“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“არ შევედით პარლამენტში და აგერ, აგვკრძალეს, წაგვართვეს დაფინანსება, რეკლამა, ყველაფერი, არ შევედით პარლამენტში, მაგრამ ამათ რომ ვუყურებ, პარტიაში მიდის მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ და იქ ის კომფორტი დავურღვიოთ და ავაწიოკოთ. არაფერს არ ვნანობ, პარტიაში მიდის უკვე ამაზე მსჯელობა. რათქმა უნდა, მე თანხმა არა ვარ… მე ხომ დავწერე განცხადება, მაგრამ არ შემიწყვიტეს… ხელფასს არ ვიღებ, ამით დავამშვიდე ჩემი გაბოროტებული ოპონენტები, ხელფასს რომ მაყვედრიდნენ სულ. რასაც ვმუშაობდი, სულ იმას ვიღებდი, მაგრამ გარკვეული კატეგორია ჩემი ხელფასის და ჩემი სახლის აგურების დათვლითაა დაკავებული, როცა ქვეყანა მოგვპარეს.
მე ამის წარმოდგენაც მიჭირს, რომ ლეიბორისტული პარტია შევიდეს პარლამენტში, შესვლა იმიტომ კი არ გვინდა, რომ დავტკბეთ პრივილეგიებით და სკამებით, გვინდოდა შესვლა, რათა ეს ქვეყანა გვეხსნა გაჭირვებისგან, ტრაგედიებისგან, მილიარდელთა ხროვის ბატონობისგან, მაგრამ ხალხმა გააკეთა არჩევანი ფულიანზე, მდიდარზე, ძალაუფლებით აღჭურვილზე და ამ არჩევნების შედეგს ვიმკით და ახლა ერთი კაცის შესვლა შეიძლება ჩემი ოცნება იყოს?
პარტიაში მიდის განხილვა, ერთი დეპუტატი შევიდეს პარლამენტში, ასეთი მსჯელობაა, იმიტომ რომ არ გამოდიან, არ ტოვებენ პარლამენტს, გამოვლენ, შემოვლენ… მიდის საუბარი იმაზე, რომ მათ პირდაპირ უთხრან სიმართლე. ფაქტი ერთია, ხალხი არ გამოდის პარლამენტიდან, ახალ არჩევნებზე არავინ საუბრობს და არავის ეს არ უნდა და ჩვენ ვკარგავთ ტრიბუნას, საიდანაც შეგვიძლია ხალხის სათქმელი პირში ვუთხრათ იმ გაქსუებულ, მილიარდელ ბიძიებს, თუ მამიდებს… ეს ჩემი პირადი სურვილი არ არის, ეს ჩემი ტრაგედიაც იყოს შეიძლება… იმ ყველაფრის გაკეთებას, რისი გაკეთებაც მინდოდა, უნდოდა უმრავლესობით მოსვლა და არა ერთი დეპუტატის შეკინკილება იქ, ეს ჩემთვის არის სირცვხვილი, მაგრამ როცა ხალხის და ქვეყნის ინტერესებზეა საქმე, პირადი ემოცია მეორეხარისხოვანია. მზად ვიქნები ეს ნაბიჯი გადავდგა, თუ პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას და გავაკეთებთ გამოკითხვას, რას იტყვის ხალხი, რათა მერე არ თქვან, რომ აი, პარლამენტში შევიდა იმიტომ, რომ ბიძინამ ფული გამოუგზავნა, ან მიშამ გამოუგზავნა… ვარსკვლავების მოწყვეტა მქონდა დაგეგმილი და უცებ შევკინკილდე მე ერთი… შესვლის ერთადერთი მიზანი იქნება, მწარე სიმართლე პირში ვუთხრა.”