27 მაისს, საგურამოში, 4GB – ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე 31 წლის ქალი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მცხეთის “ჯეო ჰოსპიტალსში” გადაიყვანა. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც ფესტივალის დამსწრეები ჰყვებიან, ის ქუთაისიდან იყო ჩამოსული. მათივე თქმით, მან, სავარაუდოდ, დაბინძურებული სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება მიიღო, რამაც სიკვდილი გამოიწვია.
„ამბები” დავუკავშირდა მცხეთის “ჯეო ჰოსპიტალსს”:
“პაციენტი კლინიკაში შეყვანისას იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, საჭიროებდა რეანიმაციულ და აპარატულ მხარდაჭერას, რაც სრული მასშტაბით განხორციელდა, სამწუხაროდ, ლეტალური გამოსავალი თავიდან ვერ ავიცილეთ“, – დანარჩენ დეტალებს კლინიკა არ ამხელს.
შსს-შიც ადასტურებენ, რომ გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა, სისხლის სამართლის საქმე კი 115-ე მუხლით აღიძრა.
ამ სამწუხარო ფაქტის შესახებ მეტის გარკვევას თავად ელექტრონული ფესტივალის წარმომადგენლებისგან შევეცადეთ. დავუკავშირდით 4GB ფესტივალის “ფეისბუქგვერდს”, საიდანაც მოგვწერეს:
“პირველ რიგში, მწუხარებას გამოვთქვამთ აღნიშნული ფაქტის გამო. ადამიანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის ადგილზე მყოფმა სასწრაფო სამედიცინო დამხარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა. გარდაცვალების მიზეზი ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია“.
თვითმხილველთა თქმით, ახალგაზრდა ქალბატონი, სავარაუდოდ, სინთეტიკურმა ოპიოიდმა – ფენტალინმა იმსხვერპლა, რომელიც ქართულ ბაზარზე დაახლოებით 5-6 წლის წინ გამოჩნდა და უკვე არაერთი ახალგაზრდა შეეწირა. შეგახსენებთ, რომ ხუთიოდე წლის წინ, 2018 წელს ერთ-ერთ კლუბში მიღებული ამ ნარკოტიკული საშუალებით ერთდროულად 4 ახალგაზრდა გარდაიცვალა.
ნარკოლოგები განმარტავენ, რომ “ფენტანილი” ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სინთეტიკური ოპიოდია, რომლის გამოყენების შემთხვევაში ძალიან მაღალია სიკვდილის რისკი.
ambebi.ge