“ყაზახეთის ხელისუფლება არცერთ მსხვილ მოთამაშეს არ მოსწონდა. რაც შეეხება რუსეთს…” – მამუკა არეშიძე

January 6, 22:26
0
698

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

მამუკა არეშიძის თქმით, ყაზახეთის ხელისუფლებებს საგარეო პოლიტიკაში მანევრების კუთხით „თავში აუვარდათ“ და ისინი ყველა მსხვილ მოთამაშეს ეთამაშებოდნენ.

მამუკა არეშიძე ხაზგასმით საუბრობს იმ ფაქტორების შესახებ, რომელმაც ქვეყანა ამ პროცესებამდე მიიყვანა.

„ასეთი მასშტაბის არა, მაგრამ ის ვითარება, რაც შექმნილია ყაზახეთში ბოლო წლების განმავლობაში, საბოლოო ჯამში ექსცესამდე რომ მიიყვანდა ქვეყანას, ეს იგრძნობოდა. ამ პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა აღვნიშნოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყანა, ცხოვრების დონე მაინც არ იყო შესაბამისი იმ სიმდიდრისა, რასაც ყაზახეთი ფლობს.

მეორე – ძალიან მნიშვნელოვანი, ყაზახეთის ხელისუფლებას „თავში აუვარდა“. საგარეო პოლიტიკაში მათ მანევრებს ვგულისხმობ. ერთდროულად ისინი ეთამაშებოდნენ ყველა მსხვილ მოთამაშეს, რომელიც რეგიონში აქტიურობს. ეს არის რუსეთი, ჩინეთი, დასავლეთი და გარდა ამისა, ისლამური სამყარო.

ქვეყნის ხელისუფლება არცერთ მსხვილ მოთამაშეს არ მოსწონდა. რაც შეეხება რუსეთს, მოსკოვის გაღიზიანებას იწვევდა ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებდა ყაზახეთის ხელისუფლება რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ. მოგეხსენებათ, ყაზახეთში დაახლოებით 35-40% რუსულ ენოვანი მოსახლეობაა და ჩრდილოეთ ყაზახეთი პრაქტიკულად რუსულია.

ამ ბოლო პერიოდში დაიწყო მანდ რუსული ენის სწავლების აკრძალვა სკოლებში და რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროება. ეს მოსკოვის სერიოზულ გაღიზიანებას იწვევდა. ყაზახეთი ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა და ის წინააღმდეგობები, რომელიც ასეთი ტიპის სახელმწიფოებში არსებობს, ამ ბოლო დრომდე არ იჩენდა თავს, მაგრამ ნელ-ნელა გროვდებოდა.

რაც შეეხება დასავლეთს, დასავლეთთანაც გარკვეული თამაშის წესი შემოიღო ყაზახეთმა, თავი დაიფასა და ცდილობდა, ყველასთან კარგი ყოფილიყო და ყველასთვის თავისი ბრჭყალები ეჩვენებინა.

ყაზახეთის ხელისუფლებას, რომელიც ნაზარბაევის წასვლის შემდეგ ძალიან ეკლექტური გახდა, ამის უნარი და შნო არ აღმოაჩნდა. გარდა ამისა, ძალიან ძლიერია ყაზახეთიდან გაქცეული ემიგრაციის წილი. ეს ემიგრაცია ძირითადად ოლიგარქებისგან შედგება, რომლებმაც დიდი ფული იშოვეს  და ისინი ყაზახეთში ყოფილი ჩინოვნიკები იყვნენ. შემდეგ რაღაცნაირად, ნაზარბაევთან ვერ მოილაპარაკეს, ყაზახეთს გაერიდნენ, მაგრამ ცხოვრობენ ევროპაში ან რუსეთში, თავისი კლანების სისტემას მაინც ეყრდნობიან ყაზახეთში.

ეს ყველაფერი დაიწყო სოციალური მოთხოვნებით, მაგრამ ახლა ისე არის არეული სიტუაცია, რომ ყველა მსხვილი მოთამაშეა ჩართული, უპირატესობა რუსეთს აქვს და ყველა ცდილობს თავისი სარგებელი ნახოს. ამიტომ,  ქვეყანაში აბსოლუტური ქაოსური ვითარებაა. რუსეთი ისეთი პოლიტიკური ძალა არ არის, რომელსაც შეიძლება ვინმე დაეყრდნოს. დღეს ყაზახური საზოგადოების მდგომარეობა ნამდვილად არასახარბიელოა. პრაქტიკულად დღეს ქუჩა უკავია მარგინალურ ელემენტებს, რომლებსაც დამატებით თავიანთი ინტერესები აქვთ.

ნაციონალისტების, ლიბერალების, დასავლეთელების, პრორუსების, ისლამისტების ინტერესები ერთმანეთშია არეული და ეს ყველაფერი ქუჩაში ჩანს“, – აცხადებს არეშიძე.

Pia.ge-ს კითხვაზე, რა დასასრული შეიძლება ჰქონდეს ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს, არეშიძე არ გამორიცხავს განმრეორდეს ის, რაც ყარაბახში მოხდა:

„უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ქაოსი იქნება. მსხვილი მოთამაშეები მღვრიე წყალში  თევზის დაჭერას შეეცდებიან. უფრო უკეთესი მდგომარეობა რუსეთს აქვს, რომელიც წარმოდგენილია როგორც ოფიციალური ისე არაოფიციალური სამხედრო კონტინგენტით. დაახლოებით განმეორდება ის, რაც ყარაბახში მოხდა. რუსეთი დაბრუნდა სამხედრო წარმომადგენლობით პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ კონკრეტულ ქვეყანაში. რუსეთი დაიწყებს იქ სიტუაციას დალაგებას, გამოუვა თუ არა ეს, დამოკიდებულია სხვა მსხვილი მოთამაშეების ინტერესებზე, ვიმეორებ ესენი არიან დასავლეთი, ჩინეთი და პლუს თურქეთი“, – დასძინა მამუკა არეშიძემ.

საპროტესტო აქციები ყაზახეთში 2 იანვარს დაიწყო, თავდაპირველად აქციები ქალაქებში ჟანაოზენში და აქთაუში მიმდინარეობდა, მოგვიანებით საპროტესტო ტალღა მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. მოსახლეობა თხევადი გაზის გაძვირებას აპროტესტებდა. შემდეგ კი მათი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომა გახდა.

წყარო:https://pia.ge/

Cesko