საქალაქო სასამართლოში მომღერალ აჩიკო მეფარიძის საქმესთან დაკავშირებით სხდომა გაიმართა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,პროცესზე მომღერალმა აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ არ თვლის.
პროცესი მალევე შეწყდა, რადგან ადვოკატმა აღნიშნა, რომ პროკურორის შესავალი სიტყვის შემდეგ საქმეში ახალი გარემოებები აღმოჩნდა და შესავალი სიტყვის მოსამზადებლად დრო სჭირდება.
ბრალდების მხარის ინფორმაციით, გასული წლის აპრილში მეფარიძემ ლელა ჯუღელს მიაყენა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა.
“ლელა ჯუღელი შუადღის საათებში გადაადგილდებოდა საკუთარი მანქანით, ჭავჭავაძის გამზირზე, რა დროსაც საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით მოხდა გარკვეული ინციდენტი, რაზეც არჩილ მეფარიძემ გამოხატა აგრესია ლელა ჯუღელის მიმართ. თავდაპირველად, ეს იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. ხოლო სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, არჩილ მეფარიძე, გადმოვიდა მანქანიდან, მივიდა ლელა ჯუღელთან, რომელიც იჯდა საკუთარ მანქანაში და მის მიმართ გამოხატა აგრესია, რომელიც, სამწუხაროდ, გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში. რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: არჩილ მეფარიძემ მუშტი ჩაარტყა სახის მარცხენა არეში ლელა ჯუღელს და დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. თუმცა გარდა, ფიზიკური ძალადობისა, ადგილი ჰქონდა მუქარას, კერძოდ სიცოცხლის მოსპობის მუქარას. არჩილ მეფარიძემ ლელა ჯუღელს განუცხადა, რომ ის მას ჩააკლავდა, იყო აგრესიული და მისი აგრესიული ქმედებებიდან და გამომეტყველებიდან გამომდინარე, დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად და მას გაუჩნდა შიში” – განუცხადა თამარ ყულჯანიშვილმა “რადიო თავისუფლებას”.
ცნობისთვის, საქმე ეხება გასული წლის 7 აპრილს, ვაკეში მომხდარ ფაქტს. მომღერალს ძალადობაში ქალბატონი ადანაშაულებს, რომელიც ჰყვება, რომ მანქანის გადასწრების გამო მეფარიძემ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მისი თქმით, მეფარიძემ ჯერ მანქანას წიხლი დაარტყა, შემდეგ კარი გააღო და მას თავს დაესხა. მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით წარედგინა.
წყარო: რადიო თავისუფლება