„მარტო ამერიკაში და კანადაში საქართველოდან თვეში 20-30 ბავშვი გაჰყავდათ და ყიდდნენ…მასიური გაშვილება 60- დან იწყება და 2005- მდე გრძელდება” – რა შემაძრწუნებელი ფაქტები გახდა ცნობილი

August 25, 10:36
0
243

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე თამუნა ამტკიცებს, რომ საქართველოში ბავშვების უკანონო, მასიური გაშვილება 1960-იანი წლებიდან იწყება და 2005 წლამდე გრძელდება. მეტიც, მისი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ექიმების, გინეკოლოგების, ბებიაქალების გარკვეული ნაწილი დღემდე ჯანდაცვის სისტემაში მუშაობს.

ძიებამ ბევრი იძულებით დაშორებული დედა-შვილი შეახვედრა ერთმანეთს, ბევრისთვის კი საკმაოდ რთული გამოდგა ეს პროცესი და ძიებას დღემდე განაგრძობს. თამუნამ საჯაროდ ისაუბრა ბევრ კონკრეტულ ისტორიაზე, ფაქტებზე და საზოგადოებას არაერთი დაფარული დეტალი გაუმხილა, თუ სად და როგორ ხდებოდა ბავშვების მოტყუებით, იძულებით გაშვილება.

„თითქმის ორ წელია არსებობს ფეისბუქ ჯგუფი „ვეძებ“, სადაც არაერთი გაშვილებული და მოპარული ბავშვი ვიპოვეთ. არაერთი მოპარული შვილი მივუყვანეთ დედას, რომელსაც ის გარდაცვლილი ეგონა. ბავრმა არ იცის, ამიტომ დღევანდელ ისტორიას საჯაროდ მოვყვები. ვეცდები, ოჯახური დეტალები სააშკარაოზე არ გამოვიტანო…

საქართველოდან ამერიკაში გაშვილებული გოგონა ჯერჯერობით ცდილობს, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ანონიმურობა გარკვეული მიზეზების გამო. გეტყვით, რომ ის არ არის ერთადერთი ბავშვი, რომელიც საქართველოდან არის მოპარული და გაყიდული. 2005 წელს დაიჭირეს ოლგა გორელიკი, რამდენიმე ქართველ ექიმთან ერთად. მას სახლში ჰყავდა გასაშვილებლად ამზადებული ბავშვები. ეს ბავშვები ჰყავდა გაფორმებული თავის სახელსა და გვარზე, ვითომ ის იყო მათი დედა. ბავშვები გაჰყავდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. მსგავსი ფაქტი არის უამრავი. საქართველოდან ბავშვების გაყიდვა დაიწყო 1992 წელს. ზოგი მშობელი საკუთარი სურვილით ტოვებდა ბავშვს, ზოგს კი ეუბნებოდნენ, რომ ბავშვი გარდაიცვალა, ამ დროს კი ბავშვებს ყიდდნენ.

წელიწად-ნახევრის განმავობაში მე და ჩემი ჯგუფის ადმინებმა არაერთი შეურაცხყოფა, ლანძღვა, გინება, მუქარა გადავიტანეთ ძირითადად სამედიცინო პერსონალის და მათი ახლობლების მხრიდან. ისინი გვიმტკიცებდნენ, რომ მაშინდელი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იყვნენ გმირები, რომ ისინი ბავშვებს კეთილი მიზნებისთვის აშვილებდნენ, რათა ეს ბავშვები კარგ პირობებში გაზრდილყვნენ. ანუ, თავად წყვეტდნენ, რა აჯობებდა ამ ბავშვების და მათი მშობლებისთვის…

