სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, მათ მიერ მიღებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.
“სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.
დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა. სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი, რაც მათ განკარგულებაში არსებული საინფორმაციო ქსელებით, მთავრობისთვის ხელოვნურად დამაგრებული “პრორუსულობის“ ლოზუნგით, შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისათვის.
აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. ხაზგასასმელია ის, რომ აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.
დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია “კანვასი”, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია “ოტპორი.” სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.
ხსენებული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს ეგრეთ წოდებული „კარვების ქალაქის“ მოწყობას, საქართველოში ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და ასევე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც შეიცავენ მძიმე პროვოკაციის ელემენტებს. კერძოდ, დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული ,,ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება.
ასევე ცნობილია, რომ გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციების მიმდინარეობის ადგილას, კერძოდ ეგრეთ წოდებული „კარვების ქალაქის“ ტერიტორიაზე, წინასწარ შერჩეულ კარავში შეტანილი იქნება ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს. აღნიშნულმა, მათი დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით უნდა გამოიწვიოს საპროტესტო აქციებში მონაწილე მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა რიგებში მსხვერპლი. ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში, დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის.
გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ხსენებული პროვოკაციები, ორგანიზატორების მიერ, პირველად არ დაგეგმილა საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა წარსულში ისინი აღკვეთილ იქნა სამართალდამცავების ეფექტური და პრევენციული რეაგირების მეშვეობით. არსებული მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების გამოწვევების გათვალისწინებით, განსხვავებით წინა შემთხვევებისაგან, ამჟამინდელი გეგმა წარმოადგენს გაცილებით მაღალი რისკის შემცველ ფაქტორს, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს რიგითი მოსახლეობის სიცოცხლეს, კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ აღნიშნული რისკების გასანეიტრალებლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციაში ახორციელებს და განახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ღონისძიებას. ასევე, დამატებითი ოპერატიული ინფორმაციის მიღების მიზნით, სამსახური ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებს.
სხვა ახალი ამბები:
500 და 1000 ლარი ოჯახებს – ნახეთ ვინ მიიღებს ფულად დახმარებას
თემურ მაისურაძე: “მოქმედი კანონი ათ წელიწადში დაგვანგრევს, გაგვანადგურებს”