,,დაახლოებით, 50 ადამიანთან კავშირი ვერ ხერხდება” – ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან

August 4, 07:40
0
477

შოვში, სტიქიის ზონაში, დაახლოებით, 50 ადამიანთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ,,რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

,,70-მდე მოქალაქე უკვე გამოყვანილია სტიქიის ზონიდან, 152 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა, რომლებიც იმყოფებიან უკვე უსაფრთხო ადგილას და ხვალ დაგეგმილია, მათი გადმოყვანა. ამასთანავე, დაახლოებით 50 ადამიანია, რომელთანაც კავშირი ვერ ხერხდება, მაგრამ უშუალოდ, სტიქიის ზონაში, ამ მომენტში, 150 მაშველია და ცდილობენ შესაბამისი პირების პოვნას. მთლიანად 400 მაშველია ჩართული. მობილიზებულია ტექნიკა”, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ამასთან, როგორც ქარსელაძე ამბობს, სტიქიის ზონიდან გარდაცვლილი 2 პირის გადმოსვენება ხვალ მოხდება.

“სტიქიის შედეგად დაზიანდა გზები, წაღებული არის 2 ხიდი და ამ მიმართულებით, მობილიზებულია ტექნიკა და კიდევ დაემატება. ხვალ დილიდან გაგრძელდება შესაბამისი სამუშაოები, ისევე, როგორც წაღებული ხიდების აღდგენა და საგზაო კომუნიკაციის აღსადგენად ყველა ზომა იქნება მიღებული. ადგილზე წარმოდგენილნი არიან ყველა შესაბამისი სამინისტროს წარმომადგენლები. ასევე აქ არიან გეოლოგები, ინჟინრები, რომლებიც ხვალ დილით ხელახალ შესწავლას აპირებენ აღნიშნული არეალის. რეალურად კეთდება ყველაფერი რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს ყველა ძალისხმევა.

სამწუხაროდ, 2 ცხედარი არის აღმოჩენილი, რომელთა გადმოსვენება უკვე ხვალ განხორციელდება და შემდგომ უკვე პროცედურების დაცვით მოხდება მათი იდენტიფიცირება,” – განაცხადა მინისტრმა “კურიერთან”.

წყარო : პრაიმტაიმი

Cesko