ქუთაისში თითქმის 9-საათიანი სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. სამართალდამცველებმა “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი დააკავეს, ასევე უვნებლად გათავისუფლდა ყველა მძევალი.
ყოფილი გამომძიებელი ემზარ საბანაძე თავდასხმის მიმდინარეობაში ბევრ საეჭვო დეტალს ხედავს:
“ბანკზე თავდამსხმელი ავადმყოფია და ეგონა, როგორც ესებუას, ამასაც ისე გაატანდნენ ფულს. აქ საეჭვოდ ის მიმაჩნია, რომ თავდამსხმელი ძალიან კარგად იყო მძევლებთან, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, ტელეფონითაც სარგებლობდნენ… არ გამოვრიცხავ, მას თანამზრახველები იქვე, შიგნით ჰყოლოდა. არც ისაა გამორიცხული, რომ სპეცრაზმელი იყოს – ჩვენი სპეცრაზმელები და პოლიციელები ფინანსურად ისეთი გაჭირვებულები არიან, თავისუფლად შეიძლება მათი წრიდან იყოს. მე ის უფრო მაეჭვებს, რომ მას და მძევლებს ძალიან თავისუფალი და სხვანაირი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ დროის მოკლე მონაკვეთში, იქ მყოფებმა უცებ აუღეს ალღო თავდამსხმელს.
შეუძლებელია ეს პიროვნება მარტო იყოს, თუნდაც ასეთი ციფრის მოთხოვნიდან გამომდინარე. 2 მილიონით ვერსად გაიქცევი – ვერტმფრენამდე ხომ უნდა მისვლა, ან მერე იმ ვერტმფრენით სად უნდა წავიდეს?
მისი ქმედებები იმის მაჩვენებელია, რომ ახდენენ როგორც ხელისუფლების, ისე უწყების, შსს-ს დისკრედიტაციას. სავარაუდოდ, აქაც ანალოგიური შემთხვევა იქნება, კაცი სათამაშო პისტოლეტით რომ შევარდა ბანკში და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა.
პირველი შემთხვევაა, როცა ყაჩაღი 2 მილიონს ითხოვს. როგორც ჩანს, იცოდნენ მისი ვინაობა, ითქვა, რომ ვალები აქვს, წავიდა, ჩამოვიდა, იქვე გააჟღერეს, ფსიქიკურად გაუწონასწორებელიაო, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ყველაფერი “ფეიკია” და “ბლეფი”, – უთხრა ემზარ საბანაძემ “ამბებს”.
ambebi.ge