გმირი გენერალი, რომელსაც საფლავის ქვაც კი არ აქვს – 100 წლის შემდეგ, ბოლშევიკური არმიის წინააღმდეგ მებრძოლი გიორგი კვინიტაძე სამშობლოში დიდი პატივით ჩამოასვენეს, თუმცა როგორც ჩანს, ეს 1-დღიანი ცერემონია იყო.
უკვე 9 თვეა, გმირი გენერალი მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული, მაგრამ ამ დრომდე საფლავზე მხოლოდ ჯვარი და ფურცელია მოთავსებული, სადაც გენერლის სახელი, გვარი, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი წერია.
გენერალი საფრანგეთიდან საქართველოში 2021 წლის 26 მაისს ჩამოასვენეს. მის სამოქალაქო პანაშვიდს მმართველი გუნდის თითქმის ყველა წარმომადგენელი ესწრებოდა. პრემიერი აღნიშნავდა, რომ გიორგი კვინიტაძის ოცნება ახდა.
სამხედროები ამბობენ, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები მხოლოდ ფსევდოპატრიოტები არიან და მათ მოუწოდებენ, გენერლის საფლავი დროულად მოაწესრიგონ.
“ხელისუფლებამ მოახდინა გენერლის გადმოსვენება ქვეყანაში დიდი ზარ-ზეიმით და ვნახეთ მისი საფლავი რა მდგომარეობაშია. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი, როდესაც დაუმარცხებელი გენერლის გადმოსვენება ხელისუფლებამ საკუთარი პირის გამო გამოიყენა”,– ამბობს სამხედრო, გიორგი კასრაძე.
ამ დრომდე უცნობია, როდის მოაწესრიგებს გმირი გენერლის, გიორგი კვინიტაძის საფლავს ხელისუფლება.