სანდრო გირგვლიანის მამამ გურამ გირგვლიანმა პოლიტიკოს მურმან დუმბაძის განცხადებას უპასუხა. დუმბაძემ გუშინ “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში” სტუმრობისას განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავთ და ის უბრალოდ, გაიექცა და ტყეში გაიყინა.
„დღეს დუმბაძის ბოდვა რომ ვნახე, ვამბობდი, არაფერს ვუპასუხებ-თქო, რა აზრი აქვს ამათთან ომს? მთავარი აქ ისაა, რომ კაცს მაგალითად მოჰყავს მურუსიძე, რომელმაც სულ სხვა რამ თქვა. სიმართლე თუ აინტერესებს, როგორ გარდაიცვალა სანდრო, შალვა შავგულიძეს და დავით ჯანდიერს ჰკითხოს, სტრასბურგის დასკვნაც გადაიკითხოს, მაგრამ ამაზე საერთოდ არ იღებს ხმას, ვითომც არ ყოფილა. არ უნდათ ნახვა და მოკალი.
რა ველაპარაკო ამათ? ბიჭს 12 ჭრილობა რომ ჰქონდა, ამას კი არ ამბობენ, გადავარდა და გაიყინაო. ბოდიში, მოიხადეთ, რა! ნაძირალა კიდევ კარგი სიტყვაა. საუბედუროდ, მურმანი ერთი არაა, ბევრი მურმანია, ვინც საერთოდ დაკარგეს სახე. ასეთებს ხმა როგორ გავცე და მათ დონემდე როგორ დავიდე? გირგვლიანი მორალურად არ იყო მართალიო – სანდრო სუფრასთან რომ არ მისულა, ესეც არ იცის, ხელი კი გაიშვირა იმ სუფრისკენ, სადაც ის ქალბატონი იჯდა, იქ არავის იცნობდა დონაძის გარდა, ისიც – ტელევიზიიდან. აიღონ და წაიკითხონ სტრასბურგის გადაწყვეტილება და საკმარისი იქნება, აქ ვის უნდა ველაპარაკო და ვის წამოვუწიო საქმე? ზოგადად, ხმას რომ არ ვიღებ და ინტერვიუებს არ ვარიგებ, ამათი მადლობელი კი არ ვარ ბოლომდე, მას მერე ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. ჩემთვის მარტო ის არაფერს ნიშნავს, ვინ დაისაჯა. მე ვთხოულობდი ყველას საკადრისი პასუხი გასცემოდა და სამართალი ბოლომდე აღსრულებულიყო. ეს არაა ბოლომდე მიყვანილი საქმე. სადაა მერაბიშვილის მეუღლე, ვის დასჯასაც ვითხოვდი? – სალაყაია კარგადაა, მშვენივრად და ის დღეს არც აღარავის ახსოვს და არც აინტერესებს.
დღეს სვანები მირეკავდნენ და გამწარებულები მეუბნებოდნენ, ღმერთმა არ ქნას, სადმე შეგვხვდესო (დუმბაძეზე), ხომ იცით, სვანების ამბავი? ვთხოვდი, დაანებეთ თავი-მეთქი. ნაცები ამას სპეციალურად აკეთებენ, რომ ვინმე პროვოკაციაზე წამოაგონ. მე რომ ამათ ავყვე, სულ ორომტრიალში უნდა ვიყო, ყველაფერზე უნდა გამოვეკიდო. არსად და არაფერში ვიღებ მონაწილეობას, ყველას და ყველაფერს შეშვებული ვარ. ერთ რამეში დავრწმუნდი, რაღაც კი გაკეთდა, მაგრამ მე შედეგი არ მაქვს, ისევე, როგორც ბევრ სხვა დაზარალებულს არ აქვს სიმართლე. ყველას თუ აჩუმებდა რეჟიმი, ცხონებული ირინა პირიქით, გააჩუმეს კი არა, ბოლომდე ჩაჰყვა მათ.
17 წელი გადის და როცა დასჭირდებათ და მოუნდებათ, კიდევ იყენებენ სანდროს სახელს, არ მინდა პოლემიკაში მაგათთან შესვლა… მარტო ერთი მურმანი ხომ არაა? მასაც ვიღაცამ უთხრა, გირგვლიანზე ასე თქვიო, იქნებ, მიშას ეშველოს, იქნებ პრეზიდენტმა შეიწყალოსო. მგონია, ეს გამორიცხულია, ზურაბიშვილი მას არ შეიწყალებს. გგონიათ მაგი მოკვდება? ღმერთმა აცოცხლოს, არავის უხარია, ვიღაცები კი არ ვართ, ქართველები და ქრისტიანები ვართ, ოდითგან მტერთანაც კი შემწყნარებლები ვიყავით. მაგის დაავადება ისაა, პატარა სივრცეში სიცოცხლე და სუნთქვა არ შეუძლია, არ ჰყოფნის 2 ოთახი. აქ დიდი ამბები წავა, მისი სიცოცხლე პირველ რიგში, ნაციონალებს, მისიანებს არ აწყობთ, რადგან გასკდება მთელი ამბები”, – განაცხადა “ამბებს” გურამ გირგვლიანმა.
ambebi.ge