სინგაპურში ჩამოახრჩვეს 46 წლის ტანგარაჯუ სუპიაჰი, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიაზე 1 კილოგრამი კანაფის შეტანა ედებოდა ბრალად.
განაჩენის აღსრულებით, სინგაპურის ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ადამიანის უფლებადამცველი აქტივისტების და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოწოდებები, გაეუქმებინათ მისი სიკვდილის დასჯის გადაწყვეტილება და კაცისთვის სხვა სასჯელის ზომა განესაზღვრათ.
BBC-ის ცნობით, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ბრალდებული არასაკმარისი მტკიცებულებებით იყო გასამართლებული და მას შეზღუდული ჰქონდა წვდომა იურიდიული მომსახურების მიღებაზე, რასაც სინგაპურის ხელისუფლების წარმომადგენლები არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მისი გასამართლების პროცესში არ დარღვეულა სამართლიანობის პრინციპები.
ცნობისთვის, სინგაპურს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონმდებლობა აქვს, რომლის მიხედვითაც, სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული იმ პირებისთვის, რომლებსაც დამნაშავედ ცნობენ ნარკოტიკებით (მათ შორის კანაფი, კოკაინი, ჰეროინი და კეტამინი) ვაჭრობაში, თუ ამ ნივთიერებების რაოდენობა გარკვეულ ზღვარს აჭარბებს.