როცა ძაღლი ეპილეფსიით იტანჯება და ექიმი წამალს ვერ გიწერს

0
490
37 Views

ბოლო ექვს თვეში კანე კორსოს ჯიშის ძაღლ რომის სამჯერ დაემართა ეპილეფსიური შეტევა. ზუსტი მიზეზი, თუ რატომ ემართება ძაღლს კრუნჩხვები, ვეტერინარებს ამ დრომდე არ აქვთ დადგენილი. თუმცა პრობლემა, რომლის წინაშეც რომის ოჯახი აღმოჩნდა, უფრო ფართომასშტაბიანია — იმ წამლების ლეგალურად მოპოვების გზები, რომლებიც ძაღლს სიცოცხლისთვის სჭირდება, ქვეყანაში არ არსებობს.

როგორც რომის პატრონი ლევან ცუცქირიძე „ნეტგაზეთს“ ეუბნება, შესაძლოა, შეტევები  ინტოქსიკაციას გამოეწვია, თუმცა არც გენეტიკური ფაქტორია გამორიცხული. მისი თქმით, იმისათვის, რომ რომის მდგომარეობა შემსუბუქდეს, ვეტერინარებმა ორი გზა შესთავაზეს: ერთი არის მსგავსი შეტევების დროს მედიკამენტებით ჩარევა, მეორე კი მუდმივ მკურნალობას გულისხმობს:

„პრობლემები სწორედ აქ იწყება: არცერთი ის მედიკამენტი, რომელიც ჩვენს ძაღლს სჭირდება ასეთ დროს, არ არის ხელმისაწვდომი რეცეპტის გარეშე. თითქოს, ეს ბუნებრივია: უნდა დაიწეროს რეცეპტი და შემდეგ გაიცეს პრეპარატი. საქმე ის არის, რომ თურმე ვეტერინარებს საქართველოში არ აქვთ რეცეპტის გამოწერის უფლება.

ანუ, ისინი დაგიწერენ „დანიშნულებას“, მაგრამ იმ წამლებს, რაც ამ დანიშნულებაში შეიძლება მოხვდეს (მაგალითად, ფენობარბიტალის ან დიაზეპამის მაღალი შემცველობის პრეპარატები), ვეტერინარის დანიშნულების საფუძველზე, უბრალოდ, ვერ იყიდი კანონიერად“, – ამბობს ცუცქირიძე.

ლევანის თქმით, საჭირო მედიკამენტებს რეცეპტი სჭირდება, თუმცა ვეტერინარს მათი გამოწერის უფლება არ აქვს. შესაბამისად, ამ პრობლემის წინაშე მდგარი ცხოველების პატრონებს ორი არჩევანი აქვთ — იყვნენ კანონგარეშე და მოიქცნენ ჰუმანურად, ან იმოქმედონ კანონიერად და უყურონ, როგორ კვდება ცხოველი ტანჯვით.

ერთადერთი ალტერნატივა, რომელსაც რომის და მის ოჯახს სახელმწიფო სთავაზობს, საჭირო მედიკამენტის ვეტერინარულ კლინიკაში მიღებაა, თუმცა კლინიკის გარეთ ვეტერინარი პრეპარატს ცხოველის პატრონს ვერ ატანს. შესაბამისად, ამ ნაწილშიც ხელმისაწვდომობის პრობლემა იჩენს თავს.

რომი

როგორც ლევან ცუცქირიძე იხსენებს, რომის ერთ-ერთი შეტევა ახალი წლის ღამეს დაემართა, როცა ვეტერინარული კლინიკები არ მუშაობდა:

„ერთადერთი გზა არის, უშუალოდ ვეტერინარულ კლინიკაში მიიყვანო მაგ დროს ძაღლი, მაგრამ ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის. მაგალითად, ჩემს ძაღლს შეტევა დაემართა ახალი წლის ღამეს, არც კლინიკა არ მუშაობს, არაფერი. თუ მკურნალობა დასჭირდა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ინიშნება, დღეში ორჯერ ხომ არ ატარებ კლინიკაში. ზოგჯერ ისეთი დროა, არ არის კლინიკები ღია და ასე შემდეგ. ძალიან გამოუვალი მდგომარეობაა. ის, რაც არის მუდმივად სამკურნალო, ვერ ივლი, უნდა იშოვო.

