„ღია წყაროების მონიტორინგი აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოების ნაწილისთვის ჯერ კიდევ გაუგებარია, თუ რატომ შედიოდა ამერიკული მხარის ინტერესებში საქართველოში, ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნა“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, თუ საქართველო ჩაებმებოდა რუსეთ-უკრაინის ომში, ამ შემთხვევაში გაქარწყლდებოდა ეჭვი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ჩარევის გარეშე რუსეთი უკრაინას თავს არ დაესხმებოდა.
„ხელისუფლების „აყირავების“ ოპერაციაში ცენტრალური როლი, რა თქმა უნდა, ენიჭებოდა საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობას. ღია წყაროების მონიტორინგი აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოების ნაწილისთვის ჯერ კიდევ გაუგებარია, თუ რატომ შედიოდა ამერიკული მხარის ინტერესებში საქართველოში, ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნა. შევეცადოთ მათი გაუგებრობა გავფანტოთ:
🔴 საქართველოს ამ ეტაპისთვის უკვე შეძენილი აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა: ერთი მხრივ, ქვეყნის ტერიტორიაზე გადის ალტერნატიული ენერგეტიკული სადენები ევროკავშირის მიმართულებით, რაც პირდაპირ ეხება აზერბაიჯან-თურქეთის ინტერესებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეეცდებოდა ქვეყნის ტერიტორიის სრულ ოკუპაციას, ეს, დიდი ალბათობით, გამოიწვევდა მათ იძულებით ჩართულობას შექმნილ ვითარებაში. ხოლო თურქეთის დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან გამოიწვევდა, მათ შორის, ამჟამად არსებულ სამეკავშირეო ურთიერთობების გარდაუვალ და ამერიკისთვის ნანატრ გაუარესებას;
🔴 აშშ-ში პრეზიდენტი ჯო ბაიდენისა და მისი გუნდის მიერ წარმოებულმა პოლიტიკამ გამოიწვია ქვეყნის ძირითადი ბანკების მძიმე ფინანსური მდგომარეობა (ამ წლის მარტში აშშ-ის ბანკებს შეუმცირდა საკუთარი საბაზრო ღირებულება 50 მილიარდი აშშ დოლარით – ველს ფარგა, ბენკ ოფ ამერიკა, ჯიპი მორგანი, ჯიპი სტენლი). ასევე გაკოტრდა „სილიკონის ველის ბანკი“, რომელიც აფინანსებდა აშშ-ში მოქმედი ტექნოლოგიური და სამედიცინო სტარტაპების თითქმის ნახევარს (ხსენებულ ფაქტს მოიხსენიებენ, როგორც აშშ-ის ფინანსური სექტორის ისტორიაში მომხდარ სიდიდით მეორე კატასტროფას);
🔴 ბოლოს ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ აშშ-ის მოსახლეობის მხოლოდ 34% ემხრობა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება;
🔴 ბოლო გამოკითხვებით იკვეთება, რომ დემოკრატები აგებენ 2024 წელს ჩასატარებელ საპრეზიდენტო არჩევნებს, ამასთან აშშ-ში მყოფი წყაროები აცხადებენ, რომ ნიუ-იორკში შეუიარაღებელი თვალითაც იგრძნობა რესპუბლიკელების მხარდაჭერა, რომელთა რაოდენობა აშკარად ჩაგრავს დემოკრატების აქტივს
