არის თუ არა იღბლიანი თამრიკო ჭოხონელიძე, რაში ეხმარება მას საკუთარი ინტუიცია და როგორ აღწევს თავს უხერხულ სიტუაციებს, ამის შესახებ თავად მოგვითხრობს.
თამრიკო ჭოხონელიძე: იღბლიანი ადამიანი ვარ, სიყვარულით სავსე ოჯახში დავიბადე და გავიზარდე და ოთხი წლის ასაკში მომეცა საშუალება, დიდ სცენაზე დამედგა ფეხი. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს ეძებდნენ, რატომღაც ჩემზე გააკეთეს არჩევანი, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს პედაგოგს – ლეილა მაღულარიას. შემდეგ იყო „მზიური“ და ამის გამოც ძალიან იღბლიანი ვარ. აღარაფერს ვამბობ დიდ სიყვარულზე, რომელიც საზოგადოებისგან მივიღე. იღბლიანი ვარ იმიტომ, რომ საქართველოში დავიბადე, მაგრამ ამის გამო პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ და ვიცი, რომ ამ ქვეყნისთვის ბევრი უნდა ვიშრომო.
– მოხერხებული ხართ?
– რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ თვისებებით ლიდერი ვარ და ბევრ რამეს ვხელმძღვანელობ ურთიერთობებსა თუ საქმეში. არადა, ასე არ არის. იცით, რომ ჩვენ გვაქვს „ჭოხონელიძეების სტუდია“ და ყველა ფიქრობს, რომ მე ვარ მისი დამაარსებელი, არადა რომ არა ჩემი და – თინიკო, რომელიც მას მართავს, არაფერი იქნებოდა. მე მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ – კეთილსინდისიერად ვატარებ გაკვეთილებს და ვცდილობ, ბავშვებს სიმღერა შევაყვარო. ლიდერი საერთოდ არ ვარ და არც მოხერხებული გახლავართ. სახლის საქმეებს თუ ავიღებ, აქ ყველაფერი მაღალ დონეზე მაქვს, მაგრამ ძალიან მოუხერხებელი ვარ ტექნიკაში. კომპიუტერი, ტელეფონი, პლანშეტები – მათ წინაშე სრულიად უსუსური ვარ. მეგონა, ჩემს შვილებს ვწერდი შეტყობინებებს, ძალიან მიყვარხართ-მეთქი და კარგა ხანი რომ გავიდა, აღმოვაჩინეთ, რომ სხვას ვუხსნიდი სიყვარულს (იცინის). ზოგჯერ რომ მინდა, თბილი „სმაილი“ გავუგზავნო ადამიანს, შეიძლება, ისეთი საშინელება გავაგზავნო, რომ არ ვიცი… ძალიან არ მინდა, მაგრამ ასეთი რამ ხშირად მემართება. ბევრჯერ აღმოვჩენილვარ უხერხულ სიტუაციაში, მაგრამ ერთი ძალიან კარგი თვისება მაქვს – მაშინვე მოვუხდი ბოდიშს ადამიანს და ვაღიარებ, რომ არ ვიცი, შემეშალა – ეს ჩემი სუპერძალაა. არც სოციალური ქსელები მაქვს. იქ იმდენი ზიზღი და აგრესიაა, რომ ხვალინდელი დღის შიშს მიჩენს. ადრე მქონდა „ფეისბუქი“, მაგრამ მარიამმა და კოკომ გამომიცხადეს, შენი ემოციების მქონე ადამიანებისთვის ეს სივრცე კარგი არ არისო. თავიდან შევეწინააღმდეგე, მაგრამ ახლა მიხარია, რომ მათი აზრი გავითვალისწინე. თორემ ლანძღვა და ბოროტება, რომელსაც იქ ვხვდებოდი, ჩემზე მართლა ძალიან მოქმედებდა. მანერვიულებდა და მაშინებდა, ვფიქრობდი, რომ ადამიანები, რომლებიც ამას სჩადიოდნენ, ვერასდროს დაუბრუნდებოდნენ ადამიანურ სახეს.
– სახლიდან რომ გამოდიხართ, ალბათ, „ათასი თვალი“ გიყურებთ. უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩენილხართ?
