“იმდენ ავტოგრაფს გვთხოვდნენ… ვახო წრუწუნას ხატავდა და მერე ხელს მოაწერდა, მე კიდევ – ჯუჯას ვხატავდი”

0
490
15 Views

ნუგზარ კვაშალის ყველაზე დიდი ჯილდო და უცხო გარემოში აღნიშნული იუბილე

ანსამბლ “ივერიის” წევრი ნუგზარ კვაშალი 15 იანვარს 70 წლის გახდა. ამასთანავე, მისი ანსამბლში მისვლიდან წელს სექტემბერში 50 წელი შესრულდება. სად აღნიშნა საიუბილეო დაბადების დღე, როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები პოპულარულ ჯგუფში, რა არის “მადლობის პრემია”? – ამ და სხვა ამბებს იმ ინტერვიუდან გაიგებთ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში “გზა”.

 

– “ივერიას” ამერიკაში გასტროლი ჰქონია?

– 2006 წელს ორი კონცერტი ნიუ-იორკში, თეატრ “მილენიუმში” ჩავატარეთ. მანამდე რეკლამები გაკეთდა. თეატრის წინ, ბრუკლინში, დიდი აფიშა ეკიდა: “ქართული ანსამბლი – ივერია”. ვიყავით: ალექსანდე ბასილაია, თემურ წიკლაური, ვახტანგ ტატიშვილი, მანანა თოდაძე, მე და “ივერიის” მეგობარი გურამ ჯაში. კონცერტებს არა მარტო ქართველები, არამედ ამერიკელები, ებრაელები, რუსები ესწრებოდნენ… “ივერია” ფართო ცნებაა ყველაენოვანი ადამიანისთვის. მუსიკას ენა და ეროვნება არა აქვს.

პანდემიამ ყველაფერს ხელი შეუშალა, ძალიან საშიში დაავადება აღმოჩნდა, უამრავი ადამიანი გარდაიცვალა. ამიტომ ბევრი, ვისაც დააცემინებს, პირდაპირ საავადმყოფოში გარბის. შიში არის ყველაზე მთავარი ფაქტორი იმისა, რომ კოვიდი მოგვერევა. პირიქით, მას უნდა გავუმკლავდეთ სიმღერით, გიტარაზე დაკვრით, ცეკვით.

– “ივერიელი” ხართ 50 წელია, ასევე საიუბილეო თარიღია. როგორ დაიწყო ეს გზა?

– 50 წელი სექტემბერში მისრულდება. “ივერია” ჩემთვის არის აკადემია და დიდი საყვარელი ოჯახი, რომელმაც ბოლომდე შეინარჩუნა მაყურებლის სიყვარული. ანსამბლი ყოველთვის აერთიანებდა უზომოდ ნიჭიერ ადამიანებს. ალექსანდრე ბასილაიასთან ერთად, “ივერიის” სათავეებთან იდგნენ ჯემალ ბაღაშვილი, ვახო ტატიშვილი. ჩემზე ადრე იქ მოხვდა თემურ წიკლაური, თენგიზ ჩხეიძე, დათო აბულაძე. როცა მივიდნენ, მე სტუდენტი ვიყავი, სწავლის გაგრძელებაზე ვფიქრობდი. წამოდი, ნახე, რა კარგი ანსამბლიაო, – მითხრეს. ფილარმონიაში “ივერიის” კონცერტს დავესწარი და გავგიჟდი, ისე უკრავდნენ უნიჭიერესი მუსიკოსები. ზღაპრული წარმოდგენა იყო. ციმბირელი ქერათმიანი ბორის ბელიაევი დრამზე უკრავდა, ბასილაია რომ დაჯდა როიალთან, იქ ყველაფერი დამთავრდა… ხალხი ფეხზე ადგა. ფილარმონიაში ბუთხუზს ოსკარ პიტერსონს ეძახდნენ, უნიკალური მუსიკოსი იყო. ანსამბლში რომ მიმიწვიეს, წამითაც კი არ დავყოვნებულვარ, იქ მოხვედრა იყო ნაბიჯი ქართული დიდი საესტრადო ხელოვნებისკენ. ბასილაიამ იცოდა, რომ ინგლისური სიმღერების დიდი მოტრფიალე ვიყავი და როკ-ენ-როლს ვუბერავდი. კარგად ვუკრავდი გიტარაზე, მაგრამ უნდა შემეცვალა “ბარაბანშჩიკი” (მაშინ ასე ეძახდნენ), რომელიც ციმბირში მიდიოდა. დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრა საერთოდ არ ვიცოდი, თვითონ იმ ბიჭმა მასწავლა.