ჩვენ ჯერ საბოლოო დიაგნოზი არ გვაქვს, მაგრამ თუ დაუდგენენ, რომ აქვს თანდაყოლილი ეპილეფსია, რაც არის დაავადება, მაშინ წამალი დღეში ორჯერ უნდა სვას მთელი სიცოცხლის განმავლობაში. თუ უშუალოდ შეტევა აქვს, ჩვენ რასაც ვფიქრობთ და იყო ინტოქსიკაციის შედეგად, შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს.

ერთი ეპიზოდი ჰქონდა ჩემს ძაღლს შვიდჯერ ზედიზედ და ზუსტად მაგ დროს სჭირდება წამალი, რომ ეს სპაზმი მოეხსნას და არ დაიღუპოს ძაღლი. თუ არ გაქვს, უნდა ელოდო, როდის გადაუვლის თავისით და ეს საშინელი საყურებელია. საშინელი სტრესია ძაღლისთვისაც, შეიძლება დაიღუპოს“, – ამბობს ლევან ცუცქირიძე „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში.

უკვე 1 წელია, რომის მსგავსი პრობლემის წინაშე დგას არჩილ ცერცვაძის ძაღლი პადი. დაახლოებით 1 წლის წინ პადის დაუსვეს ეპილეფსიის დიაგნოზი. ზუსტი მიზეზი, თუ რატომ ემართება ძაღლს შეტევები, ვეტერინარებმა ვერც პადის შემთხვევაში დაადგინეს, თუმცა, როგორც არჩილი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, სავარაუდოდ, დაავადება გენეტიკური ფაქტორებითაა გამოწვეული.

„თვითონ ვეტერინარი გვეუბნებოდა, რომ საკმაოდ ხშირია ძაღლებში. როგორც ამიხსნა,  კონკრეტული მიზეზი არ აქვს ხოლმე კიბოს და გენეტიკური მიდრეკილება განსაზღვრავს, ასეა ამ შემთხვევაშიც“, – უთხრა არჩილმა „ნეტგაზეთს“.

პრეპარატი, რომელიც პადის შეტევებს უმსუბუქებს, ლუმინალია (ფენობარბიტალი), რომელიც ასევე რეცეპტით გასაცემ მედიკამენტთა ჯგუფს განეკუთვნება.

პადი

„ექიმმა გვითხრა, რომ ეს მედიკამენტი სჭირდება, მაგრამ მე ამის გამოწერის უფლება არ მაქვსო. მეუბნება, წადი, ძმაო, თუ იშოვი სადმე,, დაალევინე და გაუჩერებ შეტევებს, თუ არადა, უნდა უყურო ძაღლს, როგორ აქვს შეტევები. რა უნდა ქნას, გამოწერის უფლება არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ანალიზები ჩაატარა.

ერთადერთი საშუალებაა, პირადი ურთიერთობების დონეზე ადამიანებთან იწვალო, რათა სადმე იშოვო და ეგრე ვწვალობ მეც. ამ დროის განმავლობაში თუ ვინმეს აქვს შემორჩენილი, მაგალითად, თავის დროზე რეცეპტით იყიდა და აღარ სჭირდება, ვუხსნი სიტუაციას, ითვალისწინებენ ჩემს მდგომარეობას და მაძლევენ“, — ამბობს არჩილი „ნეტგაზეთთან“.

მისი თქმით, ამჟამად პადისთვის ერთი კვირის სამყოფი მედიკამენტები აქვს, მერე კი ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება. როგორც პადის პატრონი იხსენებს, იყო პერიოდი, როცა წამლის უქონლობის გამო პადის მკურნალობის კურსის შეწყვეტა მოუხდა, შედეგად კი ძაღლს შეტევების სიხშირე კიდევ უფრო გაეზარდა.

არჩილი ამბობს, რომ იყო შემთხვევები, როცა ძაღლს კრუნჩხვები 5 საათში ერთხელაც კი ემართებოდა:

„შეტევების სიხშირე ინდივიდუალურია. ჩემს ძაღლს ემართებოდა ზუსტად 24 საათში ერთხელ, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. რომ ვუშოვე წამალი და დავაწყებინე მიღება, უჩერდებოდა. მერე რაღაც ეტაპზე აღარ გვქონდა ეს წამალი, ვეღარ ვუშოვე და რომ დაეწყო ისევ შეტევები, გაუხშირდა და ემართებოდა 5 საათში ერთხელ.

