გარდა იმისა, რომ თავისი პროფესია უზომოდ უყვარს, ცხოვრების მანძილზე არაერთ საქმეშიც მოუსინჯავს თავი. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამბობს, რომ არანაირი შრომა დასაძრახი არ არის და არცერთ საქმეს, სადაც უმუშავია, მისთვის სიკეთის მეტი არაფერი მოუტანია.
საუბარია მსახიობ ნინო ლეჟავაზე, რომელიც თეატრში როლებით ყოველთვის განებივრებული იყო და არის და ნუ გაგაკვირვებთ, თუ მას უცებ რაიმე სხვა სამუშაოს შესრულებისას შეხვდებით…
დაუზარელი, შრომისმოყვარე, აქტიური და მრავალფეროვანი ცხოვრების მქონე მსახიობი ამასთანავე 4 ბიჭის დედაა. როგორ უმკლავდება ცხოვრების სირთულეებს და რას ურჩევს
მრავალშვილიანი დედა თავის ვაჟებს, ამაზე ინტერვიუდან შეიტყობთ.
– პროფესიული არჩევანი, რომელიც თავის დროზე თეატრის სასარგებლოდ გააკეთეთ, წლებმა რა აჩვენა – სწორი გადაწყვეტილება იყო?
– ფინანსურად – ნაკლებად, რადგანაც უფრო წელგამართული რომ ვყოფილიყავი, ალბათ აჯობებდა, მაგრამ თუ სულიერი მოთხოვნილებების, სისხლის ყივილის, ჩემი საქმისადმი სიყვარულის, თავდადების, შრომისმოყვარეობის კუთხით შევხედავთ, მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. როგორ შეიძლება უკმაყოფილო ვიყო, როცა პროფესიით ჩვენში სამსახურს ძალიან ცოტა ადამიანი თუ შოულობს. შემიძლია, ვიამაყო და ვიტრაბახო კიდეც, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ყველაფერი თავიდან რომ დავატრიალო, ისევ ამ გზას გავივლიდი და აქ მოვიდოდი… თუმცა, ალბათ, პარალელურად შეიძლებოდა უფრო ჭკვიანურადაც მოვქცეულიყავი…
– რას გულისხმობთ?
– წინასწარ რომ მქონოდა გათვლილი, ეს რთული ცხოვრება მოვიდოდა და თადარიგი დამეჭირა, ახლა ჩემთვის სულ პატარა ბიზნესი მექნებოდა. დღეს ერთ ადგილზე საქმიანობით, გამორიცხულია, იარსებო. ალბათ მხოლოდ საქართველოში შეიძლება ასე ხდებოდეს – სამგან მუშაობდე, მაინც ვალი გქონდეს და მეოთხე სამსახურს ეძებდე..
– პროფესიას რომ დავუბრუნდეთ, რას ითხოვს მსახიობის პროფესია ადამიანისგან?
– უდიდეს მოთმინებას, გამძლეობას და შრომისმოყვარეობას. ჩვენს პროფესიას ასევე სჭირდება დიდი იღბალი, პატრონი და ნაცნობობა. სულ ამას ვამბობ, რომ ვერავინ დამაბრალებს ვინმეს შვილობას, საყვარლობას, მლიქვნელობას და პირფერობას… აგური აგურისთვის დამიდია და საქმე ისე მიკეთებია. თუ იმას, რასაც მივაღწიე, მიღწევა ჰქვია, მაშინ ჩემთვის იმაზე დიდი ჯილდო არ არსებობს, რაც ხალხის სიყვარულია. დიდი ბედნიერებაა, როცა ქუჩაში გაჩერებენ, შენ მიმართ სიყვარულს, პატივისცემას გამოხატავენ, ფოტოს იღებენ. კი, ეს გაღიმებული სახეები ყველაფერს მირჩევნია. იმითაც ბედნიერი ვარ, რომ იღბალიც აღმომაჩნდა. მადლობა ღმერთს, რომ შრომისმოყვარეობის უნარიც მომანიჭა.
– რომ არა არტისტი, პროფესიით ვინ შეიძლებოდა კიდევ ყოფილიყავით?
– ძალიან კარგი ექიმი ვიქნებოდი, რადგანაც არც სისხლის მეშინია და არც ჭრილობის. თავიდანვე იმდენად ინტერესიანი ვიყავი, რომ 15-16 წლის ასაკში, ერთ-ერთ საავადმყოფოში 7 ოპერაციას დავესწარი. ვისწავლე ნემსის გაკეთებაც. ეს იმიტომ, რომ მესწავლა ექსტრემალურ სიტუაციებში ადამიანისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა. აბიტურიენტი რომ ვიყავი, იმ პერიოდში რთულად იყო „სამედიცინოზე“ ჩაბარება, თან, ისეთი საგნების ცოდნა იყო საჭირო, რაც არ მიყვარდა…
მათემატიკას ვერასდროს გავუგე, სულ იმაზე ვხუმრობ ხოლმე, – ხელის თითებზე რომ ვიწყებ ანგარიშს და თვლას, ფეხის თითებზე გადავდივარ-თქო… ისე, პედაგოგობაც გამომივიდა, რადგან კარგი გადმოცემის უნარი მაქვს. კობა გოგიძეს, კახა გოგიძის ძმას, ასევე მსახიობს და რეჟისორს საბავშვო თეატრალური სტუდია „ბრავო“ აქვს, სადაც მეტყველების პედაგოგად მიმიწვია. ბავშვებთან ხანმოკლე მუშაობის შემდეგ კმაყოფილი ვიყავი, რადგანაც კარგი შედეგები ჰქონდათ. ცოტა ხნის წინ ისინი ქობულეთში თეატრალურ და ფოლკლორულ ფესტივალზეც მყავდა, სადაც 12 ნომინაცია წამოვიღეთ. ასევე კობას თეატრთან თოჯინური თეატრიც არსებობს.
წყარო: ambebi.ge