,,პრემიერის ჩაუსვლელობა ნაწილობრივ ადასტურებს ამ ინფორმაციას” – რას ამბობს ვახტანგ მაისაია
ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება სამხედრო ანალიტიკოსი, ვახტანგ მაისია.
– ბატონი ვახტანგ, ინტერესი არ ცხრება ნატო–ს ვილნიუსის სამიტის შესახებ. რა მიიღო აქედან საქართველომ? ნატო–ში გაწევრიანების გზაზე, გაუარესდა ჩვენი მდგომარეობა თუ იგივე დარჩა? არაფერი რომ არ გაუმჯობესებულა, ეს ისედაც ცხადია.
– მე ვიტყვი, რომ საქართველოს არანაირი წინსვლა არ ჰქონია ამ გზაზე. იგივე მდგომარეობაში ვართ, როგორშიც ვიყავით. თუმცა, ნატო–ს სამიტზე იქნა ჩვენთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი გადმოცემული. ნატო–მ პირველად გაუშვა „სიგნალური დიპლომატიის“ მესიჯი, სადაც პირდაპირ დააფიქსირა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა ჩამოაყალიბოს, როგორ საგარეო კურსს ირჩევს. ეს პირველად გვითხრეს, რაც ყვითილი თუ წითელი ბარათი იყი საქართველოსთვის. რომელი იყო, ეს უკვე თქვენ აირჩიეთ. დიახ, ეს იყო ერთგვარი სიახლე, რომელიც დაფიქსირდა ვილნიუსის სამიტის დეკლარაციის მე–80 პარაგრაფში. სამწუხროა, რომ ნატო–ს ხელმძღვანელობამ ღიად და ოფიციალურად გვითხრა, რომ მათთვის გაურკვეველია საქართველოს საგარეო კურსი. თუმცა, ეს მოსალოდნელი და ლოგიკურიც იყო. მეორე ის იყო, რომ ჩვენ გვითხრეს, საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების გზა გადის მაპზე, ჯერ მაპი, მერე წევრობაო. უკრაინას მაპი მოუხსნეს და მის გარეშე მიიღებენ ნატო–ში. შესაბამისად, ახლა უკრაინას ამზადებენ წევრობისათვის, ჩვენ გვამზადებენ წევრობის კანდიდატობისთვის. მესამე და მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ჩვენ ჩაგვხსნენ იმ პაკეტიდან, უკრაინასთან ერთად რომ უნდა გავმხდარიყავით ნატო–ს წევრები. თურქეთმა მწვანე აუნთო უკრაინის და შვედეთის ნატო–ში გაწევრიანებას. შეიძლება ითქვას, შვედეთი ნატო–ს დე ფაქტო წევრია. თუ, ახლო მომავალში ვინმეს გაწევრიანება მოხდება ნატო–ში, ეს იქნება უკრაინა. საქართველო, მოლდოვა და ბოსნია–ჰერცოგოვინა დავრჩით მაპი–ს მოლოდინში და მეტ–ნაკლებად თანაბარ მდგომარეობაში.
– პრინციპში, იგივე მდგომარეობაში კი არ ვართ, უკან წავსულვართ?
– კი, პოლიტიკური კუთხით, შეიძლება ასეც ითქვას. ერთ–ერთმა გერმანულმა გაზეთმა ისიც დაწერა, რომ ნატო–ს ხელმძღვნელობამ ჩვენს პრემიერ–მინისტრს გამოუგზავნა მესიჯი, რომ მისი ჩასვლა ვილნიუსში არ იქნებოდა სასურველი. არ ვიცი, ეს რამდენად ზუსტი ინფორმაციაა, მაგრამ პრემიერის ჩაუსვლელობა ნაწილობრივ ადასტურებს ამ ინფორმაციას.
