კაცს, რომელსაც 12 წლის ბავშვთან სექსი ჰქონდა, საპროცესო დაუმტკიცეს – დეტალები

June 30, 07:04
0
1371

“ბათუმელების” ცნობით, განაჩენის მიხედვით, კაცი თავის სახლში ამყარებდა სქესობრივ კავშირს 12 წლის მოზარდთან. მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც „ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით“, – აღნიშნულია განაჩენში, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ციცინო მოსიძემ მიიღო.

„დამტკიცდეს პროკურორის გ.ტ.-ს და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება,“ – წერს განაჩენში მოსამართლე ციცინო მოსიძე და ციხის მიღმა რჩება სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებული – სრულწლოვანი მ.შ.

ეს არაა ერთადერთი შემთხვევა, როცა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემდეგ ბრალდებულთან პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას აფორმებს, სასამართლო კი, ამ შეთანხმებას ყოველგვარი ეჭვის შეტანის გარეშე ამტკიცებს.

საპროცესო შეთანხმების გამოყენების პრაქტიკა განსაკუთრებით ხშირია მაშინ, როცა ბრალდებულს 16 წლამდე ასაკის მოზარდთან არა ძალადობით, არამედ ნებაყოფლობით სქესობრივ კავშირს ედავებიან.

განაჩენი მოსამართლე ციცინო მოსიძეს 2021 წლის 9 აპრილს მიუღია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება,“ – აღნიშნულია განაჩენში.

კანონის მიხედვით, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული დაამტკიცოს პროკურორსა და ბრალდებულს შორის მიღწეული შეთანხმება.

5 მსგავსი განაჩენის მიხედვით, რაც „ბათუმელებმა“ შეისწავლეს ქუთაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან, მხოლოდ 1 შემთხვევაში არ გაფორმებულა საპროცესო შეთანხმება. 4 შემთხვევაში კი, მოსამართლეებმა საპროცესო შეთანხმებები დაამტკიცეს.

 

სრულად – ბათუმელები

Cesko