მას შემდეგ რაც, POSTV- ის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ისევ დაადანაშაულეს, უამრავმა ქალმა დაწერა საკუთარი მძიმე გამოცდილების შესახებ.
მათ შორის არის ტელეწამყვანი მაია ასათიანი, რომელიც წერს, რომ თავადაც იყო სექსუალური შევიწროების მსხვერპლი:
“პირველი განცდა, ამ დროს რომ გეუფლება არის ეჭვი, იქნებ მოგეჩვენა, იქნებ რაღაც არასწორად გაიგე, იქნებ ხელი უფროსი მეგობარივით შეგახო, მეორედ, მესამედ და კიდევ უამრავჯერ რომ მეორდება საშინელი დამცირების გრძნობა გაქვს,რატომ შენ, შენ რატომ გაგიბედეს ასე ურცხვად, ასე პირდაპირ…
მერე ამაზრზენი სირცხვილის გრძნობა გიბყრობს, ცდილობ თავი დაიცვა, დერეფანში რომ დაინახვ კედელს ეკვრი, სადმე შორს თუ მოკრავ თვალს სწრაფად გარბიხარ, საქმიანი გადაკვეთა თუ გიწევს რამდენიმე მეტრიან დისტანციას იჭერ და ხელები მომუშტული გაქვს, ცდილობ არასოდეს დარჩე მასთან ერთად კაბინეტში მარტო.
მერე პირდაპირ გეუბნებიან, რომ საქმეში ხელს შეგიშლიან თუ არ… რატომ დუმან წლების მანძილზე ამაზე ქალები?იმიტომ რომ საკუთარ თავს ვერ პატიობ ეს რომ გაგიბედეს, იმიტომ რომ როცა პირველად გავბედე და სხვა კოლეგა მამაკაცებს ვუთხარი, ვუთხარი იმიტომ რომ დავეცავი, საპასუხოდ ღლიცინი მივიღე.
მერე წლები გავიდა, ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი გავხდი, ჩემს გარშემო ამ მამაკაცის შევიწროვებული სხვა ქალებიც ვნახე. ყველას სძულდა მისი ცხოვრების ის მონაკვეთი, არც ერთ მათგანს არ უნდოდა ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი. ვერ გავბედე მეც. მძულს ჩემში ის შიში, ამდენი ხანი გაჩუმებას რომ მაიძულებდა, ერთმა პატარა გოგომ გაბედა, დროა გავბედო მეც! ME TOO!!!ოღონ ჩემს ისტორიას სხვა მოძალადე ჰყავს!” – წერს ასათიანი ინსტაგრამზე.