– თუ ეს ინფორმაცია მცდარია და ირაკლი ღარიბაშვილი მიიწვიეს და არ წავიდა, ან არ მიიწვიეს და იმიტომ არ წავიდა, ორივე მაინც დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის, არა?
– კი, ეგ თავისთავად ცხადია. გვითხრა ნატო–მ – გვითხრით, საით ხართ, ჩვენსკენ თუ ჩვენი მტრის, რუსეთისკენო, გამოყალიბდითო. მეტი რაღა გვითხრან? სხვათაშორის, ნატო–მ აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს პროგრესი სასწავლო–საგანმათლებლო მიმართულებით ბიოლოგიური, ქიმიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების პრევენციის მიმართულებით. სხვათაშორის, ამაში იგულისხმება, ჩვენი, „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ინიციატივა, რომლის მეშვეობითაც შეიქმნა უსაფრთხოების კვლევის პროგრამა, გაეროსა და ევროკავშირის სპეციალიზირებული ორგანიზაციის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის ეგიდით. აქ უკვე მეც მივიღე მონაწილეობა. “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ პროფესორი გახლავართ, პოლიტიკის და საერთაშორისო მეცნიერების დოქტორი.
– გილოცავთ! ნატო–ს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი, რომ უკრაინა და საქართველო ნატო–ს წევრები გახდებიან, უკრაინისთვის კი ამოქმედდა, მაგრამ ჩვენთვის ეს ჩანაწერი ნიშნავს კიდევ რაიმეს? სხვათაშორის, ეს ნატო–ს პირველი სამიტი იყო, სადაც ეს ჩანაწერი არ ახსენეს და ამით არ გაუსვეს ხაზი, რომ კვლავ ვრჩებით ნატო–ს წევრობის რეალურ კანდიდატებად.
– მადლობა მოლოცვისთვის! მართალი ბრძანდებით, ეს პირველი სამიტი იყო, სადაც ჩვენ, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის ეს ჩანაწერი, არც კი გვიხსენეს. შარშან, ოსლოში, ნატო–ს მინისტრიალზეც კი ახსენეს ეს დაპირება, მაგრამ ვილნიუსში არავის გახსენებია. არც ნატო–საქართველოს კომისია შექმნილა და არც ამ კომისიის მუშაობა შემდგარა ფორმალურ დონეზე. უკვე გასაგებია, რომ საქართველოს ხელისუფლების ამოცანა ნატო–სთან დისტანცირებაა. ეს უკვე კონსტიტუციის დარღვევაა. თავად მმართველმა გუნდმა ჩაწერა კონსტიტუციაში ეს 78–ე მუხლი, რომლის თანახმადაც საქართველოს მიზანი და ამოცანა ევროკავშირში და ნატო–ში ინტეგრაციაა. ამ ჩანაწერს კონსტიტუციაში „ქართულ ოცნებას“ არავინ სთხოვდა, მაგრამ ჩაწერა. დღეს რუსეთისკენ იყურებიან და ეს მუხლი ნაღმად ექცათ რუსეთისკენ მიმავალ გზაზე. რეალურად, ვფიქრობ, ეს ჩანაწერი ხელისუფლებისთვის არაფერს წარმოადგენს. მომავალში ევროკავშირთან და ნატო–სთან დისტანცირების მიზნით,თუ ამ ჩანაწერის ამოღებას შეეცდებიან კონსტიტუციიდან, დიდი ამბები მოხდება. თუ ამის გაკეთება დააპირეს, „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით ხალხის აქტივობა რომ იყო და ლამის ქვეყანა წაილეკა, ეს მონაგონი იქნება, იმდენი ხალხი გამოვა გარეთ. მართალია, ხელისუფლება ყველაფერს უკუღმა აკეთებს, ვიდრე ეს ჩანაწერი მოითხოვს, მაგრამ ჩვენი საზოგადოებისთვის ის ბევრს ნიშნავს. დეკლარირებულად მაინც ვრჩებით ევროკავშირისა და ნატო–სკენ მიმავალ ქვეყნად და ეს ხალხისთვის დიდი იმედია. საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რაც არ აქვს მმართველ პარტიას. 2024 წლის არჩეევნების მერე, თუ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით დარჩა ხელისუფლებაში, ეს საფრთხე რეალური გახდება. იმედია, ეს არ მოხდება. საგარეო გეო–პოლიტიკური ვითარება განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკას, რაც ადრე ასე აქტიური მსაზღვრელი არ იყო და იმედი ვიქონიოთ, რომ საგარეო გეო–პოლიტიკა გაისად არ მისცემს ამის გაკეთების საშუალებას ხელისუფლებას.
