ბათუმის სანაპიროზე მეორე დღეა დგას იახტა, რომლის ღირებულება 100 მილიონი დოლარია.
ღია წყაროების თანახმად, იახტა სახელწოდებით „არქიმედე“ ეკუთვნის ჯეიმს [ჯიმ] საიმონსს – ცნობილ ამერიკელ მეცნიერსა და მილიარდერ ფილანთროპს.
საიმონსი თავადაც ბათუმშია.
„ფორბსის“ მსოფლიო მილიარდერთა სიაში ჯეიმს საიმონსი 52-ე ადგილს იკავებს და მისი ქონება რეალურ დროში 28,1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. საიმონსი არის მსხვილი სავაჭრო ჰეჯ-ფონდის Renaissance Technologies -ის დამფუძნებელი. მან იგი 1982 წელს დააფუძნა და 2010 წელს დატოვა თანამდებობა, თუმცა „ფორბსის“ თანახმად, იგი კვლავაც თამაშობს როლს Renaissance Technologies-ში და იღებს სარგებელს ფონდის საქმიანობიდან.
„ფორბსის“ 2022 წლის ყველაზე მსხვილი ამერიკელი ფილანთროპების სიაში საიმონსი მე-8 ადგილს იკავებს. სიის პირველი შვიდეული კი ასე გამოიყურება: უორენ ბაფეტი, ბილ და მელინდა ფრენჩ გეითსები, ჯორჯ სოროსი, მაიკლ ბლუმბერგი, მაკკენზი სკოტი, ჩარლზ ფინი, გორდონ და ბეტ მურები.
განახლებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მდგომარეობით, ჯეიმს საიმონსს ფილანთროპიაში სულ 4 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული.
ჯეიმს საიმონსის ფილანთროპია ძირითადად მეცნიერების მიმართულებით მუშაობს. 1994 წელს, როგორც თავად საიმონსი ამბობს, მეუღლის, მერილინის ინიციატივით და მასთან ერთად დააფუძნა „საიმონსის ფონდი“, რომელიც მთავარი შემწირველია მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციის – „მათემატიკა ამერიკისთვის“. „საიმონსის ფონდი“ ასევე მხარს უჭერს სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და აუტიზმის კვლევებს.
ერთ-ერთი სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც თავისი ცხოვრების შესახებ ჰყვება, საიმონსი იხსენებს, რომ ადრეულ წლებში, როდესაც ფული სჭირდებოდა, მან პრინსტონში „თავდაცვის ანალიტიკის ინსტიტუტს“ მიმართა, რომელიც მეტად კლასიფიცირებული ადგილი იყო.
„რისი გაკეთებაც გვევალებოდა, ეს იყო რუსული კოდების გატეხა. საინტერესო გამოწვევა იყო, მომეწონა საქმე. მათ გვითხრეს: შეგიძლიათ თქვენი დროის ნახევარი დაუთმოთ თქვენს მათემატიკას, ხოლო მეორე ნახევარში კოდების გატეხის საქმე უნდა აკეთოთო,“- იხსენებს საიმონსი.
„ბათუმელები“ იახტის კაპიტანს გაესაუბრა და სცადა ინტერვიუ ჩაეწერა თავად საიმონსთან. კაპიტანი კრისტოფერ უოლში დაგვპირდა, რომ ჩვენს თხოვნას გადასცემდა იახტის მფლობელს და პასუხით დაგვიკავშირდებოდა, თუმცა იმედი არ მოუცია.
როგორც უოლშმა გვითხრა, ეს „არქიმედეს“ პირველი მოგზაურობაა საქართველოში. მან აღნიშნა, რომ ცნობილი მათემატიკოსი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოგზაურობს, რადგან „მეცნიერებას საზღვრები არ აქვს“.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge