„ბოკერიები, სააკაშვილები არ გამოსწორდებიან, არ დავუთმობთ საქართველოს ამ მანიაკებს“!

0
716
14 Views

„ბოკერიები, სააკაშვილები არ გამოსწორდებიან, არ დავუთმობთ საქართველოს ამ მანიაკებს“!

_ ეს სიტყვები ირმა ინაშვილს ეკუთვნის.

მისი საქმიანობა და ცხოვრება, გადაჭარბებით ნუ მოგეჩვენებათ და, გმირული ფურცლებითაა სავსე.

ამჯერად არ გავიხსენებ სრულიად ახალგაზრდა ირმა ინაშვილის მიერ ტანჯულ ადამიანებთან ერთად გამოვლილ საბედისწერო ჭუბერის გზას, არც მის საუკეთესო ჟურნალისტურ საქმიანობას, ახლა მისი ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოღვაწეობას, ლგბტ პრაიდის წინააღმდეგ გამოსვლებსა და „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ შეუპოვარ დამოკიდებულებაზე გავამახვილებ ყურადღებას.

ირმა ინაშვილი არასდროს შესულა და არც კი უცდია ნაციონალებთან კოაბიტაციაში მოხვედრილიყო.

ხალხმა, რომლებმაც 300 000-ზე მეტი ადამიანი ციხეებში გამოკეტა, აწამა, მოკლა, გაყიდა ქვეყნის ტერიტორიები, დააწესა ნულოვანი ტოლერანტობა წვრილმან დანაშაულზეც კი, არ ინდობდა ახალგაზრდებს, ანგრევდა და ძარცვავდა ბიზნესს, ამის ჩამდენ ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციაში შესვლა კი არა დასჯა იყო აუცილებელი და ეს არაერთხელ განაცხადა ირმამ მისი და „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ჩატარებულ აქციებზე თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, არაერთხელ გამოვიდა სიტყვით პარლამეტში „ნაცმოძრაობის“ წევრების დასჯისა და ამ პარტიის აკრძალვის მოთხოვნით.

2012 წლამდეც იბრძოდა, მაგრამ 2012 წლიდან, ანუ „პატრიოტთა ალიანსის“ შექმნიდან დღემდე, რომ იტყვიან, ხმალი არ ჩაუგია ნაციონალების წინააღმდეგ, თუმცა მისი დიდი სურვილის მიუხედავად, დასჯილიყვნენ დამნაშავე, კრიმინალი პოლიტიკოსები, დღემდე არავინ დასჯილა, მეტიც ისინი უფრო ყელყელაობენ და თავსაც გვაყვედრიან, რომელთაგან ზოგი განსასჯელის სკამზე უნდა იჯდეს, ზოგი კი საპატიმროში უნდა იხდიდეს დამსახურებულ სასჯელს.

ირმა ინაშვილსა და “პატრიოტთა ალიანსს” დაარსებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით ჩატარებული აქვს 28 საპროტესტო აქცია. “სააკაშვილი-ბოკერიას” რეჟიმის წევრების დასჯის გარდა, „პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ნაცვლად ნეიტრალიტეტს ემხრობა.

ბოლო 3 წლის განმავლობაში“პატრიოტთა ალიანსი” რუსეთს ოთხჯერ ეწვია. ერთ გამოსვლაში ქალბატონმა ირმამ მართლაც გონივრული კითხვა დასვა და თქვა: “სულ სხვა ძვრები მიდის მსოფლიოში, რუსეთს ელაპარაკება აშშ, რუსეთს ელაპარაკება ნატო და გენერალური მდივანი. ჩვენ რა გამოდის, ვამბობთ, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ და თანაც ვამტკიცებთ, არავითარი ლაპარაკი არავისთან არ უნდა იყოსო. ვთმობთ ცხინვალს და სოხუმს?”

„სხვისი ჭირი _ ღობეს ჩხირიო“, ხომ გაგიგონიათ, ასეა ჩვენი საქმეც. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, მუდმივად ვდგავართ საფრთხის წინაშე, რადგან არ ვიცით, როდის გადმოლახავს ოკუპანტი მავთულხლართიან ე.წ. საზღვარს და ამ დროს ჩვენი ვითომ კეთილისმსურველები ხელებს უფათურებენ ჩვენს შიდა და გარე პოლიტიკურ განცხადებებსა და მოქმედებებში და ფეხებზე ჰკიდიათ ჩვენი ტერიტორიებიც და ჩვენი მშვიდობაც.

ირმა ინაშვილმა და „პატრიოტთა ალიანსმა“ არაერთხელ გამართა აქციები უცხოელი ექსპერტების, კვლევითი ორგანიზაციებისა და სხვა არამკითხეების შესახებ და მეტიც, მათი საქართველოდან გაძევება მოითხოვა:

„არა ლორა თორნტონებს, კრამერებს, ბრაიზებს, რომლებსაც საქართველო მათი კოლონია ჰგონიათ… ხმამაღლა ვამბობთ – ამ ორგანიზაციებს უნდა აეკრძალოთ საქართველოში საქმიანობა. წავიდნენ და დატოვონ საქართველო!“

_ ასე ხმამაღლა და უშიშრად არავინ გამოსულა უცხოელი ე.წ. პარტნიორების წინააღმდეგ, თუმცა რა გასაკვირია, არც მაშინ შეშინებულა ირმა ინაშვილი და მისი თანმოაზრეები, როცა 2012 წლის სექტემბერში ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერით სააკაშვილის ციხის შემზარავი კადრები გაასაჯაროვეს…

ეს იყო მაშინ დიდი სენსაცია, რამაც წელში გადატეხა კიდევაც სააკაშვილის მოძალადე ხელისუფლება…

ახლა იმ საშინელი რეჟიმის შემქმნელი და ორგანიზატორი _ მიხეილ სააკაშვილი პატიმარია _ პრეზიდენტყოფილ მიხეილს უკრაინაში „ბაირამობაში“ მყოფს გვერდები აექავა და ისე ძალიან მოუნდა ციხეში ჩაჯდომა, მაწვნის ქილების ტრანზიტს საქართველოში ჩამოჰყვა…

კაცმა რომ თქვას, ეს იყო სააკაშვილის ნებაყოფლობითი სურვილი ციხეში ჩაჯდომის, მაგრამ რომ ვეღარ გაუძლო და რაც მოხდა და როგორაც, ეს სხვა თემაა, საქმე ის არის, რომ ირმა ინაშვილი რასაც გაიძახის ამდენი ხანია, რისთვისაც იბრძვის მართლა დაუღალავად, ის მიზანი და საქმე ჯერჯერობით ბოოლომდე მაინც არ არის მიყვანილი. ნაცები ისევ დათარეშობენ ქართულ პოლიტიკურ სარბიელზე და მათ ბოლოს ვინმე თუ მოუღებს, ალბათ ისევ ირმა ინაშვილი იქნება…

● ირაკლი ჯანყარაშვილი

Cesko