19 წლის უკრაინელი მიკიტა ჟურაველი, რომელიც რუსეთში, ვოლგოგრადში ყურანის დაწვისთვის დააკავეს, ამბობს, რომ გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩეჩნეთის უფროსის 15 წლის ვაჟმა, ადამ კადიროვმა მასზე ფიზიკურად იძალადა. ინფორმაციას რუსეთის ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა ადასტურებს და ამასთან დაკავშირებით „ტელეგრამზე“ წერს.
მან თავის კოლეგას ჩეჩნეთში, მანსურ სოლთაევს მიმართა თხოვნით, რომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ამ საქმეზე გამოძიება ჩაეტარებინა.
ჩეჩნეთის ომბუდსმენმა თქვა, რომ უკვე ესაუბრა ნიკიტა ჟურაველს. როგორც ის აღნიშნავს, ჟურაველმა უთხრა, რომ საკანში რამზან კადიროვს შეხვდა და როდესაც ჩეჩნეთის უფროსმა საკანი დატოვა, ადამ კადიროვი მას ფიზიკურად გაუსწორდა: „სავარაუდოდ. , ხელ-ფეხს ურტყამდა“, – ამბობს ჩეჩნეთის ადამიანის უფლებადამცველი.
ცნობისთვის, 19 მაისს სოციალურ ქსელში, ვოლგოგრადში ყურანის დაწვის ვიდეო გამოჩნდა.ორ დღეში უსაფრთხოების ძალებმა განაცხადეს, რომ დააკავეს ეჭვმიტანილი – ადგილობრივი მცხოვრები, წარმოშობით უკრაინელი, მიკიტა ჟურაველი, რომელიც ვოლგოგრადში ანექსირებული ყირიმიდან გადავიდა და საკვების მიმწოდებლად მუშაობდა.
რამზან კადიროვი კი არაერთხელ დამუქრებია შურისძიებით მათ, ვინც ყურანის დაწვის აქციებს ახორციელებს.