🔴 დგინდება, რომ ამ ეტაპისთვის რესპუბლიკური პარტია ძირითად საფრთხედ აღიქვამს ჩინეთს და გამოდის მისი რუსეთთან დაახლოების წინააღმდეგ (ხსენებული პირების მოსაზრებით, ჩინეთი ელოდება, როდის დახარჯავენ რესურსებს რუსეთი და დასავლეთი, რის შემდგომაც შეუდგება ტაივანის პრობლემის მოგვარებას);
🔴 მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში იკვეთება ორი მაღალრეიტინგული კანდიდატი. დონალდ ტრამპი, ძირითადი კანდიდატი, აცხადებს, რომ არ უჭერს მხარს უკრაინის დახმარებას და ეწინააღმდეგება რუსეთის რეჟიმის ცვლილებას, მოუწოდებს მოლაპარაკებებისკენ უკრაინულ მხარეს. ანალოგიური და უფრო მკაცრი პოზიცია აქვს ფლორიდის გუბერნატორ რონალდ დესანტისს, რომელიც გამოდის რუსეთის რეჟიმის ცვლილების წინააღმდეგ და აცხადებს, რომ უკრაინა არ შედის აშშ-ის ინტერესების ხუთ პრიორიტეტშიც კი, ხოლო მთავარ საფრთხედ მიიჩნევს ჩინეთს. მისი მოსაზრებით, მიზანი უნდა იყოს მშვიდობა და უკრაინას არ უნდა გაეწიოს დახმარება, რომელიც მისცემს თავდასხმითი ღონისძიებების ჩატარების თუნდაც მცირე შესაძლებლობას;
🔴 ხსენებული კანდიდატები უკრაინას აღიქვამენ, როგორც კორუმპირებულ რეჟიმს და 2024 წელს დემოკრატების შეცვლის შემთხვევაში უკრაინა ვეღარ ისარგებლებს ამჟამინდელი ხარისხის პოლიტიკური და ფინანსური დახმარებით, ხოლო ზელენსკის ხელისუფლება დაკარგავს არსებულ გავლენებს (ტრამპის ადმინისტრაცია აქცენტს აკეთებდა პოროშენკოზე, ამასთან ხსენებული პირები მოითხოვენ უკრაინისთვის მიწოდებული 100 მილიარდი დოლარის დეტალურ აუდიტს, რათა გაირკვეს ამერიკელების თანხების ხარჯვის მიზნობრიობა);
🔴 როგორც ვხედავთ, „რესპუბლიკურ პარტიას“ აღებული აქვს „ხალხის ძალის“ მსგავსი საინფორმაციო კოდი და მოიხსენიებენ დემოკრატებს „ომის პარტიად“. შიდა კვლევებით, დემოკრატები აშკარად აგებენ მიმდინარე საინფორმაციო კამპანიაში და, დიდი ალბათობით, წააგებენ მოსალოდნელ 2024 წლის არჩევნებს (ტრამპის დაკავების შემთხვევაშიც კი, ფლორიდის გუბერნატორი დესანტისი წარმოადგენს არანაკლებ რეიტინგულ ფიგურას);
იმ შემთხვევაში თუ საქართველოში გაიხსნებოდა მეორე ფრონტი, აღნიშნული დააზიანებდა რესპუბლიკელების ნარატივს, რომ რუსეთი არ დაესხმებოდა თავს უკრაინას, რომ არა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია. საქართველოში რუსეთის სამხედრო შემოჭრა ბაიდენის ადმინისტრაციას ამ ბრალდებას აარიდებდა და კრემლს ცალსახა აგრესორად წარმოაჩენდა, რომლისთვის სამხედრო შემოჭრა პრობლემას არ წარმოადგენს, გინდ უკრაინაში და გინდ საქართველოში.
„მეორე ფრონტის“ ხორცშესხმით მოხდებოდა იმ ბრალდების დაჩრდილვაც, რომ სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციის პროვოცირებამ უზრუნველყო ჩინეთისა და რუსეთის ალიანსის ჩამოყალიბება. ამასთან, მათ მისცემს რესპუბლიკელების წინააღმდეგ თავდასხმითი საინფორმაციო კამპანიის წარმოების შესაძლებლობას (ამ ეტაპისთვის ისინი თავდაცვის რეჟიმში იმყოფებიან), რაც მათ ეკონომიკური პრობლემების გადაფარვის დამატებით შესაძლებლობას შესძენდა“, – წერს დავით ქართველიშვილი.