– ბავშვობაში ძალიან ბევრჯერ ვიყავი ტრავმატოლოგიურის სტუმარი. თერთმეტჯერ ვარ ტრავმატოლოგიურიდან თაბაშირით წამოსული. ექიმები გაკვირვებულები იყვნენ და მეათედ რომ მოვიტეხე ხელი თუ ფეხი, ხუმრობდნენ, დაამრგვალა და ამით დაასრულებსო, მაგრამ მეთერთმეტედ რომ მივედი, ვეღარაფერი თქვეს (იცინის). ხშირად მიბრუნდებოდა ხოლმე ფეხი და მერე ხან რა მემართებოდა, ხან – რა. რამდენიმე წლის წინ აფთიაქის წინ ავტომობილიდან გადმოვედი, ფეხი გადამიბრუნდა და ჩავიმუხლე. ძალიან მეტკინა, მაგრამ ისე შევედი აფთიაქში, რომ არაფერი შევიმჩნიე. უცებ, შემოდის უცნობი ქალბატონი, საკმაოდ ხანშიშესული და მეუბნება: თამრიკო, დედიკო, ავტობუსიდან დაგინახე, რომ დაბლა დავარდიო. უცებ ყველას ყურადღება ჩემკენ წამოვიდა. მე ხმადაბლა ვეუბნები: არაფერია, ქალბატონო, ყველაფერი კარგადაა-მეთქი და რას ამბობ, ისე დაეცი, გული გამისკდა და ჩემს გაჩერებაზე კი არა, იმწუთას ჩამოვედი, რომ მენახეო. მე ამ დროს სიმწრით ვითმენ ტკივილს, რომ არავის არაფერი შეემჩნია, მაგრამ ამ ქალბატონის წყალობით, ყველა მე მიყურებდა (იცინის).
– სცენაზე არ აღმოჩენილხართ გაუგებრობაში?
– ფილარმონიაში ძალიან ცუდი სცენა იყო. ერთხელ, ძალიან ნაზი, წვრილ ქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა. მე და ჩემი დები ვდგავართ სცენაზე, პირდაპირი ეთერია. უცებ, ვიგრძენი, რომ ჩემი ფეხსაცმლის ქუსლი სცენაში ჩაიჭედა. სოფიკო და თინიკო დაიძრნენ მიკროფონებისკენ, რომ სიმღერა დავიწყოთ, მაგრამ მე ადგილიდან ვერ ვიძვრი. ძალიან უხერხული პაუზა იყო. ჩემი დები გაოცებულები მიყურებდნენ, დედაჩემი ტელევიზორში გვიყურებდა და მერე გვიყვებოდა, გული გამისკდა, მეგონა, ცუდად გახდიო. მერე ნაზად დავიხარე, ამოვაძრე ქუსლი და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა (იცინის). ერთხელ მე და გია ვმღეროდით. კიბესთან იდგა გია და მე კიბიდან უნდა ჩამოვსულიყავი, რომელზედაც წითელი ხალიჩა იყო დაგებული. დავიწყე ჩამოსვლა და ქუსლი ხალიჩაში ჩამეჭედა. გია მანიშნებს თვალით, ჩამოდიო, მაგრამ ადგილიდან დაძვრა არ შემიძლია. ბოლოს, ისევ ნაზად მოვკიდე ხელი ფეხსაცმელს და ამოვწიე, მაგრამ ცოტა დამაგვიანდა ჩამოსვლა. კულისებში გია მეუბნება, გამაგებინე, რას მეტყლარწებოდი კიბიდანო (იცინის). კიბეზე რომ ვიდექი, თავს აქეთ-იქით ვაქნევდი, რომ მენიშნებინა, ვერ ჩამოვდივარ-მეთქი და ამან ჩათვალა, რომ ვეპრანჭებოდი (იცინის). როცა უხერხულობები მემართება, სახლში მოსულმა თავი ნერვიულობით რომ არ მოვიკლა, ამბავს ვყვები და ჩემს სიტუაციას დავცინი, რაც ძალიან კარგი გზაა უხერხულობით გამოწვეული არასასიამოვნო გრძნობებისგან გასათავისუფლებლად. ამ გზით სტრესსაც ვუმკლავდები. გულში თუ დავიტოვე რამე, მერე შეიძლება, ფიზიკურად გავხდე ცუდად, ამიტომ აუცილებლად უნდა გამოვუშვა გარეთ.
