რომელი ქართული წარმოების კვერცხები შემოწმდა 3 აკრძალული ანტიობიოტიკის შემცველობაზე?!

0
1649
20 Views

ანტიბიოტიკები და სხვა ანტიმიკრობული პრეპარატები თანამედროვე მედიცინის განუყოფელი ნაწილია. ისინი ორგანიზმში სხვადასხვა ინფექციების, ვირუსებისა და სხვა დაავადებების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. თუმცა, ამ ტიპის მედიკამენტებზე წლების მანძილზე მიმდინარე დაკვირვებებმა ცხადყო, რომ მათი მიღება არც თუ უსაფრთხოა. ანტიმიკრობული პრეპარატების სისტემატური მოხმარების შედეგად, ადამიანის ორგანიზმი მათ ეჩვევა და კრიტიკულ სიტუაციებში, როცა ისინი აუცილებელია დაავადებების სამკურნალოდ და სიცოცხლის გადასარჩენადაც კი, მათ უკვე შედეგი აღარ მოაქვს. ამ მოვლენას ანტიმიკრობულ რეზისტენტულობას უწოდებენ.
კვერცხის უვნებლობის შესამოწმებლად კამპანიის ფარგლებში, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა დედაქალაქის სარეალიზაციო ქსელში შეიძინა სხვადასხვა ფერმების მიერ წარმოებული კვერცხის 8 ნიმუში. ისინი შემოწმდა სურსათში აკრძალული სამი ანტიბიოტიკის შემცველობაზე.
შესამოწმებლად შერჩეულ იქნა ისეთი პროდუქტები, რომლებიც ყველაზე ხელმისაწვდომია მაღაზიებში, დიდი ფერმების მიერ არის წარმოებული, მასობრივად იყიდება საქართველოს სავაჭრო ქსელში და ეტიკეტირებულია.
ნიმუშები შემოწმდა ანტიბიოტიკის  – მეტრონიდაზოლი, ქლორამფენიკოლი (იგივე ლევომიცეტინი) და ნიტროფურაზონის შემცველობაზე. არაფრით არ შეიძლება, რომ სურსათი შეიცავდეს მათ, თუმცა ცენტრის ინფორმაციით, მეცხოველეობაში მაინც გამოიყენება ისინი.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, სულ რეგლამენტირებულია (ანუ გარკვეული ოდენობებით დაშვებულია) ასეულობით ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერება (მათ შორის ანტიბიოტიკის) შემცველობა სურსათში, ხოლო ნივთიერება საერთოდ აკრძალულია.
შემოწმება ჩატარდა ლაბორატორია გლობალტესტში (https://www.globaltest.ge/), რომელსაც გააჩნია სახელმწიფო აკრედიტაცია ცხოველური წარმოშობის სურსათში ანტიბიოტიკების შემოწმებაზე. სურსათის ეროვნული სააგენტო წლების მანძილზე აღნიშნული სახის კვლევებს სწორედ ამ ლაბორატორიაში ახორციელებს. მომსახურების ფასიც შედარებით ხელმისაწვდომია.
საბედნიეროდ, დასახელებული ნივთიერებები კვერცხში არ აღმოჩნდა. თუმცა, ანტიმიკრობული პრეპარატებით (მათ შორის, ანტიბიოტიკებით) სურსათის დაბინძურება პრობლემად რჩება და ამ საკითხს, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, კვლავაც თვალს მივადევნებთ.
ეტიკეტირების დარღვევები აღმოჩნდა ორ ნიმუშზე. ესენია  „ორგანულ გარემოში წარმოებული კვერცხი“, შპს „მწვანე ფერმა“ და „რა კარგია“ კვერცხი, შპს „ეკო კვერცხი“.
საქართველოს კანონმდებლობის თანხმად, სურსათის ეტიკეტზე ტერმინების − „ბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“ − ნებისმიერი კომბინაციით დასატანად, პროდუქტი ბიოწარმოების სპეციალური წესის შესაბამისად უნდა იყოს წარმოებული და ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა მიიღოს. სურსათის ეტიკეტზე კი მითითებული  უნდა იყოს სერტიფიკაციის ორგანოს დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი ან ლოგო.
ზემოაღნიშნული პროდუქტების ეტიკეტებზე არ იყო სერტიფიკაციის ორგანოს რეკვიზიტები მითითებული. ასე რომ, გაურკვეველია რამდენადაა ეს პროდუქცია მართლაც „ორგანული“, ან „ეკოლოგიური“.
სტრატეგიული კვლევების ცენტრმა გააგზავნა წერილები სურსათის უვნებლობის სააგენტოში და მეწარმეებთან.
შემოწმებულა პროდუქტის დასახელება გახლავთ „დილა“, „კოდა“, „კუმისი“, „ორგანულ გარემოში წარმოებული კვერცხი“, „პატარძეული“, „რა კარგია”, „სავანეთი“ და  „ზოგე გონივრულად”.

წყარო: mediacity.ge

Cesko