„უჩემოდ რომ შეიკრიბებით ჩემს ოთახში, წარმომიდგენია, რა სასაცილოები იქნებით“ – პოეტი, რომელმაც საკუთარი გარდაცვალება იწინასწარმეტყველა

0
552
43 Views

ისევ დაუვიწყარი „იავნანას“ ტექსტის ავტორზე ვწერ, რამდენიმე დღის წინ რომ უჩუმრად წავიდა… პოეტსა და ფილოლოგ, ლალი გულისაშვილზე.

წავიდა და მეგობრებს აი, ასეთი სევდიანი ლექსი დაუტოვა.

მეგობრებს

„ჩემო კეთილო მეგობრებო, ყველაფრისთვის გიხდით მადლობას!

თუნდაც იმისთვის, ეკლესიებივით რომ დგახართ ქალაქის თითქმის ყველა კუთხეში

და შემიძლია ჩემი წვიმიანი დღეების შემდეგ თქვენს მზეში გავშრე…

საოცარია, რაც დრო გადის, უფრო მიყვარხართ… ჩემო კეთილო მეგობრებო,

ყველაფრისთვის გიხდით მადლობას, განსაკუთრებით იმ ბოლო დღისთვის,

უჩემოდ რომ შეიკრიბებით ჩემს ოთახში და… წარმომიდგენია, რა სასაცილოები იქნებით

– მწუხარენი და დაბნეულნი… ჩემო კეთილო მეგობრებო, რა კარგია, თქვენ რომ არსებობთ,

რა კარგია, ბოლომდე რომ მპირდებით მხიარულ დღეებს.

ერთად კი რა სასაცილოები, რა საყვარლები იქნებით, წარმომიდგენია…

მერე ქალაქის ყველა კუთხეში ეკლესიებივით გაიფანტებით და ზოგიერთ გამორჩეულ დღეს

მწუხარების სანთლებს დაანთებთ. ერთად კი, ჩემს ოთახში, რა სასაცილოები იქნებით!

ნეტავ დამანახვა თქვენი თავი…”

რეჟისორი ნანა ჯანელიძე, „პრაიმტაიმთან“ ლალის იხსენებს.

ნანა ჯანელიძე: – აღარ მახსოვს, პირველად ლალიმ დაწერა „იავნანისთვის“ ტექსტი თუ ჯანო კახიძემ – მუსიკა. არაჩვეულებრივი ტექსტი დაწერა, რომელიც ჩემს ფილმში სრულად არ ჟღერს. ულამაზესი ლექსია.

ვიცოდი, რომ ახალი „იავნანა“ უნდა დაწერილიყო. არ მსურდა ძველის და ხალხურის გამოყენება. ისე აიტაცეს ეს სიმღერა, აღმოჩნდა, რომ ზუსტადაც რომ დროულად დაიწერა. მოწყურებულნი იყვნენ იავნანას. ისევე როგორც, შობის გალობას, რომელიც მას შემდეგ არაერთმა ავტორმა შექმნა…

იმ დროს, ამ ტიპის სიმღერა და ლექსი, არ იწერებოდა. ვიცოდი, რომ ლალი არაჩვეულებრივი პოეტი იყო და ამიტომაც შევუკვეთე ეს ტექსტი.

არაჩვეულებრივი სიტყვები აქვს ამ იავნანაში. „თეთრი ქარი გესიზმრება…“ მთელი მისი შემოქმედება მარგალიტებივით პატარა ლექსებია, მაგრამ წონადი და ძლიერი.

 

ახლახან მისი კრებული გამოვიდა „ცად მივყვები ნისლს“. მისმა ქალიშვილმა, ჯერ მხოლოდ, ელექტრონული ვერსია გამომიგზავნა. წარწერები გაუკეთებია ამ კრებულზე მეგობრების სახელზე, უკანასკნელი საჩუქარი დაგვიტოვა. ისეთი ლექსებია შესული, ალბათ აწი უფრო და უფრო დააფასებენ ლალის.

ამ კრებულშია გულის გამბზარავი ლექსი „მეგობრებს“. იმ სამყაროდან მიმართავს მეგობრებს. წინასწარ დაინახა ამ სამყაროდან გასული საკუთარი თავი და მის ოთახში თავშეყრილი მეგობრები. მას ავადმყოფობისგან, ტკივილისგან მიღებული სხვა ცოდნა ჰქონდა…

ჩუმი ადამიანი იყო. ჩუმად წერდა. ის კლასიკური მგალითია, როგორი უნდა იყოს ქართული ენის მასწავლებელი. ასეთი ჩუმი ადამიანები თაობებს, მოქალაქეებს და მოსიყვარულე მამულიშვილები ზრდიან.

ფაქიზი უნდა იყო, რომ დაინახო და დააფასო. ღირსეული და რაღაცნაირად ინტიმური პოეტი იყო. ისეთ რამეს წერდა, რაც ყველა ადამიანის გულში ცოცხლობს. თან ზუსტად, დელიკატურად და დიდი გრძნობით. მის ლექსებს რომ კითხულობ, ხვდები, ეს იმ ფიქრებზეა, ღამით რომ გეწვევა, სიმარტოვეში და ვარსკვლავებისკენ გადიხარ.

 

მეცნიერი, ფილოლოგი და პოეტი ლალი გულისაშვილი 28 იანვარს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა…

Cesko