დღეში შეიძლებოდა 4-ჯერ დამართნოდა. მერე ისევ ვიშოვე სადღაც და ისევ გაუჩერდა. მთელი ცხოვრება ამაზე უნდა გყავდეს, თუ არადა, უნდა უყურო, როგორ იტანჯება ძაღლი, ან დააძინო იმიტომ, რომ ვერ დატანჯავ ასე. წამალს რომ დააწყებინებ ძაღლს და მერე შეუწყვეტ, უფრო მძიმდება. როგორც კი დაგვიმთავრდა წამალი, უფრო გაუხშირდა შეტევები“, – ამბობს არჩილი.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით „ნეტგაზეთი“ „საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის“ პრეზიდენტს, მარიკა ჩხიკვიშვილს ესაუბრა. როგორც ვეტერინარი „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, ვეტერინარია ამჟამად ჯანდაცვის სისტემიდან სრულად ამოვარდნილია.

მარიკა ჩხიკვიშვილის თქმით, სახელმწიფოს არ გააჩნია ვეტერინართა სერტიფიცირების პროგრამა, რის გამოც ვეტერინარები ცხოველებისთვის ვერ ახერხებენ ადამიანებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების გამოწერას, მიუხედავად იმისა, რომ ვეტერინარიაში, ისევე როგორც ჰუმანურ მედიცინაში, გამოიყენება აფთიაქებში გაყიდვადი მედიკამენტები და მათთან წვდომა ცხოველებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ჩხიკვიშვილი აღნიშნავს, რომ ვეტერინარული კადრების ნაკლებობის გამო, წლების წინ სახელმწიფომ სერტიფიცირების სისტემა გაუუქმა, რათა სისტემა უფრო მოქნილი გამხდარიყო. ვეტერინარის თქმით, აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ რეგიონებში იდგა, თუმცა სერტიფიცირების გაუქმებამ, მეორე მხრივ, პარადოქსული სიტუაცია შექმნა და ვეტერინარებმა მედიკამენტების გამოწერის უფლება დაკარგეს:

„პრობლემა მხოლოდ რეცეპტების გამოწერა არ არის, მაგალითად, ჯანდაცვის სფერო დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფალია, ვეტერინარია კი- არა, მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში ვეტერინარია ჰუმანურ მედიცინასთანაა გათანაბრებული. ეს ყველაფერი ჯერ არ მოსულა საქართველოს რეალობამდე.

სახელმწიფოც უნდა ჩამოყალიბდეს, რომ არ ჰქონდეს ორმაგი სტანდარტი. აუცილებელია დავსხდეთ  და ამაზე ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ. ვეტერინარია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ცხოველებს არ მოიცავს და არც სურსათის უვნებლობას, მისი განუყოფელი ნაწილია წვრილი ცხოველების ვეტერინარია, რომელიც მოიცავს ძაღლს, კატას, ფრინველს და სხვა ცხოველებს, რომლებიც ყოველდღიურობას უხალისებენ მათ მეპატრონეებს და ბევრი სტრესის გადალახვაში ეხმარებიან“ ,- ამბობს ვეტერინარი.

მარიკა ჩხიკვიშვილი

„წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის“ პრეზიდენტის თქმით, როგორც ადამიანებში, შინაურ ცხოველებშიც არსებობს დაავადებები, რომელთა მართვისას აუცილებელია სარეცეპტო მედიკამენტების გამოყენება, როგორიცაა დიაზეპამი, ფენობარბიტალი, კალიუმის ბრომიდი. მისი თქმით, ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რომელიც ცხოველის ეპილეფსიური სტატუსისას გამოიყენება და ვეტერინარებს მათ გამოწერის უფლება არ აქვთ, ისევე როგორც სხვა სარეცეპტო მედიკამენტების.

ჩხიკვიშვილი „ნეტგაზეთთან“ აცხადებს, რომ შესაბამისი სამსახურები სერტიფიცირების სისტემის დანერგვაზე მუშაობენ, თუმცა აღნიშნავს, რომ პროცესი უკვე წლებია, რაც გრძელდება:

„მესმის, რომ შრომატევადი პროცესია სერტიფიცირების დანერგვა, ქართულ რეალობას უნდა შეუსაბამო, მაგრამ ხომ არ შეიძლება წლების განმავლობაში მუშაობდე ამაზე?! აღნიშნული პროცესები უცხოელი ვეტერინარების, ექსპერტების რეკომენდაციებით მიმდინარეობს, რომლებიც თავისი ქვეყნების რეალობიდან მსჯელობენ საქართველოში სიტუაციების მართვაზე.

