ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის ჯეიკ სალივანის განცხადებით, შეერთებულ შტატებს ჯერ არ გადაუწყვეტია, გადასცემს თუ არა F-16-ის ტიპის გამანადგურებლებს უკრაინას.
„ვფიქრობ, თუ გავითვალისწინებთ F-16-ების რაოდენობას, რომლებიც ამჟამად ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს აქვთ მარაგში და იმ ფაქტზე დაყრდნობით, რა თანხაც აქვს კონგრესს ჩვენთვის გამოყოფილი, არსებობს სხვა სისტემები, რომლებიც პრიორიტეტშია და გრანტს საჭიროებს. შესაძლოა, ჩვენ უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება მესამე მხარის ტრანსფერებზე, მაგრამ პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია“, – აცხადებს სალივანი.
ამასთან, სალივანმა დასძინა, რომ შეერთებულმა შტატებმა მოახდინა განსაკუთრებული ძალისხმევის მობილიზება, რათა დროულად და სრულად მიეწოდებინა ყველაფერი, რაც უკრაინას სჭირდება კონტრშეტევის დასაწყებად.
„ახლა, როდესაც ჩვენ ეს გავაკეთეთ, შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ უკრაინის გრძელვადიან შესაძლებლობებზე, რათა დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან“, – აცხადებს სალივანი.
ჰიროშიმაში გამართულ G7-ის სამიტზე ცნობილი გახდა, რომ თეთრი სახლი უკრაინელ მფრინავებს გაწვრთნის და ასევე მოკავშირეებს F-16 ტიპის გამანადგურებლების კიევში გაგზავნის უფლებას მისცემს.