„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ენჯეოებისა და აგრესიული პოლიტიკური დაჯგუფებების დაფინანსება კვლავაც გაუმჭვირვალეა. დაზუსტებით დღესაც არავინ იცის, ვინ, რისთვის და რა თანხით აფინანსებს „სირცხვილიას“, „ფრანკლინის კლუბს“, „გირჩს“, „დროას“ და სხვა აგრესიულ და მაპოლარიზებელ ლიბერალ-ფაშისტურ დაჯგუფებებს. შესაბამისად, საზოგადოებამ არც ის იცის, კონკრეტულად ვისგან და რა მოცულობით ფინანსდება რევოლუციური გეგმა, რომელზეც რადიკალური დაჯგუფებები დაუფარავად საუბრობენ.
რეგიონში არსებული ურთულესი ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რთული გამოსაცნობი არაა, რას ემსახურება საქართველოში სიმშვიდის დარღვევის ყველა მცდელობა. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რევოლუციური გეგმის ავტორები საქართველოში ვერც რევოლუციას და ვერც მეორე ფრონტს ვერ მოაწყობენ.
ენჯეოების დაფინანსების გაუმჭვირვალობის მიუხედავად, საზოგადოებას აქვს საერთო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვისგან არიან მხარდაჭერილი მაპოლარიზებელი და აგრესიული ლიბერალ-ფაშისტური დაჯგუფებები.
ქალბატონი კელი დეგნანი ვერასოდეს მალავდა მათ მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიებს. თუმცა, რაც მან სამი დღის წინ გააკეთა, ყველაფრის საუკეთესო ლუსტრაცია იყო. დეგნანმა ბორჯომში გაგზავნა ტრანსპორტი და შეშინებული „გირჩელები“ სამოქალაქო აქტივისტებს საელჩოს კუთვნილი მიკროავტობუსებით გამოარიდა.
გვინდა დავუსვათ კითხვა კელი დეგნანს: რატომ არ ასვენებთ ამ ქვეყანას? რატომ აფინანსებთ ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს? რატომ აფინანსებთ და აღვივებთ პოლარიზაციას? რატომ უქმნით ხელოვნურ ბარიერებს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას? რატომ არ გაგახსენდათ მედიის თავისუფლება, როდესაც ლიბერალ-ფაშისტებმა სამი ტელეკომპანია გამოარჩიეს და ღონისძიების გადაღება აუკრძალეს? და ბოლოს, გვაინტერესებს, რას ელით ხელისუფლებაში დაბრუნებული ნაცმოძრაობისგან ისეთს, რასაც „ქართული ოცნება“ არ გიკეთებთ?
ამ ყველაფერმა გაგვახსენა მოარული ხმები იმის შესახებ, რომ ბაკურიანის ცნობილ შეხვედრას, რომელზეც ლიბერალ-ფაშისტურ პარტიებს, ენჯეოებს და ტელევიზიებს რევოლუციაში ატრენინგებდით, საღამოს თქვენც პირადად შეუერთდით. იქნებ, ქართულ საზოგადოებას დასდოთ პატივი და უთხრათ, რატომ ჩახვედით რევკომის შეხვედრაზე ბაკურიანში?
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საზოგადოებას უხეში ტყუილი აკადრეთ და აგენტების ამერიკული კანონი რუსულ კანონად გამოაცხადეთ, რათა რევოლუციური ფინანსების გამჭვირვალობა აგერიდებინათ თავიდან, ხალხი მაინც ხედავს ყველაფერს.
კელი დეგნანმა იმდენჯერ აარიდა პასუხი ჩვენს ლეგიტიმურ კითხვებს, რომ მისი პასუხის იმედი არც ამჯერად გვაქვს. იმედია, ახალი ელჩი მაინც გაუწევს ანგარიშს ქართული საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და შეწყდება ლიბერალ-ფაშისტური რევოლუციის დაფინანსება, რისთვისაც ის თანხები იხარჯება, რომელსაც, ცინიკურად, საქართველოს დახმარებად ნათლავენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.