მე პირადად ვესაუბრე იმ ქალბატონს, რომელსაც საქართველოდან გაჰყავდა ბავშვები და შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ თვეში 20-დან 30 ბავშვამდე გადიოდა მარტო ამერიკაში და კანადაში. ეს არის დაზუსტებული, დადასტურებული, ოფიციალური ინფორმაცია. არ გეგონოთ, რომ ეს ბავშვები ქვეყნიდან არაოფიციალურად გადიოდნენ. არა, ეს ბავშვები ოფიციალურად გაჰყავდათ. მე ამ ბავშვების ყველანაირი საბუთები მაქვს, გაშვილების, შვილად აყვანის და ა.შ. ოდესმე თუ გამოფხიზლდება რამე სტრუქტურა და გადაწყვეტს ამ საქმეებს ხელი მოკიდონ, მე მზად ვარ, რომ მათთან ვითანამშრომლო და მივაწოდო ყველანაირი ინფორმაცია, რომელიც მაქვს.

რაც შეხება დღევანდელ ისტორიას, რომლის მსგავსი არაერთი გვაქვს და ეს მართლა საქართველოს ტრაგედიაა… ამერიკელი გოგონას მეგობარი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ამ გოგონას თავისმა გამზრდელმა მამამ უთხრა: 1993 წელს ჩვენ ჩავედით საქართველოში, უნდა აგვეყვანა ბავშვი და ქალბატონი ლალი, რომლის გვარსაც არ ვასახელებ, გარკვეული მიზეზების გამო, დაგვეხმარა შენს შვილად აყვანაშიო. მე და დედაშენი ჩამოვედით საქართველოში და მე ვარ მოწმე, რომ შენს ბიოლოგიურ დედას უთხრეს, ბავშვი გარდაიცვალაო. როგორც ბიოლოგიურმა დედამ იცოდა, მას ხელი მოაწერინეს ბავშვის გარდაცვალების საბუთზე და საინამდვილეში ბავშვის გარდაცვალების საბუთს კი არ მოაწერა ხელი, არამედ ბავშვის გაშვილებასო, უთქვამს გამზრდელ მამას. გიმეორებთ, ამას ამბობს და ადასტურებს აღმზრდელი მამა. ამის შემდეგ მოხდა ბავშვის ამერიკაში გაყვანა. ანუ, წარმოიდგინეთ 18 წლის დედა, რომელსაც ორსულობიდანვე ეუბნებიან, რომ ბავშვს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და ბავშვი ვერ იცოცხლებს, აჩენს შვილს, რომელსაც უყიდიან. დედას უკვე წინასწარ აგუებდნენ, რომ მშობიარობის შემდეგ ბავშვს შეექმნებოდა ჯანმრთელობის პრობლემა. ალბათ ფიქრობდნენ, რომ ასე უფრო ნაკლებად მძიმედ გადაიტანდა ამ ამბავს. ბავშვი რომ გაჩნდა, დედას უთხრეს, რომ ახალშობილი დამძიმდა და გარდაიცვალა. ბიოლოგიურ დედას იმ დროს მოაწერინეს ხელი მოტყუებით გაშვილების საბუთზე, როცა ამ ყველაფერს ესწრებოდა აღმზრდელი მამა. ხელი მოაწერინა ქართველმა ქალმა, ქალბატონმა ლალიმ…

ეს ერთი შემთხვევა კი არ არის. ჩვენ წელიწად-ნახევრის განმავლობაში დადასტურებულად ვიპოვეთ 500 ოჯახზე მეტი. ჯგუფში არის გაწევრიანებული 162 000 ადამიანი. ხვდებით ეს რა ციფრია და რასთან გვაქვს საქმე, რა უბედურება გამოვიარეთ და ამის შემდეგ ეს პედიატრები, მაშინდელ ექიმებზე მაქვს საუბარი, ბედავენ და მე მეძახიან აფერისტს, სექტანტს, შიზოიდ ადამიანს, რადგან მე თურმე ამ ყველაფერს ვიგონებ“, – განაცხადა თამუნა მუსერიძემ.

mshoblebi.ge

Cesko