აუცილებელია ჩვენი, როგორც ასოციაციის, ჩართულობა. „საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაცია“ არის ორგანიზაცია რომელიც შედგება საქართველოში მოღვაწე პრაქტიკოსი ვეტერინარებისაგან, ვინ თუ არა ჩვენ ვიცით, თუ რა პრობლემების წინაშე დგას ჩვენი მიმართულება“, – ამბობს ვეტერინარი.

მარიკა ჩხიკვიშვილი მიიჩნევს, რომ ყველაზე სწორი და მარტივად განსახორციელებელი იქნება, თუ ვეტერინარებს სახელმწიფო დიპლომის საფუძველზე მისცემს სერტიფიკატებს  და შემდეგ, წლის მანძილზე ქულების დაგროვების სისტემა დაინერგება, რომელიც დამყარებული იქნება კონფერენციებზე დასწრებით როგორც საქართველოში ,ასევე მის ფარგლებს გარეთ, აგრეთვე, სტაჟირებებით.

ამრიგად, ჩხიკვიშვილი აცხადებს, რომ ვეტერინარი ლიცენზიასაც შეინარჩუნებს, კადრიც უფრო კვალიფიციური იქნება და აღნიშნული მიმართულების განვითარებასაც შეეწყობა ხელი:

„ძალიან არასწორია, როდესაც მედიკამენტის ხელმისაწვდომობას ნაცნობობით ვქმნით, რა დროსაც ცხოველის მეპატრონემ საახლობლოში უნდა მოიძიოს ადამიანის ექიმი და იმას გამოაწერინოს რეცეპტო. ძალიან კარგად მესმის, რომ ვეტერინარულ დეპარტამენტში მართლაც ბევრი საქმე აქვთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ერთი პრობლემა მეორეს არ გამორიცხავს“ ,- ამბობს ვეტერინარი.

მისი თქმით, არსებული დაურეგულირებელი მოდელი ცხოველის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, რამდენადაც, მაგალითად, ეპილეფსიური შეტევისას პატრონმა ცხოველის ვეტერინარულ კლინიკაში მიყვანა შესაძლოა ვერ მოასწროს.

„შესაძლოა, ქალაქთან ახლოს არ არის და ვეტერინარული კლინიკა ახლომახლო არსადაა, ან ასევე შესაძლოა მეპატრონემ ვერ მიასწროს კლინიკამდე მისვლა. მაშინ ისმის კითხვა, ევროპულ კონვენციაზე ხელს რომ ვაწერდით, მათ შორის ცხოველთა უფლებების დაცვის და კეთილდღეობის თემებთან დაკავშირებით, დღეს რა შეიცვალა და რით ვასაბუთებთ, რომ რამენაირად მაინც ვცდილობთ ვიყოთ პროგრესულები ამ მიმართულებით?!“ – ამბობს ჩხიკვიშვილი.

კითხვებით, თუ რა ეტაპზეა ვეტერინართა სერტიფიცირების სისტემის დანერგვა, როგორ კონცეფციაზე მიმდინარეობს მსჯელობა და საკითხის დარეგულირებამდე როგორ უნდა მოიქცნენ შინაური ცხოველების პატრონები, „ნეტგაზეთმა“ კომპეტენტური პირის ჩაწერის თხოვნით „სურსათის უვნებლობის სააგენტოს თავდაპირველად 14 იანვარს მიმართა.

ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ უწყებისგან მხოლოდ ზოგადი, ერთწინადადებიანი პასუხი მივიღეთ:

„სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს საკანონმდებლო მუშაობა ვეტერინარების სერტიფიცირებასა და რეცეპტის სისტემასთან დაკავშირებით“, – მოგვწერეს „სურსათის უვნებლობის სააგენტოდან“.

როდის, როგორ, რა ფორმით შემუშავდება ახალი კანონი, ან როდიდან ამოქმედდება? — ნეტგაზეთს სახელმწიფო უწყებასთან ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების მიღების საშუალება არ მიეცა.

წყარო : netgazeti.ge.

Cesko