ლილოს დასახლებაში შვილმა დედა მოკლა. შემთხვევა გუშინ, 13 აგვისტოს მოხდა. 17 წლის არასრულწლოვანს საზარელი მკვლელობის დროს მეგობარი ეხმარებოდა.
მოკლულია 34 წლის ჟანა ხალილოვა. „პრაიმტაიმი“ გარდაცვლილის ნაცნობს ესაუბრა.
„კეთილი, სიცოცხლით სავსე გოგო იყო. სპორტდარბაზში ერთად დავდიოდით. მისი შვილი სულ 4-ჯერ მყავს ნანახი. არ ვიცი რა შეიძლებოდა მომხდარიყო“, – გვიყვება მოკლულის ნაცნობი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ორი პირი
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ნ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს.
დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედას – 1988 წელს დაბადებულ ჟ.ხ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენაში ნ.ხ.-ს თავისი მეგობარი რ.ნ. ეხმარებოდა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, ჟ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ნ.ხ. და რ.ნ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს,”-ნათვამია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.