ბადრი ესებუა მოწმეს – ქალბატონო ანა, სარკე არ გაქვთ სახლში?!

0
738
27 Views

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი გრძელდება.

ბრალდების მხარის ერთ-ერთმა მოწმე ანა ფიფიამ ბადრი ესებუას ცხოველი უწოდა.

„ჩემს თვალში, მანდ ზის ცხოველი. გასროლის ხმაზე ყველას შეეშინდებოდა მაგის გარდა“, – განაცხადა ფიფიამ.

მოსამართლემ ფიფიას ბრალდებულის შეურაცხყოფის გამო შენიშვნა მისცა.

თავის მხრივ, ბრალდებულმა მოწმეს პასუხი გასცა და მიმართა: „ქალბატონო ანა , სარკე არ გაქვთ სახლში?!“

ფიფიამ ჩვენების მიცემისას თქვა, რომ ბანკზე თავდასხმა ესებუამ განახორციელა.

ადვოკატმა ფიფიას ასევე ჰკითხა, საიდან იცის დაზუსტებით, რომ თავდასხმა ესებუამ განახორციელა, რაზეც მან უპასუხა რომ, სხვა შემთხვევაში, ბრალდებული სასამართლოში არ იქნებოდა. ფიფიას თქმით, მის თვალში ბრალდებული დამნაშავეა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Cesko