დავუკარი პირველი კონცერტი… იყო მომენტები, როცა ვდგებოდი, გიტარაზე ვუკრავდი და ინგლისურად ვმღეროდი. იქ იყო მაღალი ნოტები ასაღები, რასაც არაჩვეულებრივად აკეთებდა თემური. და დრამთან ვინ იჯდა? რა თქმა უნდა, თეიმურაზ წიკლაური! საოცრად ნიჭიერი, სასწაული ადამიანი იყო. ანსამბლის პროგრამაში ჩავჯექი და მას შემდეგ მოვდივარ და მოვდივარ… მარტო მე კი არა ვარ “ივერიელი”, ყველა მუსიკოსი, ვინც თუნდაც რამდენიმე თვე გაატარა ანსამბლში, თითოეული მათგანი ამბობს, რომ “ივერიელია”. “ივერია” დიდი ძალაა!

– უნივერსიტეტის რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრეთ. როგორც ცნობილ ანეკდოტშია – ენა რამეში გამოგადგათ?

– მაშინ გასტროლების ნახევარზე მეტი რუსეთში გვქონდა, წელიწადში ას კონცერტს ვატარებდით. განსაკუთრებით, რუსული ენა და გრამატიკა, იცით, სად მჭირდებოდა? ქალებთან ურთიერთობისას…

– რომელიმე გასტროლი გაიხსენეთ.

– ანსამბლის პირველი გასტროლის აფიშა ჯემალ ბაღაშვილის კაბინეტშია გაკრული, რომელსაც აწერია – გოგი ცაბაძის საიუბილეო კონცერტები, ბუბა კიკაბიძე და ანსამბლი “ივერია”. წარმოიდგინეთ, თავიდანვე ამხელა ადამიანის გვერდით ვიდექით და მის სიმღერებს ვმღეროდით. ერთი კურიოზი მახსოვს: გოგი ცაბაძეს, ამ უსაყვარლეს პიროვნებას ახალი დაწერილი აქვს სიმღერა “ფანჯარაში მტრედია”. იმ კონცერტებზე ერთ კუპლეტს ბუბა მღეროდა, მეორეს – თემური და მისამღერებს – ბატონი გოგი. ჩვენ ვუკრავთ. მოდის ის მომენტი, როცა ბატონი გოგი ამბობს: – “ფანჯარაში მტრედია, ნეტავ ვისი ბედია, არ მომიკლა, გენაცვალე…” – და სიტყვები დაავიწყდა. დაკვრას ვაგრძელებთ, ბუთხუზმა გვანიშნა, – არ უკარნახოთო. ბატონმა გოგიმ გაიხედა აქეთ-იქით და ბოლოს თქვა: – “ჩემი შეყვანილია”, “საყვარელიას” ნაცვლად. რუსულად საუბრობდა და რამდენჯერმე მკითხა: “შტო ზა ფამილია კაშხალი?” ვეუბნებოდი, კაშხალი არა, კვაშალი. – საიდანა ხარო? – გურული ვარ-მეთქი. – ასეც ვიცოდიო… ამ ბუმბერაზ კომპოზიტორთან ერთად 35 კონცერტი გავმართეთ საქართველოს მასშტაბით. უამრავ არაჩვეულებრივ მომღერალსა და შესანიშნავ კომპოზიტორს შევხვედრივარ და უბედნიერესი ვარ, რომ ჩემი ცხოვრება ასეთ ლამაზ ხალხთან ერთად გავატარე.