– ვილნიუსის სამიტზე ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავის შემაჯამებელ სიტყვაში საქართველო, ბელარუსი და მოლდოვა ერთად ახსენა. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მკვდრებთან ერთად მოგვიხსენიეს.
–მართალი ხართ, რადგან ბაიდენმა სამივე ქვეყანა, როგორც რუსული გავლენის ზონაში მყოფი, ისე ახსენა. დასავლეთი აღარ მალავს, რომ რუსეთისკენ მივდივართ და ამას ღიად გგეუბნებიან.
– უკრაინას მიიღებენ ნატო–ში ომის დასრულების მერე. არსებობს მოსაზრება,რომ უკრაინა ნატო–ში მე–5 მუხლის გარეშე მიიღონ. დავუშვათ, ასე მოხდა, რას მიიღებს უკრაინა ნატო–სგან?
– არ არის გამორიცხული, რომ ეს მოხდეს. თუ ნატო–მ მოინდომა, შესაძლებელია. ასეთ შემთხვევაში, უკრაინა ნატო–სგან პირდპირ მიიღებს შეიარაღებას, სამხედრო ინფრასტრუქტურას და ომისთთვის საჭირო ყველა სხვა საშუალებას. მიიღებს დამტებით ფინანსებს. ნატო–ს სპეცსამსახურები, სამხედრო დაზვერვა, სამხედრო კონტრდაზვერვა ღიად იმუშავებენ უკრაინის სასრგებლოდ. ინტენსიური ხასიათი მიეცემა ნატო–უკრაინის სამხედრო წვრთნებს. ამის გარდა, კიდევ ბევრს მიიღებს უკრაინა.
– პოლონეთის პრეზიდენტმა,ანჟეი დუდამ განაცხადა,რომ უკრაინა ნატო–ში რამდენიმე წელიწადში გაწევრიანდება. ესპერტების, ჟურნალისტების ნაწილი ამბობს, რომ ეს რამდენიმე წელი 4–5 წელიწადს მაინც ნიშნავს. შესაბამისად, ამდენ ხანს გაგრძელდება უკრაინაში ომიო. შესაძლოა, მართლა 4–5 წელიწადს გაგრძელდეს ომი?
– ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რას გადაწყვეტენ უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნები–ამერიკა, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოები. ეს ომი არ არის მარტო რუსეთ–უკრინის ომი, ეს რუსეთისა და დასავლეთის ომია და რუსეთის დასასუსტებლად და დასაშლელად თუ ჩათვლიან, რომ ომის გაგრძელება ამდენ ხანს არის საჭირო, სამწუხაროდ, გაგრძელდება. ყველაფერი პოლიტიკურ კონიუქტურაზეა დამოკიდებული. ადრე ნატო–ს წევრად მაპ–ის საფეხურის გავლის გარეშე არავის იღებდნენ და ეს ბარიერი ჯერ ფინეთს მოუხსნეს, ახლა შვედეთსა და უკრაინას და ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. როდის დასრულდება ეს ომი და გაგრძელდება თუ არა 4–5 წელიწადს თუ მეტს, ამას დაბეჯითებით ვერავინ გეტყვით, მაგრამ ვერც ვერავინ გამორიცხავს.