ყოველ ორ საათში 6 ზარს მაინც ვიღებდი. მთხოვდნენ, მეტი და მეტი ფული ჩამედო, – ამის შესახებ დაზარალებულმა ბერნი ბანეტმა დავით კეზერაშვილის მიერ შექმნილ თაღლითურ სქემაზე საუბრისას განაცხადა.
BBC-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში დაზარალებული ჰყვება, რომ ინვესტიციების ჩადება მას შემდეგ დაიწყო, რაც რეკლამა ნახა.
„თავიდან გარკვეული სარგებელი იყო, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად, 24 საათში 10 ათას გირვანქა სტერლინგზე მეტი დავკარგე. შემდეგ მრჩეველმა, რომელიც მეკონტაქტებოდა, დამითანხმა, რომ დანაკარგის ამოსაღებად კიდევ 25 ათასი ჩამედო. ყოველ ორ საათში 6 ზარს მაინც ვიღებდი. მთხოვდნენ, მეტი და მეტი ფული ჩამედო“, – ამბობს დაზარალებული ბერნი ბანეტი.
აუდიო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.
ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
მანამდე BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.