– თქვენი სავიზიტო ბარათი, ჩემი აზრით, ჯუჯაა. თქვენც ასე ფიქრობთ?

– პრინციპში, ასეა. ეს ამბავი 1985 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ჯუჯები მონაწილეობდნენ სპექტაკლში “თოვლის ბებოს ზღაპარი”. საახალწლო კონცერტები გათვალისწინებული იყო დეკემბერ-იანვარში, მაგრამ 45-ის ნაცვლად, 168 წარმოდგენა გაიმართა, რაც აგვისტომდე გაგრძელდა. პერსონაჟების სიყვარულმა მოიტანა ის, რომ დაამზადეს ჯუჯების პატარა ფიგურები და კონცერტების დროს იყიდებოდა. ძალიან მოსწონდათ, ერთს “ჯაჯუ” ეწერა, მეორეს – “ჯუჯა”. უამრავ სურათს ვიღებდით ბავშვებთან ერთად, მაშინ პოლაროიდი იყო მოდაში. მე და ვახო კონცერტის შემდეგ ფოიეში ვსხდებოდით და იყო “მიდი-მოდი”. როგორია, 500 ბავშვთან ფოტოს გადაღება?! მაგრამ თან, ძალიან გვსიამოვნებდა ურთიერთობები პატარებთან.

ერთ დღესაც თავი ცუდად ვიგრძენი. თურმე ჩუტყვავილა მაქვს, ვიღაც ბავშვმა შემყარა. ამ ჯუჯა-ჯუჯაობასა და სიყვარულში, “ბატონები” 34 წლის ასაკში გადავიტანე… რამდენიმე წლის წინ ბათუმში კონცერტებს ვმართავდით, ჯუჯების იუბილე გვქონდა და ვახომ მითხრა, – მოდი, ფეხით გავიაროთო. სასტუმრომდე დაახლოებით 1 კმ იქნებოდა, ყოველ ხუთ წუთში გვაჩერებდნენ და 300 ფოტო მაინც გადავიღეთ. მე და ვახოს ცრემლები მოგვერია. ეს არის ყველაზე დიდი სიყვარული, რასაც ხალხისგან ვიღებთ. პატივს ვცემ მის უდიდებულესობას – ქართველ მაყურებელს!

– ყველა წლის “ჩხიკვთა ქორწილის” უცვლელი ბუ ხართ…

– “ჩხიკვთა ქორწილმა” ყველანაირი რეკორდი მოხსნა. სანამ პანდემია დაიწყებოდა, ორჯერ ჩატარდა სპექტაკლი და ათიათასკაციანი დარბაზი სავსე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ მაყურებელს ძალიან უყვარს ეს მიუზიკლი, სადაც უამრავი ლამაზი მელოდიაა. ბუ არის ჭკუის სიმბოლო – დაბრძენებული, მეცნიერი… მაგრამ მე წითელცხვირიანი ჯუჯას ცხოვრება მერჩია.

– თაყვანისმცემლები გაწუხებდნენ?

– ყოფილა შემთხვევები, ვიმალებოდით. ფილარმონიაში უცხო ადამიანი ვერ შემოვიდოდა, მაგრამ “სლუჟებნი ვხოდთან” იდგნენ ხოლმე. ფილმებში ხომ გინახავთ, კონცერტის შემდეგ მსახიობებს როგორ ელოდებიან ჟურნალისტები და თაყვანისმცემლები. აი, ასე იყო ზუსტად. იმდენ ავტოგრაფს გვთხოვდნენ, ხელები გვეღლებოდა, მაგრამ უარს ვერ ვეტყოდით. ვახო წრუწუნას ხატავდა, დამხეცებული ჰქონდა, მერე ხელს მოაწერდა, მე კიდევ – ჯუჯას ვხატავდი.

