18 Views
ჟურნალისტი, გამოცემა “თაიმერის” დამფუძნებელი, ბერდია კალანდია:
“ზეცაში გადასახლება – ნიკო კვარაცხელია დღეს 24 წლის გახდებოდა.
მეორე წელია, მისთვის მზე სხვანაირად ამოდის… მეორე წელია, ის სხვა სამყაროში ცხოვრობს, სამყაროში, რომლის შესახებაც ჩვენ, დედამიწელებმა არაფერი ვიცით…
ჩვენ არც ის ვიცით, იქაურობა როგორია, თუმცა ამბობენ, რომ საიქიო სააქაოზე უკეთესია.
ჰოდა, ნიკო კვარაცხელია თავის 24-ე დაბადების დღეს, უკვე მეორედ, სწორედ იქ, სხვა, უკეთეს სამყაროში აღნიშნავს, სამყაროში, სადაც არც შურია, არც – მტრობა და არც – ბოროტება.
ჰო, იმ სამყაროში, სადაც ახლა ნიკო ცხოვრობს, დედამიწიდან გადასახლებულები ერთმანეთის სისხლითაც არ იკვებებიან და ალბათ, აზრადაც არავის მოუვა, რომ 22 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე მოუსწრაფოს.
ჰო, იმ სამყაროში სულ სხვანაირი ადამიანები არიან… ნიკოც სულ სხვანაირი ადამიანი იყო, ადამიანი, რომელსაც დედამიწაზე ყოფნა ძალიან უნდოდა, მაგრამ არსთაგამრიგემ თავისთან წაიყვანა და იცით, რატომ წაიყვანა? – იმიტომ, რომ ნიკო უფლის შვილი იყო, უფრო სწორად, არის. მშობელს კი უნდა, შვილი გვერდით ჰყავდეს…
მეორე წელია, ნიკო არსთაგამრიგესთან ცხოვრობს…
მეორე წელია, დედა ცად წასულ შვილს შორიდან ეფერება…
მეორე წელია, იზა ომაძე ნიკოს დაბადების დღეს ცრემლით ულოცავს…
„მეც მაშინებდნენ
სიკვდილით ერთ დროს,
ო, უნდა მენდო,
ჯვარი გწერია, –
მანდ გეშინოდეს,
თორემ აქ ახლა
საშიში სულაც არაფერია!”
ეს ლექსი თითქოს ნიკოსთვის დაუწერია მორის ფოცხიშვილს სადაც ნიკოა იქ შიშს, სიბნელეს რა უნდა, სულის ტკივილს, გაუსაძლის მონატრებას რა ვუყოთ თორემ ზეცაში გაგრძელებული ოცდამესამე ხომ გაცილებით წარმატებულია“ – დაწერა შარშან, 12 აგვისტოს ნიკოს დედამ, იზა ომაძემ სოციალურ ქსელში.
ქალბატონი იზა, ზეცადწასულ შვილს 24-ე დაბადების დღეს, ისევ მიულოცავს…
ნიკო დედის მილოცვას აუცილებლად გაიგებს, თუმცა ალბათ, გაუკვირდება, რა 24-ე დაბადების დღე, მე ხომ 22 წლის ვარო…
ჰო, იქ, სადაც არსთაგამრიგე და ნიკო ცხოვრობენ, ასაკი არარსებობს. იქ, ყველა დედამიწელი იმ ასაკისაა, რა ასაკშიც ჩვენი პლანეტა დატოვა…
ნიკოც ისევ 22 წლისააა და ასე იქენება სამარადჟამოდ…
და მაინც, მომავლის ბიჭო, ნიკო კვარაცხელიავ, გილოცავთ შენს 24-ე დაბადების დღეს იქ, სადაც ხარ, როგორც ხარ… და იცი, რას გისურვებთ?! იქიდან, შენი მარადიული სამყოფლიდან, ჩვენ, დედამიწაზე დარჩენილ ცოდვილებს დაგვემხარე, რომ ერთმანეთის სიყვარული, გატანა, თანადგომა და თანაგრძნობა ვისწავლოთ!
ისიც ვიცით, რომ ეს სიტყვები ოჯახისთვის ლიტონის სიტყვები…..”