– თქვით, ოჯახში ყველაფერი მაღალ დონეზე მაქვსო. როცა ახალი შექმნილი გქონდათ ოჯახი, შვილები პატარები იყვნენ და კარიერა თქვენგან აქტიურობას მოითხოვდა, მაშინ არ იყო წარუმატებლობები ოჯახურ საქმეებში?
– სხვათა შორის, არა. მე ძალიან მალე მოვირგე დიასახლისისა და დედის როლი და ეს ყოველივე ძალიან კარგად შევუთავსე სცენას. კარიერულად ბევრი რამ დავთმე. მაგალითად, ავსტრიიდან მივიღე შემოთავაზება და სამი თვით უნდა წავსულიყავი, მაგრამ მე ვფიქრობ, შვილს ამდენი ხნით არ უნდა მოსწყდე. ზოგ დედას აქვს შვილთან დროებით დაშორების აუცილებლობა, ეს სხვა ამბავია და რიგ შემთხვევებში აუცილებელიცაა, მაგრამ როცა საქმე სცენას ეხება, ეს სხვაა და მე სცენა დამითმია. ამის გამო სინანული ნამდვილად არ მაქვს. სამაგიეროდ, ჩემს შვილებს გვერდით ჰყავდათ დედა, რომელიც, როგორც ამბობენ ხოლმე, ტანით გრძნობს შვილებს. საბერძნეთში უნდა წავსულიყავით, ეკა კახიანი, მაია ჯაბუა და მე, სულ ოთხი დღით. კოკო ერთ წლამდე იყო მაშინ და ცოტა დაახველა. არ შეიძლება ჩემი წასვლა-მეთქი, ვთქვი და ოჯახი მიმტკიცებდა, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავი. მთელი ღამე გავათენე, რაღაც ძალა არ მაძლევდა წასვლის უფლებას, გამთენიისას ისევ დაახველა კოკომ ცოტა უცნაურად და აღმოჩნდა, რომ ეგრეთ წოდებულ, ცრუ კრუპთან გვქონდა საქმე. მაშინ ვიგრძენი, რამდენად ბედნიერი ვიყავი, ჩემს შვილთან რომ დავრჩი, თუმცა, მეგობრების წინაშე – ძალიან დარცხვენილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილები უკვე დიდები არიან და თვითონ არიან მშობლები, გამორიცხულია, არ ვიგრძნო, როცა მათ რამე უჭირთ. საერთოდ, ჩემი ინტუიციური შეგრძნებების გამო, მიმაჩნია, რომ მე სადაც ვარ, იქ არავის გაუჭირდება. ხშირად ისეთ დროს აღმოვჩნდები ისეთ ადგილას, როცა არავინ მელის, ამით არაერთხელ დავხმარებივარ ადამიანებს. თუ ვინმეს უჭირს, პირველად მე მომმართავენ და ამით ვხვდები, რომ უკვე ისინიც გრძნობენ ჩემს გაუცნობიერებელ ძალას. ამიტომ უკვე აღარ მიკვირს, როცა გასაჭირში მყოფები ჩემთან რეკავენ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მე ვასწრებ და სანამ გასაჭირში აღმოჩნდებიან, თვითონ მივდივარ მათთან. ერთი უცნაურობა მჭირს. ძალიან არ მიყვარს ადამიანისთვის თავის არიდება, მაშინ, როცა უნდა მივესალმო. იმდენად არ მიყვარს, რომ სკოლიდან მოყოლებული მახსოვს, მისალმების ნაცვლად, ვის ავარიდე თვალი. ამის მიზეზი რომ ვკითხე მსგავს საკითხებში გარკვეულ ადამიანებს, მითხრეს, რომ გარდაცვალებამდე ადამიანს ცოტა შავი აურა აქვს და ეტყობა, ამას ირიდებო. იმიტომ, რომ არაერთხელ, როცა მე ადამიანს თვალი ავარიდე, რამდენიმე დღეში მისი გარდაცვალების შესახებ გავიგე. არ ვიცი, ამას რა ჰქვია, მაგრამ ასეა და სხვათა შორის, ერთი ჩემი მეგობარი მეხუმრებოდა, არ გაბედო და თვალი არ ამარიდო, იცოდე, ყოველთვის მომესალმე, თორემ არ ვიცი, რას გიზამო (იცინის). არა, ინტუიცია თითქმის არასდროს მღალატობს და მეც ძალიან ხშირად ვენდობი მას.