გუშინ თერჯოლაში შემზარავი ფაქტი მოხდა – 37 წლის თამილა ლილუაშვილს ყოფილმა ქმარმა ბენზინი გადაასხა და თვითმხილველების თვალწინ დაწვა.
თერჯოლაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა მოკლა, მაღაზიის მენეჯერია.
დაუდასტურებული ინფორმაციით, მკვლელი ნასამართლევია. ისინი რამდენიმე წლის გაშორებულები იყვნენ და კაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.
შემთხვევა მაღაზიათა ქსელ “მაგნიტში” მოხდა, სადაც გარდაცვლილი მუშაობდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მას ყოფილმა ქმარმა ასაფეთქებელი სითხე შეასხა, შემდეგ კი ოთახში გამოკეტა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, დაზიანებები მიიღო სხვა თანამშრომლებმაც.
ქალი ცეცხლის ალში ადგილზევე დაიწვა. ფაქტის შეემსწრეები ცდილობდნენ მას მიშველებდნენ, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში ისინიც დაშავდნენ, ქალისთვის დახმარების აღმოჩენა მაინც ვერ შეძლეს. დაზიანებები მიიღო თავად მოძალადემაც, ის ახლა თერჯოლის ერთ-ერთ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებშია მოთავსებული.
ექიმის განცხადებით, 41 წლის მამაკაცის სიცოცხლეს ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება.
„პაციენტი უმძიმეს შოკურ მდგომარეობაში დაახლოებით, 20:20 საათზე შემოიყვანეს. სხეულის დაახლოებით, 60-70%-იანი, მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა იყო. ის შეყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში შემდგომი მკურნალობის და დაკვირვების მიზნით,“ – განაცხადა ექიმმა.
ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
“წლები უყვარდათ ერთმანეთი, ვიდრე დაქორწინდებოდნენ. შემდეგ არ ვიცი რა მოხდა, კაცი გამუდმებით ძალადობდა თურმე და დაშორდნენ. შერიგებას სთხოვდა და არ ურიგდებოდაო. შემაკავებელი ორდერიც ჰქონია გამოწერილი კაცს, მაგრამ ვერაფერმა დაიცვა ეს გოგო. ორი ბავშვი დაობლდა” – უყვება ambebi.ge -ს გარდაცვლილი ქალის მეზობელი.