აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება და წუხილს გამოთქვამს, რომ რუსეთი ცალმხრივ განცხადებას ავრცელებს.
„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო წუხილს გამოთქვამს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 26 მარტის ცალმხრივი განცხადების გამო, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება. 25 მარტს თავდაცვის მინისტრის გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ გასანოვის რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან სატელეფონო საუბრისას განიხილეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ვითარება, რომელზეც დროებით იმყოფება რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი. აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ ზუსტდება პოზიციები და ადგილები საარჩევნო უბნებზე. თუმცა, 26 მარტს, სომხეთის უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა განახორციელეს დივერსიის მცდელობა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებში. დაუყოვნებელი ქმედებების შედეგად, სომხეთის უკანონო ფორმირებების წევრები იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანი კვლავაც მხარს უჭერს 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივ განცხადებას და არ დაურღვევია მისი არც ერთი დებულება. მათივე განცხადებით, არსებული შეთანხმების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ დრომდე არ განხორციელებულა სომხეთის არმიის დარჩენილი ნაწილის სრულად გაყვანა აზერბაიჯანის ტერიტორიიდან, „შესაბამისად, სწორედ სომხეთი არღვევს აღნიშნულ შეთანხმებას და არა აზერბაიჯანი“.
აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ გავრცელებული განცხადება ეწინააღმდეგება ორმხრივი ურთიერთობების არსს და სამოკავშირეო ურთიერთთანამშრომლობის დეკლარაციას, რომელსაც ქვეყნებს შორის ხელი მიეწერა 2022 წლის 22 თებერვალს. მათივე განცხადებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ არსებობს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სახელწოდებით „მთიანი ყარაბაღი“, ხოლო განცხადებაში ხსენებული სოფლის სახელწოდებაა არა ფურუხი, არამედ ფარუხი.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავალებს რუსეთის თავდაცვის სამინისტოს, უზრუნველყოს სომხეთის არმიის დარჩენილი ნაწილის სრული გაყვანა საერთაშორისოდ აღიარებულ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სამმხრივი განცხადების დებულების შესაბამისად. „გთხოვთ, არ დაწეროთ, არ გამოიყენოთ ტერმინი „მთიანი ყარაბაღი“ და მართებულად მოიხსენიოთ აზერბაიჯანის ტერიტორიები“, – ნათქვამია განცხადებაში.