ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორთაბათუმში, მდინარე ყოროლისწყალთან ახლოს და ნაწილობრივ კალაპოტშიც, კოტეჯებს აშენებენ. მიწის ნაკვეთი აქ ქონების ეროვნულმა სააგენტომ უპირობო აუქციონის წესით 2021 წელს გაყიდა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ პერიოდულად, როცა მდინარე დიდდება, ამ ადგილს წყალი ფარავს.
ამიტომაც ორთაბათუმში, განსაკუთრებით შოვის ტრაგედიის შემდეგ, შიშობენ, რომ კოტეჯები საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე შენდება და სახელმწიფო სტრუქტურებისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ.
აქ ჰყვებიან იმაზეც, რომ წლების წინ ამ ტერიტორიაზე მდინარემ თევზის აუზი დაანგრია.
„ყოროლისყალს ძალიან ფართო კალაპოტი აქვს. რაღაც პერიოდში მდინარე მკვეთრად ადიდდება ხოლმე და კალაპოტს სრულად ავსებს. წყალი გზამდე ამოდის. ასეთი წყალდიდობების დროს მეწყრებიც არის. ალბათ გახსოვთ მასაურაში მომხდარი ამბავი, მაშინაც ყოროლისწყალი ადიდდა,“ – გვიყვება დალი ხალვაში, სოფელ ორთაბათუმის მკვიდრი.
ორთაბათუმის თემში სხვადასხვა დროს მდინარის ადიდებისა და მეწყრის ჩამოწოლის გამო მოსახლეობა ბევრჯერ დაზარალდა.
მდინარის კალაპოტზე კოტეჯების მშენებლობის პროცესის ამსახველი ფოტო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რამინ ლამპარაძემ გამოაქვეყნა. ის ამბობს, რომ დიდხანს ცხოვრობდა ამ სოფელში და კარგად ახსოვს, როგორ ფარავს წყალი ამ ტერიტორიას წვიმების დროს:
„მაგ ადგილზე თევზის აუზი ჰქონდათ და ადიდებულმა მდინარემ დაანგრია. წყალი გზამდე ამოდიოდა. ამიტომაც გამოვაქვეყნე ფოტო, რომ ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს. ასევე მიკვირს ინვესტორის, ვინც ასეთ ადგილზე ფულს დახარჯავს.“
დღეს ხელვაჩაურის მერიამ არ უპასუხა „ბათუმელების“ კითხვას, გაცემულია თუ არა კოტეჯების მშენებლობის ნებართვა. შესაბამისად არც ის ვიცით, არსებობს თუ არა გეოლოგიური დასკვნა, რომლითაც აქ მშენებლობის ნებართვა დასაშვებია. სწორედ ასეთ დოკუმენტს უნდა დაყრდნობოდა ხელვაჩაურის მერიის არქიტექტურის სამსახური ნებართვის გაცემისას.
ამ საკითხს დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მიშა ბოლქვაძეც გამოეხმაურა. მან პროკურატურას მიმართა და მოითხოვა დაუყოვნებლივ შეისწავლონ ნებართვის კანონიერება.
საჯარო რეესტრის მონაცემებით აქ მიწის ნაკვეთი 2021 წელს ჯერ რამაზ ბერიძემ დაირეგისტრირა, შემდეგ კი რამდენიმე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ისრაელის მოქალაქეები და მათ მიერ დაფუძნებული კომპანია ფიქსირდება. თანამესაკუთრეა რამაზ ბერიძეც.
წყარო: /batumelebi.netgazeti.ge/