,,ეს მოხდა 1974 წლიდან 1979 წლამდე, მეექვსე წელს დამიჭირეს”- როგორ ასწავლა თამაზ ნოდიამ რუს ბავშვებს ინგლისურის ნაცვლად მეგრული

0
1350
229 Views

ალბათ ყველას გსმენიათ ამბავი, მეგრელმა ჩუკოტკელ ბავშვებს ინგლისურის ნაცვლად მეგრული როგორ ასწავლა. ზოგს ეს მითი ჰგონია, მაგრამ სინამდვილეში მართლაც მოხდა. თამაზ ნოდიამ ამის გამო 8 წელი ციხეში გაატარა. ის ამ ამბავს ასე ყვება:

-ეს მოხდა 1974 წლიდან 1979 წლამდე, მეექვსე წელს დამიჭირეს. მე გაჭირვებული ვიყავი, ოჯახობა ავად მყავდა და მინდოდა, ისეთ ადგილას წავსულიყავი, სადაც მაღალი ხელფასი მექნებოდა. მირჩიეს მაგადანის მხარე. იქ გავიცანი რაიკომის ყოფილი პირველი მდივანი, ვასილ გომუნოვი, რომელმაც მითხრა, მე ქართველები ძალიან მიყვარს, მოდი ჩემთან და დაგეხმარები, რაშიც გინდაო. უცხო ენა თუ იციო, როგორ არა-მეთქი… მომცა 5000 მანეთი…

წავედი მოსკოვში, იქ ვიყიდე მასწავლებლის დიპლომი და დავბრუნდი უკან. ახლა ვფიქრობ, რაღა ინგლისური ენა შევასწავლო, ბარემ ჩემს ენას ვასწავლი-მეთქი. მამაჩემი მაშინ ფოთის ფოსტის უფროსად მუშაობდა. დავურეკე, იაკობ გოგებაშვილის ანბანი გამომიგზავნე-მეთქი. აქ არ გისწავლია და მანდ, ჩუკოტკაზე რად გინდაო, მითხრა…

დავიწყე ქართული ანბანით სწავლება და მეგრული. 5 წელში ბავშვები თავისუფლად ლაპარაკობდნენ მეგრულად. მეექვსე წელი დაიწყო. მოსწავლეებს შორის მყავდა ერთი – ნინაკა, რომელიც შვილივით მიყვარდა. ერთხელაც ამ ბავშვმა მითხრა, მოსკოვში მივდივარ უნივერსიტეტში ჩასაბარებლადო. დამარტყა თავში…

ჩავიდა მოსკოვში და ჰკითხეს, რა ენა იციო. ინგლისურიო, უპასუხა. მოუყვანეს ინგლისურის ლექტორი. ის ელაპარაკება ინგლისურად, ამან მისცხო მეგრულად. ლექტორმა თქვა, ეს არ არის ინგლისურიო. ახლა შეუყვანეს ფრანგულის ლექტორი… მოკლედ, ჩინურის სპეციალისტიც მონახეს, მაგრამ კაციშვილმა ვერ გაიგო, რა ენა იყო. მერე მონახეს ატესტატი, სადაც ეწერა: თამაზ ნოდია, ინგლისურის მასწავლებელი. მაგის გულიზა დამიჭირეს და 8 წელი მომცეს.

Cesko