვენი სამშობლო ვეღარ გაუძლებს. შეიძლება მართლაც სამუდამოდ დავკარგოთ აფხაზეთი და ცხინვალი, დანარჩენ საქართველოში სეცესიურ პროცესებზე რომ აღარ გავამახვილო ყურადღება.
მერედა, კარგად უნდა გავითავისოთ; საქართველოს გარდა, არავის აწყობს აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნება ქართულ იურისდიქციაში. რუსეთი ამითიც კმაყოფილია და არსად ეჩქარება, იქ მშვენივრად იციან რომ ნატო ზღაპარია, „გირჩის“ და ქაცარავასნაირი პატრიოტების კულბიტები კი მათში ღიმილის მეტს არაფერს იწვევს. ე.წ. დასავლეთს კი ეს სტატუს-ქვო აწყობს, როგორც მუდმივი დაძაბულობის კერა დაპირისპირებაში რუსთან. ვრჩებით ჩვენ აქ, ჩვენი საბავშვო ბაღის თამაშებით პოლიტიკაში და უვიცობით მედიაში. ასე რომ ჩათვალეთ, რომ ახლა რასაც გეუბნებით სათადარიგო გეგმის მონახაზია, რომელსაც ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ქართველი, უემოციოდ უნდა მიუდგეს. პარალელურად კი საგანმათლებლო საქმიანობის გაღრმავებას უნდა მივხედოთ ამ წელს; ამ კუთხითაც არანაკლები კატასტროფაა. მთელი ეს სააკაშვილის დროინდელი განათლების რეფორმა ხომ სრული პროფანაციაა უკვე შედეგებითაც სჩანს. ვიწროსპეციალობა და „გუგლით“ მოპოვებული „ინფოები“, რომლის ტრანსფორმაცია ცოდნად ვერ ხერხდება იმის გამო, რომ ელემენტარული საბაზისო საგნები არ ესმის ახალგაზრდებს. ეს უვიცობა კი, საღდება „ევროპულობად“, რომელიც „მიშიზმში“ ბუნებრივად გადადის. აქედან, ამდენი წერა-კითხვის უცოდინარი კეკელკა ტელეეკრანზე „ფსიქოლოგის“ როლში, სოციალურად უპასუხისმგებლო პირი „მორალურ ავტორიტეტად“, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ჯამბაზები „პატრიოტის“ როლში და ა.შ. მოკლედ, მთელი ამათი ნაქები ევროპულობა „კარგო-კულტია“ სინამდვილეში-თქო. თემა როგორც ხედავთ ვრცელია, მთელი კულოტუროლოგიული კვლევა შიძლება დაიდოს, ამიტომაც ერთსაც დავსძენდი საგაზეთო ფორმატის შესაბამისად და დანარჩენი სხვა დროს იყოს: პრუსიამ ნაპოლეონთან ომში სხვა ბევრ მიწასთან ერთად დაკარგა ქალაქი ჰალეცი სადაც მდებარეობდა მისი მთავარი უნივერსიტეტი. დამარცხებული, განახევრებულია და სახელმწიფომ, რომელსაც უბრალოდ ფიზიკურ გადარჩენაზე უნდა ეფიქრა დაიწყო არა მხოლოდ საფინანსო სისტემის, არმიისა და სახელმწიფო აპარატის რეორგანიზაცია, არამედ დაარსა ახალი უნივერსიტეტი. სახელმწიფომ, სულიერი ძალებით უნდა აინაზღაუროს ის, რაც ფიზიკურით დაკარგა და მერე ისიც მოვა-თქო. მაგრამ ამისთვის სათანადო ელიტები გვჭირდება და არა გაძულუქებული ვაჭრუკანები და კარიერისტები სახელმწიფოს სამსახურში. ელიტები ჰქმნიან საზოგადოებებს, სთავაზობენ ცხოვრების წესს და პროექტებს – ჩვენთან კი ნახეთ ამ კუთხით რა ხდება, აი რა არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა. მხოლოდ პატარა ხალხი, რომლის მასშტაბი ბევრად ჩამოუვარდება იმ პრობლემების მასშტაბს, რომლის წინაშეა ჩვენი ქვეყანა.
-რეზიუმეს სახით, ანუ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ახალი წელი არაფერს კარგს გვიქადის?
ამის გათვალისწინებით არა (იცინის). თუ გამოსწორდება და რაც გამოსასწორებელია კი გითხარით, რატომაც არ უნდა იყოს უკეთესი წელი? იქნება! არჩევანი ჩვენზეა; ქვეყნის წარმატების მთავარ ფაქტორს წარმოადგენს ქვეყანაში იმ ელიტის არსებობა, ვისაც სიბრძნე, პატრიოტიზმი და სამართლიანობის სიყვარული არ აძლევს უფლებას მიემხროს ვიწროჯგუფურ ან პარტიულ ინტერესებს. ასევე გაცნობიერება იმისა, რომ ჩვენს უკან სამშობლოა და დასაკარგი მეტი აღარაფერი გვაქვს. მხოლოდ წინ უნდა მივიწევდეთ და არავის ინტერესებს, გარდა საქართველოსი, ჩვენი კუთხისა და ბათუმის, არ უნდა ვემსახურებოდეთ!