ვის შეუძლია თბილისში 500-ლარიანი ერთჯერადი დახმარებებით სარგებლობა

0
526
28 Views

11 იანვირდან თბილისის მასშტაბით 500-ლარიანი ვაუჩერების გაცემა დაიწყო, რაც კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო. თბილისის მერმა აღნიშნული პროექტის განხორციელება თავის მოადგილეს, ილია ელოშვილის დაავალა და ქალაქის ბიუჯეტიდან ამისთვის 20 მილიონი ლარი გამოყო.

ვაუჩერის მიღება ნებისმიერ დროს, ერთჯერადად შეუძლიათ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულაც 200 000-სს არ აღემატება. ჯამში, ასეთი 40 000 ადამიანია.

როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე განმარტა, ვაუჩერის გამოსაყენებლად პროგრამის ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა საჭირო მედიკამენტების განსაზღვრის მიზნით, ექიმს უნდა მიმართოს. ის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, რომელშიც მითითებული იქნება საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობა, განათავსებს პროგრამის ელექტრონულ მოდულში. ამის შემდეგ, ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი ტელეფონის ნომერზე სპეციალურ კოდს მიიღებს და პირადობის მოწმობით, მისთვის სასურველ აფთიაქს მიმართავს.

“ვაუჩერით სარგებლობისთვის მთავარია, ბენეფიციარებს ჰქონდეთ ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატების ჩამონათვალი. ნებისმიერ აფთიაქში შეუძლიათ, მივიდნენ და აღნიშნული ვაუჩერი ერთი წლის განმავლობაში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოიყენონ. ეს იქნება ერთგვარი შვება მათთვის, რომ შეძლონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების შეძენა“, – განაცხადა კახა კალაძემ ერთ-ერთ ბენეფიციართან, თინათინ უკლებასთან სტუმრობისას, რომელსაც ვაუჩერი პირადად გადასცა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის ინიციატივას სააფთიაქო ქსელი PSP გამოეხმაურა და ბენეფიცირებისთვის დამატებით 200 ლარი გამოყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 500 ლარიანი ვაუჩერის წარდგენის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი პენსიონერი ან მისი წარმომადგენელი ამ კონკრეტული სააფთიაქო ქსელის ფილიალებში 700 ლარის ღირებულების მედიკამენტებს მიიღებს.

ამასთან, სოციალურად დაუცველ პენსიონერებს, ისევე, როგორც საქართველოს მასშტაბით 50 წელს გადაცილებულ ნებისმიერ ადამიანს, შეუძლიათ ვაქცინაციის პროგრამაში ჩაერთონ და ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაში, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 100 ლარი მიიღონ.

Cesko