„აზერბაიჯანელებმა და თურქებმა უკვე მოგვპარეს ტოლმა, ლავაში, ახლა კი საქართველოს უნდა, რომ „მაცუნი“ მიითვისოს“ – გაგიკ მაკარიანი

0
1531
37 Views

„ეს სომეხი ხალხის ინტელექტუალური საკუთრების ქურდობაა“, –  ასე გამოეხმაურა სომხეთის დამსაქმებელთა კავშირის პრეზიდენტი გაგიკ მაკარიანი საქართველოს გავლით სომხური იოგურტის, სახელწოდებით „მაცუნი“, ტრანზიტის აკრძალვას. ინფორმაციას zarkerak.am ავრცელებს.

„ეს არის სომეხი ხალხის ინტელექტუალური საკუთრების ქურდობა. ეს არის პროდუქტი, რომელსაც სომეხი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა, მას აქვს საკუთარი ორიგინალობა, ხალხის აღიარება, რაც მთავარია, ეს ფაქტი ბიზნესისთვის სერიოზულ პრობლემებს ქმნის“, – განაცხადა მაკარიანმა.

მისი თქმით, სომხეთიდან სხვადასხვა სახის რძის პროდუქტის ექსპორტი ხორციელდება და მას ხშირად გამოგონილი სახელწოდება აქვთ, რადგანაც „ვიღაცამ მეზობელი ქვეყნიდან ეს სახელი მიითვისა“.

„მაცუნი მხოლოდ პროდუქტი არ არის. ეს არის საუკუნოვანი კულტურა. აზერბაიჯანელებმა და თურქებმა უკვე მოგვპარეს ტოლმა, ლავაში, ახლა კი საქართველოს უნდა, რომ „მაცუნი“ მიითვისოს. სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომები. მოვუწოდებ სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს, რომ ინტელექტუალური საკუთრების და პატენტების შესახებ კანონმდებლობას გადახედოს და სახელმწიფო ინტელექტუალური საკუთრება შესაბამისი დოკუმენტებით გაამყაროს“, – ამბობს მაკარიანი. 

მაკარიანი ტელეკომპანია „იმედზე“ 9 თებერვალს გასულ სიუჟეტსაც გამოეხმაურა და მას „მეზობელი, მეგობარი ქვეყნის მხრიდან მუხანათური ნაბიჯი“ უწოდა, რომელიც აჩვენებს, რომ „საქართველო არც თუ ისეთი მეგობარი ქვეყანაა“.

მაკარიანი ამბობს, რომ სომხეთი საქართველოზე გეოპოლიტიკური სიტუაციის და სატრანსპორტო მაგისტრალების გამო დამოკიდებულია, ხოლო უმჯობესია „კანონებით და საერთაშორისო კონვენციებით ესაუბროს“.

„იმედზე“ გასულ სიუჟეტში, სადაც საქართველოს გავლით „მაცუნის“ ტრანზიტის აკრძალვაზე იყო საუბარი, ნაჩვენები იყო ბოთლი, სადაც ქართულად ეწერა „მაცუნ“, ხოლო სომხურად ეწერა „ყარაბაღი – აზერბაიჯანია“, „ტოლმა – აზერბაიჯანულია“.

მოგვიანებით „იმედის“ საინფორმაციო სამსახურში განაცხადეს, რომ ეს ტექნიკური შეცდომა იყო, რისთვისაც ბოდიში მოიხადეს.

Cesko