თეა წულუკიანმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსთან გამართული აქციის მონაწილეებზე საუბრისას აღნიშნა. წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა მუზეუმის გათავისუფლებულ თანამშრომელზე, რომელიც, მისი თქმით, სავარაუდოდ აქციის მონაწილეც იყო. საუბარია ნინო ხუნდაძეზე, რომელიც ფერწერის ფონდს ხელმძღვანელობდა.
„ეს იმდენად დიდი „პროფესიონალია“, რომ მის ფონდში სრულყოფილი ინვენტარიზაცია არასოდეს ჩაუტარებია. მის ფონდში ეს სრულყოფილი ინვენტარიზაცია ჩემივე დავალებით, ჩემ მიერ ნდობაგამოცხადებულმა მუზეუმის ახალმა დირექტორმა, ბატონმა ნიკა ახალბედაშვილმა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ნინო ხუნდაძის, ამ „დიდი“, აწ უკვე ჩვენი ყოფილი „პროფესიონალი“ თანამშრომლის ფონდში დაკარგულია 26 ექსპონატი, მათ შორის გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანის და თოიძის ნახატები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეკითხვაზე, დაიკარგა თუ არა ეს ექსპონატები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ან 90-იან წლებში, როგორც ამას მისი ოპონენტები ამბობენ, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ როდესაც ნინო ხუნდაძე ხელოვნების მუზეუმში „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მივიდა და ფონდი ჩაიბარა, მას სულ მცირე ის ევალებოდა, რომ იქ ინვენტარიზაცია ჩაეტარებინა და მოეძიებინა, რაც დაკარგული იყო.” – განაცხადა თეა წულუკიანმა.