,, გარდაცვლილებთან მეტი სულიერი სიახლოვე და ნათესაობა ვიგრძენი გუშინ, ვიდრე ცოცხლებთან…” – ირმა ინაშვილი

0
1143
26 Views

ყოფილი ვიცე-სპიკერი, ირმა ინაშვილი:

,,გუშინ მთელი ღამე გავათენე. საარქივო ჩანაწერებს ვუსმენდი. ჯერ რეზო ლაღიძემ გამოანათა. სულ უნდა იწანწალოთ ჩვენს სამშობლოში, ფეხში ეკალი ერთხელ მაინც უნდა შეგერჭოთ, რომ ქვეყნის სიყვარული შეიგრძნოთო. მერე გიგა ლორთქიფანიძისა და ბიძინა კვერნაძის საოცარ შესრულებას მოვუსმინე: “მაგრამ რა მევარდება”… ახლა ზურაბ (პიკო) ნიჟარაძემ დამატყვევა, პიკომ ჩაიარა და ჯანო კახიძისა და რამაზ ჩხიკვაძის დუეტი ამოცურდა არქივიდან… როგორ გახდით წარმატებულიო, – ეკითხებიან კახი კავსაძეს. პასუხს დააკვირდით:”არასდროს, არავისი, არაფერი შეგშურდეს და იქნები წარმატებული, შური ანგრევს კაცს”… გია ყანჩელი ამბობს: სიკვდილს რამდენჯერმე გადავურჩი, მაგრამ მუსიკა იყო ჩემთან, დღეში 12-14 საათი ფორტეპიანოს არ ვშორდებოდიო.

რამაზ ჩხიკვაძის მონოლოგია დემოკრატიაზე და პოლიტიკოსებზე, აგერ თქვენ მსუსხავი სიმართლე.

(რედ:იხილეთ ვიდეო)

 

ისევ კახი კავსაძე გამოჩნდა, გივი ბერკაშვილი დაიტირა, რაღაცნაირად ჩუმად და ღირსეულად. თითქოს ეკითხებოდა, – როგორ დამტოვე, უშენოდ როგორ უნდა ვიცხოვროო… მთელი ღამე ამ საოცარი ადამიანების, დიდი ადამიანების გარემოცვაში გავატარე და იცით, რას მივხვდი? მათი დონის, მათი წონის, მათი დიაპაზონის პიროვნებებს ვეღარ ვხედავთ ვერც საზოგადოებრივ ასპარეზზე და ვერც ეკრანზე… საკუთარ პროფესიაში გამორჩეულები და რჩეულები თავისუფალნი იყვნენ მდაბიო ყეყეჩობისა და ამპარტავნებისაგან, ასხივებდნენ ცოდნას, ურთიერთპატივისცემას, თავმდაბლობას, ტაქტს, სიყვარულს… ძალიან ღირსეულად, სწორად და მკვეთრად გამოცემდნენ საკუთარ აზრს, ყოველგვარი დედის გინებისა და შეურაცხყოფის გარეშე… ვინ აგრძელებს ამ ხალხის გზას… როგორ ვაგრძელებთ… ვაგრძელებთ კი?! გარდაცვლილებთან მეტი სულიერი სიახლოვე და ნათესაობა ვიგრძენი გუშინ, ვიდრე თანამედროვეებთან, ცოცხლებთან…”

Cesko