– მაყურებლის წერილებს, რომლებიც ტომრებით მოდიოდა, ბატონი თემურ წიკლაური ინახავდა. თქვენც ხომ არ გაქვთ რაღაც ნაწილი?

– არა, ყველაფერს მას ვაბარებდით. თემური იყო ჩვენი არქივარიუსი. წერილებს ვეძახდით “მადლობის პრემიას”. მადლობის წერილების გარდა, გვწერდნენ: “მიყვარხარ”; “როგორ მინდა შეგხვდე”; “ლექსი დაგიწერე”; “სიმღერა დავწერე” და ა.შ. ვფიქრობდით, რომ იმ უამრავი ბარათიდან გამოგვერჩია სახალისოები და გადაცემა გაგვეკეთებინა.

– დაბოლოს, რისი თქმა გსურთ?

– მინდა, ყველას დიდი მადლობა ვუთხრა, ვისაც დღესაც უყვარს “ივერია” და პატივს გვცემს. იმდენმა ადამიანმა მომილოცა დაბადების დღე, არ მეგონა, ამდენი მეგობარი, ნათესავი, ახლობელი, გულშემატკივარი თუ მყავდა. ჟურნალ “გზის” საშუალებით ყველას მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო. არ მჯერა… არ მჯერა, რომ 70 წლისა ვარ! მთავარი ის არის, რომ ადამიანი ახსოვთ და პატივს სცემენ. მერიამ კარგი საქმე გააკეთა, როცა ქართული ესტრადის დიდი ქომაგის, რობერტ ბარძიმაშვილის სახელობის სკვერი გახსნა და მისი სახელი მიაკუთვნა ერთ-ერთ ჩიხს. 13 თებერვალს ზურა დოიჯაშვილის სახელობის პატარა შესახვევი იხსნება მის ძველ უბანში, “იარმურკაზე” და, რა თქმა უნდა, მეც იქ ვიქნები. ჩვენი საუბარი ასე დავასრულოთ: “გული მაინც არ გვწყდება,/ არ გაგვწირავს განგება,/ ჩვენ წავალთ და ამ ქვეყნად/ სიმღერები დარჩება”.

– წელს ჩემი დაბადების დღე, ისევე, როგორც შარშანწინდელი, ძალიან უცხო გარემოში – თვითმფრინავში აღვნიშნე. ზუსტად ასე იყო მაშინაც, როცა ამერიკიდან საქართველოში ვბრუნდებოდით მე, ზურა კობეშავიძე და ნუგზარ ერგემლიძე. 2022 წელს ამერიკაში შევხვდით, 20 დღე ვიყავით და ოთხი ქალაქი მოვიარეთ. ნიუ-იორკის ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ რესტორანში, რომელიც ჩვენი მეგობრებისაა, სამი წარმოდგენა გავმართეთ. უფრო სწორად, ეს იყო საახალწლო ქეიფი სიმღერებით გოჭის ხორცსა და საცივზე. მერე ჩავედით მაიამიში, ფილადელფიაში და ნიუ-ჯერსიში. ძალიან კი დავიღალეთ. ლას-ვეგასი დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ ვეღარ მოვახერხეთ წასვლა. არადა, ძალიან გვინდოდა იმიტომ, რომ რამდენიმე წლით ადრე ზურა კობეშავიძეს მკითხავმა უთხრა – იმ ქვეყანაში, რომლის სახელი “ა”-ზე იწყება, მილიონებს მოიგებო. დავფიქრდით: თუ დაემთხვა? ამერიკა, ლას-ვეგასი, მილიონები… ცოტა შეგვეშინდა, ძნელი იქნებოდა მილიონების წამოღება და ეს ამბავი რამდენიმე წლით გადავდეთ (იცინის).

წყარო : https://kvirispalitra.ge/

Cesko