ცნობილი მსახიობი რუსუდან კიკნაძე 75 წლის ასაკში, აშშ-ში გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ინფორმაციას მსახიობის ახლობლები ადასტურებენ.
რუსუდან კიკნაძე 1946 წლის, 7 მარტს დაიბადა. 1969 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ორი წლის განავლობაში იყო მსახიობ გოგი ხარაბაძის მეუღლე, ჰყავდათ ვაჟი ხარება (ნიკუშა) ხარაბაძე, რომელიც აშშ-ში გარდაიცვალა. მეორე ქორწინებიდან ჰყავს ერთი ვაჟი – მატვეი შატცი.
მსახიობს ცხოვრებაში მძიმე ტრაგედიის გადატანა მოუხდა, რომელიც მის უფროს ვაჟს უკავშირდება:
“ამერიკაში მას დიდი სახლი ჰქონდა აუზით. მისი მეორე მეუღლე – მატვეი შატცი ჰოლივუდში მუშაობდა ტექნიკურ სფეროში, ფილმების განახლებასთან დაკავშირებით. რუსიკო ძალიან უყვარდა, ნიკუშას (ხარებას) როგორც საკუთარ შვილს, ისე ექცეოდა, მისთვის არაფერი ენანებოდა. კარგი განათლება მიაღებინა, სასწავლებელი კინოს განხრით დაამთავრებინა და შემდეგ თავისი კომპანია გაახსნევინა, სადაც ნიკუშა ფილმების გადაღებას აპირებდა.
ნიკუშას პარტნიორი მგონი შუა აზიიდან იყო, საკმაოდ მდიდარი. მას, როგორც აღმოჩნდა, პრობლემები ჰქონდა გარკვეულ დაჯგუფებასთან, მათ ჯერ ნიკუშას პარტნიორი მოიტაცეს და ოჯახს მილიონ დოლარს სთხოვდნენ. მერე 25 წლის ბუღალტერი გოგო გაიტაცეს და ბოლოს რუსიკოს ვაჟი. ნიკუშამ დედას დაურეკა და უთხრა, მიყვარხარო, ეს ბოლო ზარი იყო. პარტნიორის ოჯახმა მილიონი გადაუხადა, მაგრამ როგორც მერე გაირკვა, მათ ყველა მოკლეს, ცხედრები ერთ-ერთი ტბის ფსკერზე პარკებით გაგუდული იპოვეს. ეს საშინელი, ენით აღუწერელი ტრაგედია იყო მისთვის!
რუსიკოს მეორე მეუღლე ორი წლის წინ მძიმე ავადმყოფობით გარდაეცვალა. მისთვის დიდი დანაკლისი იყო, მაგრამ მას მეორე ვაჟიშვილი ჰყავდა გზაზე დასაყენებელი, ამიტომ ძალა მოიკრიბა და ოჯახს მართავდა. ბავშვმა იმდენად განიცადა მამის გარდაცვალება, გარკვეული პერიოდი საკვებს არ იღებდა… მეორე ვაჟი პატარაა ასაკით, სკოლა დაამთავრა და კოლეჯში გააგრძელა სწავლა”, – განუცხადა “ამბებს” ჟურნალისტმა ნანა ღონღაძემ.
წყარო: ambebi.ge