ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მეგობრებო, მხოლოდ ფაქტს აღვნიშნავ და არანაირ შეღავათს არ ვითხოვ; მით უფრო – არ მსურს წარღვნის სურათი დავხატო – ბევრად უარესი გაგვივლია და ამასაც გადავიტანთ. ფაქტი ისაა, რომ კლინიკებში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, ძალიანაა მოდებული ვირუსი და სამედიცინო პერსონალის საკმაო ნაწილი ავადაა. გვაკლია ექიმები, ექთნები, ადმინისტრაციული თანამშრომლები. უკვე მეორე წრეზე გავიდნენ ყველა – ზედმიწევნით ფრთხილი ექიმებიც. ძალიან მაღალი რისკის სამსახურია! საბედნიეროდ, ძალიან მძიმედ არავინ გვყავს, მაგრამ მათი ჩანაცვლება შეუძლებელია – საერთოდ პერსონალის, განსაკუთრებით კი ექთნების დიდი გასაჭირია ქვეყანაში.
ამიტომ, ბოდიშს გიხდით, თუ სერვისი ყოველთვის იმ მაღალი სტანდარტით ვერ მოგაწოდეთ, როგორიც ჩვენი კლინიკის გამოსარჩევი ნიშანია. მკურნალობას არაფერი დააკლდება, მაგრამ შეიძლება იყოს ცოტათი დაგვიანებები, საჭირო გახდეს დაცდა.
ეს ჩვენთან.. რაც შეეხება კლინიკის გარეთ; მე არანაირი სახელმწიფო თანამდებობა არა მაქვს. პირიქით – უფრო ბუნებრივია კლინიკებს შორის ინტერესთა გარკვეული კონფლიქტი. ამიტომ, ორივე მხარე საკუთარ ინტერესებს ვიცავთ და ხშირად არ ვართ ერთმანეთის ქმედებით კმაყოფილი. ანუ, არავითარი ინტერესი მათი დაცვის არ მაქვს. მაგრამ ხომ ვხედავთ ყველანი ერთად, რა მდგომარეობაა ჩვენთან?!! პოლიკლინიკურ – ამბულატორიულ სამსახურში ღრმად ჩახედული არ ვარ, მაგრამ ლოგიკურად ჩნდება კითხვა: საიდან უნდა გაჩნდეს ასე ერთბაშად ქვეყანაში იმდენი ოჯახის ექიმი, რომ ავადობის ამ საშინელ რიცხვს ეყოს!!? წარმოგიდგენიათ, ავადმყოფთა რა რიცხვი მოდის ამ ბოლო დღეებში, ერთ ოჯახის ექიმზე?! ვიყოთ შემწყნარებლები, მომთმენები. ეგებ სხვა ექიმებიც დავეხმაროთ, კეთილი ნებით, გავხდეთ ვოლონტიორები. ჩვენი კლინიკის ექიმები ასე იქცევიან და თითოეული 10-12 ამბულატორიულ ავადმყოფს მართავს სახლში.
დამიჯერეთ, ახალსენშეყრილებს ტელეფონზე ხშირად გპასუხობთ თავადაც ავადმყოფი ექიმი და ცდილობს თქვენზე არ გადმოიტანოს თავისი მინორული განწყობა..”